westsideboys

(სიერა ლეონეს უახლესი ისტორიიდან)

სიერა ლეონე მეოცე საუკუნის სამოციან წლებში განთავისუფლდა. ინგლისი წავიდა. დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება, მაგრამ პირველ ხანებში მაინც ძალიან მჭიდრო იყო მეტროპოლიასთან კავშირი. მითუმეტეს, რომ ინგლისი ”უსისხლოდ” წავიდა. იმ დროს დღესაც კარგად იხსენებენ – ”გუდ, ოლდ კოლონიალ ტაიმს!”, ასე თუ ამოიოხრებენ ხოლმე ასაკოვანი  სიერა ლეონელები.

ძალიან კარგი ქვეყანა ყოფილა სიერა ლეონე. ინგლისური ორგანიზების და წესრიგის ინერციამ კარგა ხანს გასტანა. მშვენიერი განათლების სისტემა და განთქმული კოლეჯები. დასავლეთ აფრიკის ათენი – ასე ეძახდნენ თურმე ფრიტაუნს მაგრამ ინერციამ მხოლოდ 90-იან წლებამდე იარსება. შინაგანმა კონფლიქტებმა და დეზორგანიზაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და 1990 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი. 3000 ”რებელი” (აჯანყებული), ფოდეი სანკოს მეთაურობით შემოვიდა ლიბერიიდან და დაიწყო უსასტიკესი, სისხლიანი სამოქალაქო ომი.

შედეგად – ათეულ ათასობით დახოცილი, უამრავი დასახიჩრებული და დაინვალიდებული ადამიანი, ორი მილიონი ლტოლვილი და სრულიად გაპარტახებული ინფრასტრუქტურა. უაზროდ განადგურებული და გადამწვარი შენობები, მიწასთან გასწორებული სოფლები. მარტო სკოლის შენობები რომ დავთვალოთ, მთელ სიერა ლეონეში 1200-ზე მეტია საძირკვლამდე დანგრეული. ასე გაქრა ლეგენდა აფრიკულ ათენზე.

სიტუაცია ლოკალურ კონფლიქტს გასცდა, ორი მილიონი ლტოლვილი დანარჩენ აფრიკაში და მთელს მსოფლიოში გაიფანტა. კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერია გაერო და საერთაშორისო ძალები. კონტინგენტის უმრავლესობა ნიგერიული ჯარის ნაწილები იყო. სიტუაცია თითქოს მართვადი გახდა, მაგრამ ვერაფრით ვერ დაესვა წერტილი, სანამ…

2000 წლის აგვისტოში გადადაგა საერთაშორისო ძალების ხელმძღვანელი, ინგლისელი გენერალ მაიორი ჯეტლი. ინფორმაციამ გაჟონა. ჯეტლის უშუალო ხელქვეითები ნიგერიელები იყვნენ, ნიგერიული ძალების სარდალი, ბრიგადის გენერალი მოჰამედ გარბა, გაეროს წარმომადგენელი გენერალი ოლუიემი ადენჯი და საერთაშორისო ძალების კოორდინატორი, ასევე ნიგერიელი გენერალ მაიორი გაბრიელ კრამბერი.

საერთაშორისო ძალები ჩარეულები აღმოჩნდნენ სახვადასხვა საეჭვო მახინაციებში, ინტრიგებში, ალმასის ბიზნესის განაწილებაში. მოკლედ სამოქალაქო ომი ხელის მოთბობის საშუალება აღმოჩნდა. გენერალ ჯეტლის ყელში ამოუვიდა ეს სიტუაცია, თავის ნიგერიელ ხელქვეითებს ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა, რაპორტი დაწერა და გადადგა. შედეგმაც არ დაახანა, ისედაც სუსტი კოორდინაცია ფაქტიურად მოიშალა.

სიერა ლეონეს ტრაგედიაში მონაწილე ყველა მხარე ხელებს იფშვნეტდა, მოიშორეს ინგლისელი გენერალი და უკონტროლო ფარფაში დაუსრულებლად შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. მთავარია სწორედ გაენაწილებინათ სარგებელი -”არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი!”.

2000 წლის 26 აგვისტოს ბიზნეს პარტნიორებმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს.

ფრიატაუნიდან დასავლეთით, დედაქალაქის დანარჩენ ქვეყანასთან შემაერთებელ არტერიას ”რებელების” ერთი ჯგუფი აკონტროლებდა, სახელად ”ვესტ საიდ ბოის”. უცნაურად თავისუფლად თარეშობდნენ, იარაღით და ტყვია წამლით მომარაგებაც არ ელეოდათ. მათი ”ბელადი” – ფოდეი კალაი უაღრესი თავხედობით გამოირჩეოდა. მოკლედ შიშის ზარს სცემდნენ გარშემო.

