sierra leone roadsig 450

(ფრიტაუნი – კენემა)

რუქას თუ დააკვირდებით, სიერა ლეონეს მომრგვალებული ფორმა აქვს. ქვეყნის ლამის სულ დასავლეთით, ანტარქტიკის ოკეანეში ნახევარკუნძულია შეჭრილი, ამ ნახევარკუნძულის დასავლეთი წვერი კი ფრიტაუნია, სიერა ლეონეს დედაქალაქი. აქ იწყება გზა, რომელზეც მინდა მოგითხროთ, მიჰყვება ნახევარკუნძულის ნაპირს, მიძვრება მატერიკთან შემაერთებელ ვიწრო ყელში, თითქმის შუაზე ჰყობს მთელს ქვეყანას და აღმოსავლეთ მეზობელ ლიბერიაში გადადის. ლიბერიის საზღვრამდე კი ბოლო დიდი ქალაქი კენემაა.

თითქმის მთელი სიერა ლეონე მაქვს შემოვლილი და ამ მარშრუტით კი ყველაზე ხშირად მიწევს იქით აქეთ მგზავრობა ჩემი სამსახურის გამო. გამოგვყევით ფრიტაუნიდან კენემამდე მე და ჩემს თანამგზავრს, ქართველების დიდ მეგობარს, აქაურ პოლიტიკოსსა და პრეზიდენტობის კანდიდატ დოქტორ ბაბა კონტეს. საინტერესო გზაა…

დოქტორ ბაბას თავის დროზე საბჭოთა კავშირში უსწავლია, რუსულიც კარგად იცის, დისერტაციაც იქ დაუცავს და ამიტომ თავის თავს დოქტორს უწოდებს, თორემ მედიცინასთან არანაირ კავშირი არა აქვს.

–   დოქტორ, ხვალ მივდივართ კენემაში, დილას გამოგივლი, 6 საათზე მზად დამხვდი, კარგი?

დოქტორმა იცის, რომ ალტერნატივა არ არსებობს, და ამიტომ უხმოდ მეთანხმება.

მთავარია დილას ადრე გასვლა, სანამ ფრიტაუნის ქუჩები გაივსება, თორემ თუ ვერ გაასწარი ქალაქი ისე გადაიჭედება, შეიძლება საღამომდე ვერ გააღწიო. ნერვებიც დაგაწყდება და მოგზაურობაც ჩაიშლება. ფრიტაუნში მანქანით მოძრაობა სრულიად უნიკალური ამბავია და ამის შესახებ ერთხელ ცალკე მოგითხრობთ. ამიტომ დილის 6 საათი ქალაქიდან გაქცევის ბოლო ვადაა.

დოქტორის სახლი ქალაქის გასასვლელშია, იმის იქით აღარ გვემუქრება ”ტრაფიკში”, როგორც აქ ამბობენ, გაჭედვა. ზუსტად ექვსზე დოქტორთან ვარ, ისიც გამზადებული მხვდება თავის დიდი შავი ჩანთით, რომელიც მუდმივად სავსე აქვს ათასი ჯურის უცნაური ქაღალდით. როგორც თითონ ამბობს, პოლიტიკოსს არა აქვს არც ერთი წამით მოდუნების უფლება, იგი სულ ქვეყანაზე ფიქრობს და მუშაობს, ამისათვის კი საჭირო დოკუმენტები სულ ხელთ უნდა ჰქონდეს. მართალია, როგორც შევამჩნიე ზოგიერთი ფურცელი აშკარად განახლებას მოითხოვს და ძველიძველ პერგამენტებს წააგავს, მაგრამ ვინ იცის, ეტყობა ისტორიული მასალაა…

სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, დოქტორმა ბაბამ უკანა ფანჯარაში ჩაიხედა, დაინახა რომ არ დამვიწყებია მისი ტრადიციული საგზალი, ლიბანური პური, სუპერმარკეტში ნაყიდი პაკეტის წითელი ღვინო და მჟავე კიტრი. აშკარად გამოუკეთდა გუნება და ხალისიანად ჩაჯდა მანქანაში. საყვარელ სიერა ლეონურ კერძებს გზადაგზა იყიდის, ყველა გაჩერებაზე პატარ პატარა მიტინგებს გამართავს და წინასწარ კმოყოფილებით იფშვნეტს ხელებს.

