School destroyed by Sierra Leone Civil War

სოფელ სანგბამბაში სამანქანო გზა მთავრდება. სოფლის კიდეზე, დაბრეცილი საფეხბურთო მოედნის კუთხეში, ბამბუკით გადახურული უკედლო „სკოლის“ გვერდით დგას ჩვენი

„მიცუბიში სპორტი“, იქვე ლურჯი კარავია გაშლილი. ზურა მაღალაშვილს და ალეკო ციცქიშვილს კარავში ძინავთ, ავთო კვიციანი „სკოლაში“ ბამბუკის გრძელ მერხზე
წამოწოლილა, მე კი ვცდილობ როგორმე მოვერგო „მიცუბიშის“ მოუხერხებელ სკამებს და დავიძინო…

ზზზზზზზ – კოღო, „მოსკიტო“, და არა ერთი…

უნდა დავიძინო, იმიტომ რომ…

აქ შვიდ საათზე ბნელდება და ზუსტად შვიდ საათზე თენდება…

შემოგვიერთდი!

ხვალ დილას 7 საათზე დაგვადგება ჩვენი გამყოლი მოჰამედა და უნდა შევუყვეთ აფრიკას ფეხით, შიგნით, სადაც აღარ მიდის მანქანა, სადაც მიედინება მდინარე სელა, სადაც
დარბიან ტიტლიკანა ზანგი ბავშვები…

მანქანის ყველა ფანჯარა და კარი ღიაა, ვითომ ნიავისათვის, სკამის კიდე გვერდში მერჭობა და „მოსკიტო“ ჩემს სისხლს წოვს… ეს მეჩვენება, მესიზმრება თუ…

სანგბამბაში საღამოს ათის ნახევარია…

დილის შვიდ საათამდე კიდევ ბევრი დროა, მთელი ცხოვრებაა…

წზზზზ-წწზზზზ – ნანას მიმღერის „მოსკიტო“…

მე ვარ ახალი ქართველი ავანტიურისტი (…ავანტურის ქალმა, მადამ დე პომპადურმა, შეაცდინა მეფე მზე…)

…შევდივართ სოფელში, გაუსაძლისი სიცხეა, აქეთ-იქიდან ბავშვები მორბიან, განსაკუთრებით პატარები აქტიურობენ, ხელებს გვიქნევენ, იცინიან – ოტომონო!!! ოტომონო!!!
– გაჰკივიან (თურმე ვაიტ მენ, თეთრი კაცი). ერთი ზორბა ზანგი გაიქცა და შუა სოფელში ხეზე დაკიდებულ უშველებელ დოლს დასცხო, ისეთი ხმა აქვს, მკვდარს გააცოცხლებს.
მორბიან ყველა მხრიდან, წრეში გვაქცევენ, იცინიან… რა უხარიათ, მგონი სადილი ვგონივართ, თან რამხელა კბილები აქვს ყველას… გაჩუმდა დოლი, წრე გაირღვა და
გრძელ ფერად ხალათში გამოწყობილი ბერიკაცი გამოვიდა, უკან ახალგაზრდა მოსდევს ადიდასის ფორმაში. სიჩუმე. ბერიკაცმა სალამიო, ინგლისურად, ეს ჩემი სპიკერია და ეს
ილაპარაკებსო, ახალგაზრდაზე. მერე რაღაცა ანიშნა და ბანანები მოგვართვეს, მგონი ჯერ არ გვჭამენ… მერე სპიკერმა მოხსნა გუდას პირი და აბა ვინა ხართ, რა გინდათ,
რას აპირებთო, მაგრამ ამას ნახევარი საათი ამბობდა. ეხლა ჩემი ჯერია, ნეტავი სპიკერი მეც მყავდეს, გამალებით ვიხსენებ როგორ დამარიგეს ფრიტაუნში, ჰო საჩუქრები,
სალამ ქალამი, ღმერთის ხსენება, ბელადის მოკითხვა. რაღაც კინოები მახსენდება და პოზებს ვიჭერ, ნეტა რა სანახავი ვარ? რასა ვბოდავ!!! მაგრამ ვატყობ, თავებს
აკანტურებენ, მოსწონთ, ჰოდა კიდე ეს მინდოდა?! სულ გავრეკე და აღარ ვჩერდები…