26 აგვისტოს სამი მძიმედ შეირაღებული ლენდროვერისაგან შემდგარი პატრული რიგით შემოვლაზე იყო გასული, 11 ინგლისელი და ერთი სიერა ლეონელი ოფიცერი მაიორ ალან მარშალის ხელმძღვანელობით. მაშაკაში განლაგებული იორდანელების ბატალიონის მონახულების შემდეგ, პატრული უკან ბრუნდებოდა. როგორც ეტყობა საიდუმლო მარშრუტი ფოდეი კალაის შეატყობინეს და ინგლისელები ხაფანგში აღმოჩნდნენ.

”ვესტ საიდ ბოის” ბანაკი მდინარე როკელის აქეთ იქით ნაპირძე ჰქონდა გამართული. ერთ მხარეს მაგბენი და ფოროდუგო ეკავათ, ხოლო მეორე მხარეს გერი ბანა. სწორედ ამ გერი ბანაში წაიყვანეს ტყვეები.

დაიწყო მოლაპარაკებები. ხუთი ტყვე მოლაპარაკებების დაწყებისას გაცვალეს პროდუკტებში, მედიკამენტებში და სატელიტურ ტელეფონში, რომლითაც პირდაპირი კავშირი დამყარდა ფოდეი კალაისთან.

გათავხედებული და წარმატებით თავბრუდახვეული კალაი მოთხოვნას , მოთხოვნაზე აყენებდა – დაუყონებლივ განთავისუფლედნენ დატყვევებული აჯანყებულები, გავიდნენ საერთაშორისო არააფრიკული ძალები…. და ბოლოს გადადგეს მთავრობა და ხელისუფლება გადაებაროს დროებით სამხედრო საბჭოს. მოკლედ შეუბერა! თანაც ტყვეების დახოცვით იმუქრებოდა.

ეს იყო ბოლო წვეთი. დაიწყო ოპერაცია ”ბარრასი”. ინგლისის მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, ტონი ბლერმა, გასცა ბრძანება ინგლისურ სამხედროებს დამოუკიდებლად ემოქმედათ:

  1. გაენთავისუფლებინათ ტყვეები
  2. დაეჭირათ ან მოეკლათ ფოდეი კალაი
  3. გაენადგურებინათ ”ვესტ საიდ ბოის”
  4. დაებრუნებინათ ან გაენადგურებინათ სამი სამხედრო ლენდროვერი.

ბოლო პუნქტს დააკვირდით, ეტყობა ძალიან გამწარდა პრემიერ მინისტრი.

შეურაცხოფილი დიდი ბრიტანეთი მთელი თავისი სამხედრო ტექნიკური არსენალით ჩაერთო ოპერაციაში. საიდუმლოდ, მათ შორის საერთაშორისო ძალებისგანაც, დაიწყო მოქმედება. სატელიტურ ტელეფონზე ყბედობით გართული ფოდეის ადგილსამყოფელი დადგინდა სანტიმეტრის სიზუსტით, სპეციალური რაზმი მიუახლოვდა ”რებელების ” ბანაკს და სატელიტური მიმართული მიკროფონებით უსმენდა ყველაფერს რაც კი ბანაკში ხდებოდა, ჩურჩულსაც კი. მგონი რადიო რეპორტაჟი პირდაპირ დაუნიგ-სტრიტზე ისმინებოდა. ამ ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა ოპერაცია, შეირჩა ანალოგიური ლანდშაფტი ინგლისში და ჩატარდა სახელდახელო ვარჯიში.

2000 წლის 10 სექტემბერს, დილის 6 საათსა და 16 წუთზე დაიწყო ოპერაცია ”ბარასი”.

სამი HC2 ჩინუკის ვერტფრენი, უნდა ნახოთ რამხელებია ორ ორი ”ვინტით”, დაზღვევაზე ორი Lynx MK7 მოიერიშე ვერტფრენის თანხლებით დაიძრა ფრიტაუნიდან. ჩინუკებით პირველი 70 მედესანტე გადაიყვანეს, მეორე ტალღამ კიდევ ერთი ამდენი დაუმატა.

ერთდროულად სამი მხრიდან დასცხეს ”რებელებს”. აფრენიდან 20 წუთში ტყვეები სამშვიდობოს იყვნენ გაყვანილები, მაგრამ ოპერაცია ამით არ დამთავრდა, პრემიერ მინისტრის დარჩენილი სამი დავალებაც შესასრულებელი იყო.

რამდენიმე საათს გრძელდებოდა სასტიკი ბრძოლა. ”რებელები” მიუხედავად სრული უგუნურობისა, საოცარი სიმამაცით გამოირჩეოდნენ. ინგლისელების რაპორტში სწერია, რომ არანაირი შიში სიკვდილისა არც ერთს არა ჰქონია, იბრძოდნენ უთავბოლოდ, მაგრამ გაშმაგებით და ბოლომდე. ბევრი ნარკოტიკით იყო გაბრუებული, და თითქმის ყველას სჯეროდა რომ ჯადოსნური ამულეტები დაიფარავენ.