დავიძარით. ფრიტაუნისგან განსხვავებით ქალაქგარეთ გზა თითქმის ცარიელია. ნახევარკუნძული, სადაც დედაქალაქია, მთაგორიანია და ძალიან ლამაზია. გზაც მიხვეულ მოხვეულია, ფაქტიურად ოკეანის ნაპირს მიუყვება, სადღაც ოც კილომეტრში მატერიკს უერთდება ვიწრო ყელით. ამ ადგილს ვატერლოო ჰქვია.

ვატერლოო.

პატარა დასახლებაა, მაგრამ გზა, ტრასა, ფაქტიურად გადაკეტილია, სადღაც კილომეტრის  მანძილზე ორივე მხრიდან გზას ჯიხურები მიჰყვება, ჯიხურების წინ ხალხს მიწაზე აქვს გაფენილი გასაყიდი საქონელი, მიდის ცხოველი ვაჭრობა და მისვლა მოსვლა, გზა ფაქტიურად არა ჩანს. გამოუცდელი, ამ გასაჭირში პირველად მოხვედრილი, მძღოლი უბრალოდ გაჩერდება და სასოწარკვეთილებაში ჩავრდება. წარმოიდგინეთ, თბილისში, 90-იანი წლების ტტო-ს ბაზრობაზე რომ შესულიყავით მანქანით! მთელი საიდუმლო კი ის არის, რომ არ უნდა გაჩერდე, ნელ-ნელა იმოძრაო და გამუდმებით აპიპინო, არ უნდა მიაქციო დგას შენს წინ ვინმე თუ არა. უნდა ნელა და ჯიუტად იმოძრაო. აღმოჩნდება რომ მანქანა სრულიად უვნებლად მოზრაობს ცოცხალ ნაკადთან ერთად, 3 კილომეტრით საათში, შესაბამისად ამ ერთ კილომეტრს 20 წუთში დაფარავ. თუ მთლად გაშინაურებული ხარ და ფანჯრებს ჩამოუშვებ, ხალხსაც გაესაუბრები, მოიკითხავ, რამეს იყიდი, ივაჭრებ, კოკა კოლას დალევ, ბოთლს უკან დაუბრუნებ, ფულა გადაიხდი, ხურდას მოგიტანენ…. მოკლედ სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრებ, მთავარია არ ინერვიულო და რეალობას შეეგუო. ერთ კილომეტრს გაივლი და სრულიად თავისუფალ გზაზე გახვალ. ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაქრება, თითქოს ზუსტად ოცი მეტრის უკან ცოცხალ მდინარეში არ ყოფილიყავ. წინ ცარიელი ტრასა და ორივე მხარეს აფრიკული სავანა. მიეცი გაზი!

”პოლის ჩეკ პოინტი”

კარგად რომ გაინავარდებ, ვატერლოოდან დაახლოებით შვიდ წუთში, სიჩქარეს უნდა დაუკლო. გზა აქეთ იქით ოთხ-ოთხი მეტრის დაშორებით ბეტონის ბლოკებით არის ჩახერგილი. მოკლედ თუ გავლა გინდა კარგი სლალომია საჭირო, მაგრამ ჩვენ რა გაგვაკვირვებს. გახსოვთ აჭარაში შესასვლელი როგორ მახვილგონივრად ჰქონდა მოწყობილი ასლან აბაშიძეს? ჰოდა ვისაც ის გინახავთ ფრიტაუნელი პოლიციელები ვერას გაგაკვირვებენ. გინდა არ გინდა უნდა გაჩერდე, პოლიციელიც იქვეა. შენს რეაქციაზე უმალ ატყობს ახალბედა თეთრი ხარ თუ არა და კარგი ფსიქოლოგივით გირჩევს საუბრის კილოს, ინტონაციას და თემას. ეხლა თუ გვერდით პრეზიდენტობის კანდიდატი, დოქტორი ბაბა კონტე გიზის, მაშინ რაღაზეა ლაპარაკი! მაგრამ დოქტორს ოღონდ აუდიტორია ანახე. დაუწყო შორიდან, გამოკითხა ყველაფერი, ოჯახი, საიდან არის, შემოიკრიბნენ სხვა პოლიციელებიც, დოქტორი მანქანიდან გადავიდა, აბა საერთო ნაცნობები, აბა სიერა ლეონეს ბედკრულობა, აბა პოლიციის პრობლემები, აბა ოჯახში რა წაიღონ, აბა მთავრობა რას აკეთებს….