… შიგ ყურში ჩამწუის და ძლივს ჩაძინებულს მაღვიძებს, რამე უნდა დავიფარო თავზე…

თბილისში არის ერთი ქალი, ინესა. რა ტარაბუა იყო, რა ურთიერთობა? რა მინდოდა? ან იმას რას ვერჩოდი? ინესა მაგარი ქალია, ყოჩაღი, ჯარასავით ტრიალებს, საქმეც
გამოსდის. მაგრამ თუ რამე თავისად მიიჩნია, კაცი იქნება, ტრილიაჟი თუ ქოთნის მცენარე, იმის საქმე გადაწყვეტილია… ჰოდა ერთმა ტრილიაჟმა ფეხები გამოიბა და
დაუკითხავად წავიდა აფრიკაში. გადაირია ინესა. ეხლა თბილისშია, ბობოქრობს, თავი ამერიკული ტრილერის გმირი ჰგონია და რაღაცეებს ხლართავს… ხვალ რომ ჯუნგლებს
შევუყვებით, იქ რომ დაგვხვდეს? წინ მოჰამედა ივლის, უნდა გავაფრთხილო…

… ტამიშის ხიდთან ჭუჭყიან ორმოში ვგდივარ. ლანჩხუთელმა აჩიკომ სახელო ჩამოიგლიჯა და ჭრილობაში მიჩურთავს, რომ სისხლი გააჩეროს. ვერ ვინძრევი. თავზე ჭავჭავაძე
დამდგომია, დიდ ცხვირში უშველებელი ეკალი შერჭობია, იქიდან სისხლი წვეთავს და პირდაპირ თვალებში მიმიზნებს, რომ ვერ ვიცილებ… ყურადღებით მაკვირდება –
„მოკვდი?“ – მეკითხება, ნეტა რა პასუხს ელი? წწწზზზ, პპზზზზზ, ეს ტყვიებია თუ ისევ კოღოები, უხ შენი! მოსკიტო!

მამაჩემი სადმე ევროპაში უნდა ცხოვრობდეს. სორბონაში ან ლაიფციგში კათედრა უნდა ჰქონდეს და სტუდენტებს მოძღვრავდეს. ეხლა მოფენილი იქნებოდა მსოფლიო მისგან
ტვინგახსნილი ხალხით, მაგრამ რა ქნას, რომ ქართველია, თან მეოცესაუკუნელი… ზედ კიდევ ჩემისთანა შვილი! როგორა ხარ მამა? მაგრად დაიღალე ალბათ…

სამოთხე! მისალოცი ბარათი! პალმები, ოკეანე ლივლივებს, უთეთრესი ქვიშა… დიდი აჟიოტაჟია, პლაჟზე გახურებული ფეხბურთია. ლერწამივით ჩამოქნილი, ბუმბულივით
მსუბუქი ზანგები ქარივით დაქრიან, თითქოს დაფრინავენ და ისეთ ფინტებს აკეთებენ, თავბრუ დაგეხვევა, ყაყანი და კივილ-წივილი… მეც გავერიე მარაქაში, მაგრამ სანამ
ღიპს მივატრიალ-მოვატრიალებ, ბურთს ხანდახან მოვკავ ხოლმე თვალს, სიქა გამძვრა, უკან ვდგავარ და დაცვას ვამაგრებ. ბიჭოს! ბურთი ჩემსკენ მოგორავს, შავი ეშმაკი
მოქრის და ის ბურთი უნდა. ვხედავ სიჩქარე აკრიფა, უნდა დამეტაკოს, გამწიოს და ბურთი წამართვას, ეს კი შეგეშალა! ქვიშაში მაგრად ჩავდექი და მხარი დავუხვედრე…
თამაში გაჩერდა, მთელი პლიაჟი ხარხარებს, ზანგი ეშმაკი ერთი ხუთ მეტრზე იკეანის ტალღებში აგდია და ფეხებს ასავსავებს…