იმ დღეს დასრულდა ”ვესტ საიდ ბოის” არსებობა. ბელადი ფოდეი კალაი რამდენიმე ათეულ კაცთან ერთად ტყვედ ჩავარდა, დანარჩენები დახოცეს ან გაიქცნენ და ჯუნგლებს შეაფარეს თავი.

სამი სამხედრო ლენდროვერი ინგლისელებმა დაიბრუნეს.

სრულიად გაწმინდეს ფრიტაუნის დასავლეთი და საერთაშორისო ძალებს გადასცეს საკონტროლოდ.

ოპერაციის დროს დაიყუპა ერთი ინგლისელი, გამოცხადებული სახელი – ბრედ ტინიონი. დაიჭრა თორმეტი კაცი, ერთი მძიმედ და დანარჩენები მსუბუქად. ინგლისმა გამარჯვება გამოაცხადა. სახტად დარჩენილ და გაოგნებულ საერთაშორისო მშვიდობისმყოფელ ძალებს ისღა დარჩენოდათ ტაში დაეკრათ და გაეროსთვის ეპატაკათ, აი როგორ წარმატებით ვიბრძვითო.

ეს იყო სამოქალაქო ომის გარდატეხის მომენტი. ამ ეტაპამდე ინგლისი ცდილობდა მაქსიმალურად არ ჩარეულიყი ცოცხალი ძალით. მაგრამ ეტყობა ყველაფერს აქვს საზღვარი. კიდევ რამდენიმე სამაგალითო ოპერაცია ჩაატარა ინგლისის საზღვაო ფეხოსნების ბრიგადამ, საერთაშორისო  ძალებს და გაეროს რეაგირების დრო არ მისცა და სალაპარაკო არ დაუტოვა. როგორც შედეგი 2002 წელს პრეზიდენტმა კაბამ გამოაცხადა, რომ სამოქალაქო ომი დასრულდა.

უკვე მერვე წელია სამოქალაქო ომი დამთავრდა. გაეროს საერთაშორისო ძალებმა დატოვეს სიერა ლეონე. ჩატარდა მშვიდობიანი არჩევნები. ქუჩები სავსეა ხეიბრებით, ქვეყანა უკიდურე სიღარიბეშია. ხალხს სძულს ომთან დაკავშირებული ყველაფერი, ”რებელი” საგინებელი სიტყვაა, ნიგერიელები აფერისტობასთან და მაქინაციებთან ასოცირდებიან. ევროპელები აფინანსებენ პროექტებს და ცდილობენ 1200 სკოლის აღდგენას. ”ჩვენ უნდა აღვადგინოთ დასავლეთ აფრიკის ათენი!” აცხადებს პრეზიდენტი.

ინგლისმა გადაწყვიტა, აღარ გაიმეოროს შეცდომა. ფრიტაუნის ყველაზე მაღალ მთაზე გაშენებულია სამხედრო ქალაქი. წარმოიდგინეთ თბილისს მთაწმინდის პარკის ნაცვლად სამხედროები რომ გადმოყურებდნენ. ეს ადგილი ზევიდან დასცქერის მთელ ქალაქს და აკონტროლებს ფრიტაუნში შემოსასვლელ გზას. იქ არის განლაგებული ინგლისური სამხედრო პოლიცია, ოფიციალურად IMMATT –საწვრთნელ საკონსულტაციო ნაწილი ჰქვია. გალავნის იქით კოხტა სახლებია. იღება ხოლმე ალაყაფი და გამოდის თეთრი ლენდროვერი, წარწერით – IMMATT. ხან ტრასაზე შეგხვდებიან, ხან სუპერმარკეტთან, ხან სანაპიროზე. უბრალოდ დადიან.

სიერა ლეონელები ხალხს სხვადახვანაირად აღიქვამენ. არიან სიერა ლეონეს ტომები, მენდე, ტემნე, მადინგო. არიან ქალაქელები – კრიო. არიან განელები, ლიბერიელები. არიან  ნიგერიელები, რომლებსაც ერიდებიან და არ ენდობიან. არიან ლიბანელები, რომლებსაც თავისიანებად თვლიან და რატომღაც, ალბათ ამიტომ, თეთრებს არ ეძახიან. მათთან როგორც გაშინაურებულებთან უკვე ოჯახურ ახლობლური პაექრობა მიდის. არიან თეთრები, რომლებსაც პატივს სცემენ და თან როგორც მონადირეები, გასაწეწ ობიექტებად აღიქვამენ… და არიან ინგლისელები.

* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ცოცხალი მატიანეა, რა არა აქვს გადატანილი.

–         მომო, რას აკეთებდი 2000 წლის 10 სექტემბერს?

–         სერ?

შეკითხვაზე კითხვით მიპასუხა და რაღაცნაირი ეჭვით შემომხედა

–         მომო?!

–         მომო უწესო კაცების მხარეს არასოდეს ყოფილა, სერ!

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
2010 წლის 18 ნოემბერი
http://afrogeorgian.blogspot.com/2010/11/23.html

დატოვე კომენტარი

კომენტარი