–         დოქტორ, წავედით რა?!

–         მოიცა, ხალხს აინტერესებს, მეკითხებიან…

–         დოქტორ!

–         ესე არ გამოვა, მომეცი ცოტა ფული დავურიგო! ესე ხელცარიელი ხომ არ დავემშვიდობები? უხერხულია, მე ხომ დიდი კაცი ვარ…

ფული დამცინცლა, პოლიციელებს დაურიგა, სულ ვაშას ძახილით და მხედრული სალმით გამოგვაცილეს. ამას ჯობდა ერთი კარგად დავეჯარიმებინეთ.

–         ნახე, როგორ ვუყვარვარ ხალხს! – კმაყოფილია დოქტორა

ისევ ტრასა, ცარიელი და გაკრიალებიული, ესეთი გზა მაშაკამდე იქნება. ავტომოყვარულის ოცნებაა ეს 40 კილომეტრი, უნდა გავიხარო და თან დრო მოვიგო, მერე გზა აღარ ივარგებს. მიცუბიშის მოტორს ვაღმუვლებ და გემრიელად შევდივარ მოსახვევებში, მანქანამაც შვება იგრძნო და მიფრინავს.

დოქტორას უსაფრთხოების ღვედი გაუკეთებია, სახელურს ჩაფრენია და დაძაბული თვალს არ აშორებს გზას. ფერი არ ადევს. ხანდახან სპიდომეტრისკენ აპარებს თვალს.

–         ხო მაგარია, დოქტორ?

–         იცი რას გეტყვი, ეს მანქანა ხომ თქვენი, თეთრი კაცების გაკეთებულია? ხომ წინდახედულები და ჭკვინები ხართ?

–         ????

–         მაშ მითხარი, რატომ არის რომ მეხუთე სათადარიგო ბორბალი მოჰყვება მანქანას?

–         ????

–         ესეიგი თქვენ თითონ არა გაქვთ იმედი და შეიძლება ბორბალი გაფუჭდეს!!! სად მიქრიხარ, ესე როგორ შეიძლება!!??

–         კარგი რა დოქტორ, ნახე რა გზაა, ბობღიალს მაშაკას შემდეგაც მოვესწრებით.

–         გამიჩერე, მე გადავალ! მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გავხდე და ჩემი თავი ჯანდაბას, სიერა ლეონეს ბედს ვერავის გავარისკინებ.

–         დოქტორ, აგერ უკან, შენი საყვარელი წითელი ღვინო, მოწრუპე და ”რელაქს”…

დოქტორამ თვალები დახუჭა, ხელები აღაპრო და ლოცვას მოჰყვა…

–         კარგი დოკ! აგერ უკვე მაშაკაში ვართ, შენმა ლოცვამ გვიშველა, აწი, რომ გვინდოდეს მაინც ვერ გავქანდებით.

მაშაკა

მაშაკა სიერა ლეონეს გზაჟვარედინია, აქაური სამტრედიაა, აქ იყრება გზები. ერთი დიდი წრეა და იმ წრიდან მიდის სხივები სხვადასხვა მიმართულებით. პორტ ლოკოს გავლით, გვინეისა და მისი დედაქალაქი კონაკრისკენ; ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრ მაკენისა და მაგბურაკასკენ; ოქროს საბადოებით განთქმულ კაბალისაკენ; ალმასების რაიონ კონოსაკენ; რკინის საბადო – ”მარამპა მაინს” ქალაქ ლუნშართან; ბუმბუნასკენ – სადაც აგერ უკვე ოცი წელია იტალიელები ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ და ყოველ წელს ქვეყანას გაჩირაღდნებას პირდებიან, მაგრამ არც ერთი ეს მარშრუტი დღეს არ გვინდა, ჩვენ კენემაში მივდივართ, აღმოსავლეთისაკენ, ლიბერიის საზღვრისაკენ.

გზა გაფუჩდა, მაშაკა მართლაც სიმბოლური ადგილია, როცა ფრიტაუნისკენ მიემგზავრები, მაშაკაში მოსული ამოისუნთქავ, ცუდი გზა და ჯაღჯაყი მორჩა და თავი სახლში გგონია. როცა ფრიტაუნიდან მიდიხარ, აქ უნდა ჩაისუნთქო და თავგადასავლებისა და გულ-ღვიძლის ათქვეფისათვის მოემზადო.