ბნელი მიწისქვეშა დერეფნებით რესპუბლიკურ საავადმყოფოს მორგში მივდივართ. უკვე ვიცი, იქ მამუკა ჯორჯიაშვილია. ჩვენს ექიმს, ლევან ლორთქიფანიძეს მივსდევ და
ფეხები უკან მრჩება. საშინელი სუნია, სიბნელეა. მამუკა! ეს რა ქენი, ბიჭო!

ფრიტაუნის კათოლიკურ საავადმყოფოში ცალკე ოთახი გამომიყვეს, ვწევარ, ვერ ვინძრევი, თვალებს რომ ვახელ, მტკივა, სიცხე მაქვს 41 და მიდგას წვეთოვანი. მალარია!
მაგრამ აქ მალარია სურდოსავით აქვთ. დღეს კვირაა, კათოლიკურ საავადმყოფოში დილიდან საეკლესიო ზანგურ სიმღერებს უკრავენ ბოლო ხმაზე! გალობაა და ამშვიდებსო, ერთი
მე მკითხონ! ერთიც გავახილე თვალი და რას ვხედავ, ქათქათა თეთრ ანაფორაში გამოწყობილი კუნაპეტივით შავი მღვდელი მადას თავზე, უშველებელ თვალებს ატრიალებს და
კეთილად მიღიმის. – შენ თვალები დახუჭე მე კი ვილოცებო, მეუბნება. სასწრაფოდ დავხუჭე, ნეტა სადა ვარ? მესმის როგორ ლოცულობს წამღერებით და გამოთქმით, როგორ
განიცდის, მგონი მართლა ვუყვარვარ. ამინ! თვალს ვახელ, აღარ არის. სიცხემ დამიკლო…

ისევ ის საშინელი წუილი…

ტემპერატურა გვიწევს

მოსკიტო შმაგად გვიტევს

ყმაწვილი დაჰკრავს ტამტამს

სიერა ლეონურ რიტმებს

ნეტა ვინ დაწერა? ნამდვილად მაღრაძის იქნება…

რომელი საათია? სამს გადასცდა, ჯერ კიდევ არის ძილის და სიზმრების დრო, შვიდამე…

იწვის თბილისის სატელევიზიო ანძა! ის ანძა მე რომ შევღებე სხვა ალპინისტებთან ერთად. ეხლა ჩვენ „მაშველთა კორპუსი“ ვართ, არიქა ზევით! მეხანძრეები ანძის ძირას
შეკრებილან და რაღაც უხერხულად იშმუშნებიან. „რას აკეთებთ?“ – „რავი ცეცხლი მაღლაა და!“ – იქექავს თავს. მესმის ერთმანეთში ჩურჩულებენ – „მხედიონია“. „ერთი თუ
ძმა ხარ, ეგ თქვენი ჩაფხუტები და ხალათები მოგვეცი“ – სიხარულით იხდიან. ანძის დაკიდებულ კიბეებზე მივძვრებით ზევით… გაჩნდა ტელევიზია, სნნ-ი, არის ერთი
ამბავი, მიდის პირდაპირი რეპორტაჟი… დილას ქუჩაში მივდივარ, უბნის პატარა ბიჭები დგანან, საქმეებს არჩევენ – „ე ბიჭო, ეს ის ბლატნოი პაჟარნიკი არ არის!“

