g05

2006 წელს სკანდალი მოხდა ამერიკაში. სერიალების მოყვარულები აფორიაქდნენ, სერიალს ეკრანი ევიწროვა და რეალობაში გადმოვიდა. პოპულარული, რამდენიმე სეზონი წარმატებით მიმდინარე და ბევრი ნომინაციის მომგები ”გრეის ანატომია”-ს მსახიობებმა, ისაია ვაშინგტონმა, ტ.რ. ნაიტმა და პატრიკ დემპსიმ ერთმანეთს დასცხეს. ვაშინგტონმა დანარჩენ ორს სულ ”პედერასტები” უძახა. შემდეგ ტ.რ. ნაიტი (ნეტა ეს ტ.რ. რა არის, ნუთუ სპეციალურად დაირქვა?) საჯაროდ გამოვიდა და – ყველა შეკითხვა რომ მოვსპოთო, დიახაც გეი ვარო – განაცხადა ამაყად.

ისაია ვაშინგტონმა ვერ გაუძლო, ბოლომდე ვერ დადგა თავის სიტყვაზე და მიუხედავად იმისა რომ თურმე ჭეშმარიტებას ღაღადებდა, თვალცრემლიანმა სულ ბოდიშები იხადა ”ეს რა დამემართა, რატომ ენა არ მომტყდა ამას რომ ვამბობდი, მაპატიეთ, მეტს აღარ ვიზამო…”

არაფერმა არ უშველა, დააპანღურეს, ჩვენი გზები გაიყოო და ”გრეის ანატომია” მის გარეშე გაგრძელდა…

ეტყობა მძიმედ იმოქმედა ამ ამბავმა ვაშინგტონზე. დაფიქრდა ნეტავ მე თვითონ ვინა ვარ, საიდან მოვდივარო და დნმ-ის ტესტი გაიკეთა. აღმოჩნდა რომ მისი წინაპრები სიერა ლეონედან არიან, მენდეს ტომიდან. ადგა ვაშინგტონი და სიერა ლეონეში ტურნე მოაწყო, გადაირიენ სიერა ლეონელები სიხარულით, სულ ყიჟინით და ტაშ-ფანდურით დახვდნენ ძვირფას სტუმარს. პატივსაცემად პირდაპირ ბუნსის კუნძულის მოსანახულებლად გააქანეს, შენი წინაპრები ბოლოს ნამდვილად აქ იქნებოდნენო…

ბუნსის კუნძული ცნობილი ადგილია სიერა ლეონეში, 1948 წელს ქვეყანაში პირველს მას მიენიჭა ისტორიული ადგილის სახელი.

ეს კუნძული 1670 წლიდან არის ცნობილი. აქ გამაგრდნენ მონებით მოვაჭრეები, ჯერ ბანაკი დასცეს, შემდეგ კი მთელი ფორტი ააგეს. აქ კრიბავდნენ მთელი ქვეყნიდან მოგროვებულ. მოტაცებულ, ნაყიდ ადამიანებს, მამაკაცებს, ქალებს და ბავშვებს. კარგად ახარისხებდნენ, აფასებდნენ და როგორც სუპერმარკეტში ისე ვაჭრობდნენ. 140 წელი წარმატებით იმუშავა ამ ”მაღაზიამ”.

ძალიან მაგარი ბიზნესი გაჩაღდა, ფუტკარივით იზიდავდა ეს ადგილი ყველა ჯურის ავანტურისტს და გამდიდრების მსურველს. საერთაშორისო ბიზნეს ცენტრი შეიქმნა. პორტუგალიელები, ესპანელები, ინგლისელები, ფრანგები, ამერიკელები, ყველა ცდილობდა ხელის მოთბობას. სერიოზული ბრძოლები და არაერთი თავდასხმა გადაუტანია ამ კუნძულს. სამხედრო ფლოტი, ნახევრადოფიციალური მეკობრეები, კანონგარეშე გამოცხადებული ფლიბუსტიერები, ვინ აღარ უტევდა და ლამობდა კუნძულის საგანძურისა და ცოცხალი შავი სიმდიდრის ხელში ჩაგდებას.