მე უკვე ყველა ორმო ვიცი ზეპირად და ტაატით მიყვები ტალღოვან გზას, ბუნებაც შეიცვალა, გზის პირის იქით უკვე ნამდვილი ველური სავანაა, ზედ გზასთან აფრიკული ქოხებია აშენებული, ტალახით მრგვალად ამოლესილი და გამხმარი ბალახით გადახურული აფრიკული ქოხები. ისე მოულოდნელად გადაგირბენენ ტიტლიკანა შავი ბავშვები, რომ ჭინკები გეგონება. დოქტორა ბედნიერია, მოძრაობის ტემპი აშკარად შესაბამისობაში მოვიდა მის შინაგან რიტმთან. ფილოსოფიის ხასიათზე დადგა. ასეთ დროს სსრკ-ში ნასწავლი და ჩაბეჭდილი აზრები ახსენდება ხოლმე და უცბათ ყოველ მიზეზ გარეშე წამოიძახებს.

–         самый главный вопрос, это вопрос о власти!!!

–         В.И. Ленин! – ვპასუხობ მე, დოქტორა ჩემი სწაფი რეაქციით დაბნეულია და შეცბუნებული მიყურებს

მანქანა ნელ ნელა ჯანჯღარით მიიწევს წინ, გზის პირას ზანგის ბავშვები გვეჯღანებიან, მე და დოქტორა კი პოლიტეკონომიას ვარჩევთ.

MILE 91

ესე ჰქვია ამ ადგილს, 91-ე მილი. მართლაც 91 მილია ფრიტაუნიდან და ჩვენი გზის შუაა. არაფერი განსაკუთრებული, გზის გასაყარი, მომცრო წრე, ჯიხურები, მაგრამ აქაურები ისეთი ინტონაციით და იდუმალებით ამბობენ ხოლმე – ”მაილ ნაინთიუან”, რომ შენც უნებურად მოწიწების განცდა და საიდუმლოების შეგრძნება გეუფლება. მანქანაც შესაბამისად მიგყავს. ალბათ ცოტა კიდევ მეტ ხანს უნდა იყო სიერა ლეონეში რომ ამ 91-ე ადგილის იდუმალება გაშიფრო… მაგის დროც მოვა.

აქედან მიდის გზა სამხრეთ სანაპიროსკენ, სადაც სახელგანთქმული რუტაილის საბადოებია. ჩვენ კი კენემისკენ მივდივართ და გზაზე ”მოიამბა ჯანქშონ” უნდა გავიაროთ.

”მოიამბა ჯანქშონ”

მოიამბას გზაჟვარედინი აქაური გორის ბაზრობაა, ტრასაზე გამოფენილია ყველაფერი რისი ყიდვაც შეიძლება. ხილს, ”სოფტ დრინკებს”, ლუდს და სხვადასხვა აფრიკულ კერძებს ვერ დასთვლი. აქ დოქტორას რიტუალი აქვს, რომ არ გააჩერო არ შეიძლება. მტრად მოგეკიდება. უნდა გადავიდეს, ხალხში გაერიოს, აფრიკული კერძები დააგემოვნოს, მოკლედ ”გაიბლატავოს”. სხვა რა გზაა, უნდა მხარი ავუბა.

”ტაიამა ჯანქშონ”

ეს გზაჯვარედინი კი უბრალოდ ცარიელია, რა ხდება და სახელი რატომ ქვია ვერ მივხვდი და დოქტორამაც ვერ მითხრა. აღსანიშნავი კი იმით არის, რომ ისევ კარგი გზა იწყება, გასისინებული ტრასა შუაში თეთრი მარკირებით და გზისპირებზე ყვითელი ხაზებით. გზა პრაქტიკულად ცარიელია, 10 წუთში ერთხელ თუ შეგხვდება მანქანა. აბა ამოისუნთქა ”მიცუბიშიმ” და ნერვიულად ჩაისუნთქა დოქტორამ.