გვინეაში, კონაკრისთან პატარა კუნძულია, სადაც დილას ნავით მიყავთ ტურისტები, ასადილებენ, დაასვენებენ, აბანავებენ და საღამოს უკან მოიყვანენ, მოკლედ ეგზოტიკა!
კვირა დღეს მე და მამუკაც გავყევით ერთ-ერთ ნავს. ჩვენს გარდა ზანგები, კანადელი წყვილი, ოთხი ავსტრალიელი და ამერიკელი დედა-შვილი, ინტენაციონალ! მართლა
სამოთხეა! კრიალა ოკეანე, ფერადი თევზები, გემრიელი კერძები და ხილი… ჩავედით წყალში, გასაცურად, წინ მამუკაა, მე უკან მივყვები და ველაპარაკები: „რა მაგარია
არა? აი ესეთი კუნძული უნდა იყიდოს კაცმა და იყოს…“ უცბად უკნიდან კარგ ავლაბლურ კილოზე მესმის: „ცოტა ძვირი დაგიჯდება, ბიჭო!“ გველნაკბენივით მოვიხედე და
აშკარად თბილისური სიფათი ტივტივებს წყალზე და მიცინის… ვინმე ზურა მიქელაძე, ჩვენნაირი ავანტიურისტი გადაგვეყარა გვინეაში, კონაკრისთან პატარა კუნძულზე. აკი
ცოტანი ვართო?

ვა, რა სკოლაა! ვერ დაიჯერებ, რომ საქართველოშია! ხასხასა საფეხბურთო მინდვრები, საცურაო აუზი, სისუფთავე (აფრიკა არ გეგონოთ) და ბევრი ხალისიანი ბავშვი. მაგრამ
მთავარი ღირსშესანიშნაობა აქ დირექტორია. როგორა ხარ, მიშა! მაგარი კაცია, თან ისე მღერის, ქვასაც ხმას ათქმევინებს. დანარჩენი კი… თვითონაც მთლიანად ისეთია,
როგორ სიმღერასაც ამბობს…

ვაა, ეს წუილი სულ არა ჰგავს მიშას სიმღერას! მოსკიტო! მოდი შევთანხმდეთ, ან იკბინები, ან წუიხარ, ორივე ერთად არა… შენც არ მომიკვდე, ფეხებზე ვკიდივარ…

ეს ზანგები ძალიან გულღია ხალხია, სალამს ვერ დაასწრებ, უცნობიც რომ იყოს, თუ ნაცნობია და მოულოდნელად შეხვდი ხომ მთლად გადაირევა. ერთი ორიგინალური თვისებაცა
აქვთ, თუ მოაწვა, სადაც არ უნდა იყოს, ქუჩაში, ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ თუ უკაცრიელ ადგილას, იქვე მოშარდავს (გინდა ქალი, გინდ კაცი). მიდიხარ ქალაქში და
სულ ხედავ ორ-სამ კაცს (ან ქალს) ლაღად რომ შარდავს და მათ მაგივრად შვება გეუფლება. მივუყვებით ქუჩას მე და ერთი ჩემი უკრაინელი ნაცნობი (უკვე სამი წელია აქ
მუშაობს), ერთი სოლიდურად ჩაცმული ზანგი რაღაც უცნაურად დგას (ზირგით), რომ მივუახლოვდით, თურმე ნუ იტყვი, შარდისგან თავისუფლდება (აბა ხომ არ შეინახავს). ერთიც
ვნახოთ და მოიხედა. მოიხედა და ცას ეწია სიხარულით, თურმე ამ ჩემი უკრაინელის ნაცნობი არ არის! საქმიანად გადაიტანა კუტუ მურჯვნიდან მარცხენა ხელში (ისე, რომ
ჩხრიალა ნაკადი არ შეწყვეტილა) და მარჯვენა კი გულიანი სალმისათვის გამოგვიწოდა…

სულ გადამიყვანა ჭკუიდან წუილმა, აი ზედ ყურთან არი… გამწარებულმა ისეთი ალიყული შემოვირტყი, რომ მე მგონი ამ ყურში აღარასოდეს არაფერი აღარ იწუვლებს….