მე-18 საუკუნის ყველაზე ცნობილი მეკობრე, ”შავ ბარტად” წოდებული ბარტოლომეი რობერტსი ორჯერ დაესხა თავს კუნძულს 1719 და 1720 წელს. მას მერე ვინ მოსთლვის თავდამსხმელებს და სტუმრებს. 1992 წელს ამერიკის გაერთიანებული შტაბების მოქმედი უფროსი, კოლინ  პაუელი ყოფილა. ფრიად შეძრულს დაუტოვებია ეს ადგილები.

იქაურობა ძველი ჟანგიანი იარაღით, ადამიანის ძვლებით და მოუსვენარი სულებით არის სავსე…

აი, ასეთ ადგილას წაიყვანეს სტუმრად ჩამოსული ისაია ვაშინგტონი. ისიც შესთავაზეს ძვლების დნმ ანალიზი ხომ არ გავაკეთოთ, იქნებ ნათესავები იპოვნოთ, გადასვენება ხომ არ გინდათო.

რუსები რომ იტყვიან ”რაზვოდკა”-ო. იციან აქაურება როგორ გააგიჟონ სტუმარი. არტისტმა ვაშინგტონმაც გაიკრა ჯიბეზე ხელი. ამ ისტორიულ ძეგლს უნდა ვუპატრონოთო. ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტში მშვენიერი პროექტი გაკეთდა, მოვლა-პატრონობა, ანიმაციური აღდგენა, 3D რეკონსტრუქცია. ცოტა ხანში შეიძლება ფილმების გადაღებაც დაიწყონ.

მაგრამ ამით არ შემოიფარგლება სიერა ლეონეს და კინემატოგრაფის კავშირი.

სიერა ლეონეს ყველაზე პოპულარული კუპიურა 5 000 ლეონია. ეს დაახლოებით დოლარი და 30 ცენტია. მაზე გამოხატული წელსზემოთ შიშველი ვაჟკაცი და აწერია – სენგბე პიე (1814 – 1879).

სეგბე პიე ფერმერი ყოფილა სიერა ლეონეში. ცოლი და სამი შვილი ჰყავდა და ბედნიერი კაცი იყო. 1839 წელს შეიპყრეს, ბუნსის კუნძულზე უკრეს თავი და მონად გაყიდეს. იქიდან პორტუგალიურ გემ  ”ტეკორა”-ზე მოხვდა ასათ სხვა მონასთან ერთად, სადაც ისინი  ესპანელმა მონებით მოვაჭრეებმა ჰოსე რუისმა და პედრო მონტესმა იყიდეს. ესპანელებმა მონები სხვა გემზე ”ამსტად”-ზე გადაიყვანეს დ კუნძულ კუბისკენ აიღეს გეზი.

ყოჩაღი ბიჭი აღმოჩნდა სენგბე. რაღაც მანქანებით ბორკილებისგან დაიხნა თავი, სხვა ამხანაგებიც გაანთავისუფლა. მონები აჯანყდნენ, გემი ხელში ჩაიგდეს. კაპიტანი და რამდენიმე მეზღვაური სიცოცხლეს გამოასალმეს. ესპანელი ვაჭრები, რუისი და მონტესი, დაატუსაღეს და გემის სიერა ლეონეში დაბრUნება მოსთხოვეს.

ესპანელებმა იეშმაკეს, სიერა ლეონელი სპარტაკი მოატყუეს და გემი ამერიკის ნაპირებისაკენ წაიყვანეს, იმ იმედით, რომ სხვა ესპანურ გემს გადაეყრებოდნენ და იქნებ თავი დაეხსნათ გაავებული მონებისაგან.

ორი თვე იბორიალა და იდრეიფა ”ამსტადმა” ამერიკის წყლებში. ბოლოს გაწამებულები და გასავათებულები, ”ლონგ აილენდთან” ამერიკულ სამხედრო ხომალდს გადაეყარნენ. ამერიკელებმა ესპანელებს მოუსმინეს და მონები, როგორც აჯანყებულები და მკვლელები კონეკტიკუტის ციხეში გაამწესეს.

ამის მერე კი ნამდვილი ამერიკული ისტორია დაიწყო. ესპანელები ცრუობდნენ, რომ მონები კუბაზე უკვე იყვნენ  და ამდენად იქაური საკუთრებაა. ”სიერა ლეონელმა სპარტაკმა: ენის უცოდინრობის გამო ვერავის ვერაფერი გააგებინა. ამერიკელები რის ამერიკელები არიან, ვერ მოისვენეს. მენდეს ენის მცოდნე იპოვნეს თარჯიმნად და ეხლა მეორე მხარის სიმართლის შესწავლას შეუდგნენ.