ბო

ეს კენემამდე ბოლო ქალაქია, კენემა და ბო ერთმანეთს ეჯიბრებიან, კენემა სიერა ლეონესთვის იგივეა რაც საქართველოსთვის ქუთაისი, მაგრამ ბოც რომ ქუთაისია? მოკლედ სიერა ლეონეს ორი ქუთაისი აქვს, ბო და კენემა. ჰოდა ამ გზაზე ჯერ ბო გხვდება. ტრასა ქალაქში არ გადის, კიდეზე მიჰყვება, ამიტომ თუ სპეციალურად არ შეუხვიე, სიერა ლეონეს ნომერ პირველ ქუთაისს ვერც ნახავ, ვერც მიხვდები ტრასიდან მარცხნივ თუ ქალაქი არსებობს. ერთხელაც შეუხვევთ და მოგიყვებით ბო-ზე. ეხლა კი კენემისკენ მივქრივართ.

კენემამდე სამოცი კილომეტრი დოქტორამ სულ ლოცვაში გაატარა, თან სულ მემუდარებდა ბატი არ გაიტანოო! ძაღლი, კატა, ქათამი, ადამიანი ჯანდაბას ფულს გადავიხდით და რამეს მოვახერხებთ, ღმერთი არ გაგიწყრეს და ბატი არ გაიტანოო, ბებიჩემისგან ვიცი, ეგ რომ მოხდეს უბედურებას ვერ გადავრჩებითო. მართალი გითხრათ ბატი არ შეგვხვედრია, მაგრამ ისე გულმხურვალედ მეხვეწებოდა, გაოცებისაგან სვლაც კი შევანელე.

–         რამ გადაგრია დოქტორ? ეს ნასწავლი კაცი რა ბატებზე ლაპარაკობ?

–         რა უნდა აგიხსნათ ამ ევროპელებს, (ეს ”ევროპელები” განსაკუთრებით შევირგე), არაფრის არა გწამთ და  თუ ძმა ხარ, უბრალოდ დამიჯერე…

კენემა

აი კენემაც, კი არის ქუთაისი ნომერ ორი, მაგრამ აშკარად მეტია ვიდრე ქუთაისი, სიერა ლეონეს ბიზნეს ცენტრია, ბოლო ქალაქია ლიბერიის საზღვრამდე. აქ იყრიან თავს მეტყევეები, გეოლოგები, მეტრანსპორტეები, მებაჟეები, კონტრაბანდისტები, მაინერები, აფერისტები, ეკოლოგები, ბუნებისდამცველები… მოკლედ რა ვინიგრეტია ვერ წარმოიდგენთ. დოქტორასაც მეტი რა უნდა, ოღონდ კენემის ქუჩებში ატარე და ალაპარაკე…

კენემის მერე იწყება გზა ლიბერიისაკენ, უსიერი ტყეები, საბელადოები თავისი ბელადებით. ამბობენ, რომ ტყეში დღესაც იმალებიან ”რებელები”, სამოქალაქო ომის მერე გადარჩენილები. განა შეამოწმებს ვინმე?

აქ უნდა მოვითავოთ ჩვენი სამსახურის საქმეები, სანახავი ვნახოთ, მოსალაპარაკებელს მოველაპარაკოთ, შესამოწმებელი შევამოწმოთ. დოქტორა ადგილობრივ ბელადებთან მივუშვათ, ტრადიციული მეთოდებით ამბების გასარკვევათ და შესათანხმებლად. ერთი ორი ღამე გავათიოთ. აფრიკული ტამტამები მოვისმინოთ და უკან გავუდგეთ ფრიტაუნის გზას.

–         რა ხალხი ხართ ეს ქართველები! თქვენ რომ არა ამ ჩემს სიერა ლეონეს ხომ ვერც ვნახავდი წესიერად. თქვენთან ერთად შემოვიარე მთელი ქვეყანა, ჩემზე კარგად არც ერთმა პოლიტიკოსმა არ იცის ჩვენი მხარეები. – გულწრფელად გვემადლიერება პრეზიდენტობის კანდიდატი, დოქტორი ბაბა კონდე. გაიხარე, დოქტორ!

* * *

უკან დაბრუნებულმა, ვერ მოვითმინე და ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯს, პოლიციელ მომოს ვკითხე

–         მომო. ბატი რას ნიშნავს სიერა ლეონესთვის?

–         ბატი, სერ?

–         ხო მომო.

–         რა ვიცი სერ, კარგად შემწვარი ბრინჯთან ერთად, გადასარევია. მოდი ვიყიდოთ და მე შევაწვევინებ ჩემიანებს, საუკეთესო ნაჭრებს მოგიტანთ.

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
25 ნოემბერი 2010 წელი
http://afrogeorgian.blogspot.com/2010/11/24.html

დატოვე კომენტარი

კომენტარი