პამირში, ლენინის პიკზე შვიდი ათას მეტრს კარგა ხანია ავცდით, მაგრამ უკვე გვიანია, ექვსი დაიწყო. მთასვლელობის ყველა წესით და კანონით უნდა მოვბრუნდეთ, თორემ
ბანაკამდე ვეღარ ჩავასწრებთ, ძალიან სარისკოა… მწვერვალამდე კი შორია. მაგრამ მეორეჯერ აქ რაღა ამოგვიყვანს? ძალაც აღარ არის. წინ ბიძინაა. – „რა ვქნათ,
ბიძინა?“ ერთი შემომხედა გაკვირვებით – „ზევით!“ მაგანაც იცის, რომ მეც ცალყბად ვიკითხე…

სნნ-ი გადმოსცემს ჟვანიას პანაშვიდს, აჩვენებენ შევარდნაძეს ფართო პლანით, დგას, იბღვირება, გულის სიღრმეში დარწმუნებულია, რომ მაგის პანაშვიდი არასოდეს
იქნება… მაგისი…

კონაკრისთან კუნძულზე ექსკურსიამ შესანიშნავად ჩაიარა, კაი სასმელ-საჭმელიც მივირთვით. მამუკამ ხომ ზომა არ იცის და რაც კი სასმელი იყო – ლუდი, ვისკი, არაყი,
ღვინო… ყველაფერი აურია, ნავში ვსხდებით, უკან კონაკრისში პირდაპირ სასტუმროსთან მიგვასრიალებს, მაგრამ მანამდე საათზე მეტი უნდა ვიცუროთ. მამუკა ყველას
ეხმარება ჩაჯდომაში – „რა გინდა, ხომ არ დავთვერი!“ – მეუბნება ამაყად. ნავის შუაგულშია ჩვენი ადგილი, სულ ერთი ოცი კაცი ზის. გავცურეთ. ერთი ათი წუთია გასული
და მეუბნება „რაღაც მუცელი მიწრიალებს, ტუალეტში მინდა!“ ერთი კი შევხედე გაკვირვებულმა, ამ ზანგურ გრძელ კაონეში ტუალეტი სად ნახათქო… მამუკას ამ ერთი საათის
თითო წუთის თითო წამი ახსოვს და არასოდეს დაავიწყდება. როგორ დაიწყო წრიალი და ცქმუტვა ერთ ადგილზე, როგორ ცრიდა კბილებიდან ბებერი კანადელი ქალის შეკითხვებზე
უაზრო პასუხებს, როგორ დგებოდა ფეხზე და რაღაც აღმოსავლურ ვარჯიშებს აკეთებდა. მაგრამ დადგა კულმინაცია, უკვე მთელი ნავი მამუკას თვალს არ აშორებს, ყველა მის
ღრმა ჩასუნთქვებს ითვლის, შეშინებული უყურებენ, ჰგონიათ, რომ რაღაც უეცარმა ავადმყოფობა დარია ხელი, სხვადასხვა ენაზე მრავალი ვერსია გახმოვანდა… ქართველი
ვაჟკაცი არ შერცხვება! „უნდა გადავხტე!“ – უეცრად ადგა, სახეაჭარხლებული, ხშირად მსუნთქავი, შარვალი გაიძრო და მე მომაჩეჩა, მერე პერანგი ლამის შემოიგლიჯა და
ისიც მე მიანდერძა. გადმომცა დანა, საბუთები, ტელეფონი… ეს ყველაფერი საოცარი დრამატიზმითაა აღსავსე, ყოველ მის მოძრაობას დანარჩენი ნავი ერთსულოვანი
ინტერნაციონალური ამოოხვრით ხვდება. დარჩა პლავკებში და აძვრა სკამზე, ყველამ ინსტიქტურად უკან დაიწია… და ერთბაშად აყაყანდა, ზანგები ჯაჯღანებენ, ქალები
წივიან, ფრანგულად, ინფლისურად, ჯანდაბურად… მიცურავს ზანგური კანოე, საოცარი ხმაურია, ნავის შუა მოცარიელებულა და მარტო დგას შიშველი ქართველი ვაჟკაცი,
რომელიც მზადაა სირცხვილი ატნლანტიკის ოკეანეში გადაიყოლოს…