1840 წელს საქმის განხილვა ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ დაიწყო. იმ დროს ამერიკის პრეზიდენტმა მარტინ ვან ბურენმა ეპანელების მხარე დაიჭირა, აქაოდა ესპანეთთან ურთიერთობებს გავუფრთხილდეთო, მაგრამ მის საუბედუროდ სასამართლო ამერიკული იყო და არა ქართული ან რუსული. მოსამართლეც ალბათ ჟღალთმიანი ირლანდიელი გახლდათ.

მონებს ადვოკატად იმ დროს უკვე ყოფილი პრეზიდენტი კუინსი ადამსი დაუდგა. მეორე იურისტთან, როჯერ შერმან ბოლდვინთან ერთად მაგრად დასცხო ესპანელებს და საარაკო საქმე მოიგო.

სასამართლომ სიერა ლეონელები გაანთავისუფლა, სამშობლოში დაბრუნება დაუდგინა და დაეხმარა კიდეც. 1842 წელს სენგბე პიე ამხანაგებთან ერთად სიერა ლეონეში დაბრუნდა.

ამერიკელებმაც იხეირეს, 1997 წელა ნამდვილ ამბავზე დაყრდნობით სტივენ სპილბერგმა ფილმი გადაიღო, ენტონი ჰოპკინსმა ამერიკის პრეზიდენტი ითამაშა და კინოაკადემიის ნომინაციაშიც მოხვდა.

სენგბე პიე კი, როგორც ამბობენ ცნობილი კაცი გახდა, სიერა ლეონეს და თავისუფლების სიმბოლო. ქრისტიანად მოინათლა, ინგლისურიც ისწავლა, ფერმერობას აღარ მიუბრუნდა და სარფიან კომერციას მიჰყო ხელი. ფრიადი მენეჯერული ნიჭი გამოიჩინა… მონებით ვაჭრობა სულ ახალ სიმაღლეებზე აიყვანა, ძლიერ გამდიდრდა და 1879 წელს მშვიდად მიიცვალა.

ეხლა ამბობენ, არ დაიჯეროთ, უგონებენ, არ არის მართალიო. მაგრამ ნეტა რაღა ეს უბედურება მოუგონეს…. არა ნამდვილად იცოდა ფულის ყადრი, ტყუილა ხომ არ არის სიერა ლეონეს ყველაზე პოპულარულ კუპიურაზე, ხუთიათასიანზე გამოჭიმული.

ისე დნმ-ის ანალიზი რომ შეიძლებოდეს იქნებ სულაც ისაია ვაშინგტონის წინაპარია…

მოკლედ რა გითხრათ, სულ დავიბენი და თქვენც დაგაბნიეთ, ამდენ აფრიკულ ამერიკულ ხლართებში.

მართლაც რომ ”…სად წაიყვან სადაურსაო…”. ამ ამბავს ხომ შორეული აფრიკიდან გიგზავნით და ქართულ გაზეთში წაკითხავთ. ერთი მენდეს თარჯიმანი უნდა ვიშოვნო და ვათარგმნინო. სენგბე პიეს თანამემამულეებს წავაკითხო. ნეტა თუ მოეწონებათ.

მართლა, სულ დამავიწყდა, რა ჰქვია იმ ძველ ციხეს, დასავლეთ საქართველოში, მოტაცებული ქართველების სასაწყობე მეურნეობა რომ იყო სტამბულის ბაზრის გზაზე? იქნებ ვინმემ გაიხსენოთ…

* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო რთულ კითხვებს კაკალივით ამტვრევს..

–         მომო. ნეტა რას ფიქრობ, რას ვაკეთებთ ეს ქართველები სიერა ლეონეში?

–         ჰმ, სერ! რამდენი მიფიქრია, ერთმანეთშიც ვლაპარაკობთ ხოლმე და ვერ გაგვიგია… ჩინელები რომ იყოთ, ვიტყოდით თავის ქვეყანაში ვერ ეტევიან ალბათ. ნეტა მართლა რა დაგკარგვიათ. მაგრამ, სერ, კარგია რომ აქა ხართ, არ დაგვყუპოთ და არ წახვიდეთ!

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
4 ნოემბერი 2010 წელი.
http://afrogeorgian.blogspot.com/2010/11/21.html

დატოვე კომენტარი

კომენტარი