გიორგი, ბიჭო, ბებიაშენს ნუ აწვალებ და ცოტა გონს მოდი! ბაბამ მითხრა შვიდ წუთში რომ ამზადებდა გაკვეთილებს, ეხლა რეკორდი დაამყარა და ოთხწუთნახევარში
სწავლობსო. მე მგონი მაგრად გიქრის…

აქაურები ხანდახან მაიმუნები მგონია, პირდაპირი გაგებით (ღმერთო მაპატიე). დილაობით უგრძელეს ქვიშის პლაჟზე გავდივარ ხოლმე სავარჯიშოდ. იქ შევნიშნე, სადღაც
შორიახლოს აუცილებლად დამიდგება ვინმე და ერთი ერთზე იმეორებს ჩემს მოძრაობებს. თავიდან გავბრაზდი, ვის ამაიმუნებენ ეს შიმპანზეები! მერე მივხვდი, უბრალოდ ეგეთი
მოთხოვნილება აქვთ… შუადღე ოდნავ გადავიდა, პაპანაქებაა (საკვირველია). პლაჟისპირა საფარიდან გამოვძვერი და ზლაზვნით წავედი წყალში. ცოტა შევედი, მუხლამდე, და
დავდექი, გასაცურად ვემზდები… გავიზმორე, უცნაურად შავმა ჩრდილმა მოძრაობა გაიმეორა. მაგრამ მზე რომ სხვა მხარესაა? თურმე ორ მეტრში მომდგომია ერთი ზანგი და
მბაძავს. ზღვის სათვალე გავისწორე, იმანაც ვითომ გაისწორა. თავზე ხელი გადავისვი – იმანაც. დავიწყე ათასი უაზრო მოძრაობის კეთება, ვითომ ვერთობი (ვინ ერთობა
ნეტა, მე თუ ის), არ იღლება. ბოლოს მომბეზრდა, ნაბიჯ-ნაბიჯ წავედი სიღრმეშ, აღარ ვაქცევ ყურადღებას. ჩავყვინთე და ფსკერს გავუყევი, ერთი ხუთი მოსმა რომ
გავაკეთე, მოვიხედე – რას ვხედავ! ფსკერთან, სადაც წესით თევზის მეტი არაფერი უნდა იყოს, თვალებგადმოკარკლული ზანგი ფართხალებს, პირიდან ბუშტები ამოსდის…
თურმე ბეჯითად ბოლომდე მომყვა, ცურვა კი არა სცოდნია… კიდევ კარგი მივხვდი! არიქა, დავავლე ხელი და მივათრევ ნაპირისაკენ, კინაღამ მეც დამახრჩო… ძლივს
მოაბრუნეს.

მოსკიტოებოოოო!!!! მგონი დამათენდა, რომელი საათია, ხომ შვიდზე თენდება?

კარავში ვიღაც ამოძრავდა.

სადაცაა მოვა ჩვენი გამყოლი მოჰამედა, ავშლით კარვებს, დავკეტავთ მანქანას, სოფლელებიდან დავნიშნავთ მთავარ ყარაულს, როგორც აქაური წესია და ფეხით გავუყვებით
მდინარე სელას…

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
http://afrogeorgian.blogspot.com/2010_09_01_archive.html

დატოვე კომენტარი

კომენტარი