Artisanal MIners in Sierra Leone

1972 წლის 3 ოქტომბერს სიერა ლეონეს მაშინდელმა პრეზიდენტმა, შიაკა სტივენმსა საზეიმოდ განაცხადა რომ გაიყიდა ”სიერა ლეონეს ვასკვლავი”, 968,9 კარატიანი უნიკალური ალმასი. როგორც ამბობენ სიდიდით მესამეა მსოფლიოში, ხოლო ალუვიალურ საბადოზე ნაპოვნ ალმასებს შორის კი პირველი ანუ უდიდესი.

ეს მოვლენა იყო. ინგლისის ყოფილი კოლონია და პატარა ქვეყანა გაახარა ამ ფაქტმა. სახელმწიფოსაც გვარიანი თანხა ერგო. მითუმეტეს ეს ფული სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯებაო – ასე თქვა პრეზიდენტმა. მყიდველიც საინტერესო გახლდათ. ალმასი იყიდა უინსტონის საიუველირო იმპერიის შემქმნელმა, 80 წელს მიტანებულმა ჰარი უინსტონმა.  მეოცე საუკუნის დასაწყისში სულ პატარა უინსტონი მამასთან და დედასთან ერთად უკრაინიდან გადასახლდა ნიუ იორკში. მამამისი იუველირი იყო და მცირე ბიზნესი წამოიწყო ამერიკის მიწაზე.

ლეგენდად დადის ამბავი რომ 12 წლის ჰარიმ ლომბარდში გასაყიდად გამოდებულ წვრილმანებში ჩაკარგული ორკარატიანი ბერილი (ზურმუხტი) იპოვა, 25 ცენტად იყიდა, გაასაუფთავა და ორ დღეში 800 დოლარად გაყიდა… მას მერე ცდილობდა არც ერთი უნიკალური ქვა ხელიდან არ გაეშვა.

ჰარი უიტმენმა უნიკალურ სიერა ლეონეს ალმასში ბევრი მილიონი დოლარი გადაიხადა. ქვა დაამუშავა დიდოსტატმა ლაზარე კაპლანმა. ასე დაიბადა ”სიერა ლეონეს ვარსკვლავი”.

მანამდე კი 1972 წლის დასაწყისში, ნაახალწლევს ორი შვედი ახალგაზრდა სიერა ლეონეს ეწვია. ეტყობა ყმაწვილებს თავგადასავალი ენატრებოდათ, სოლომონ მეფის საგანძური არ ასვენებდათ, ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად. რაც ებადათ შეაკოწიწეს, ერთმა მამისეული სახლ-კარი გაყიდა. შეკრეს გუდა ნაბადი, კარგად დაათვალიერეს დედამიწის გლობუსი და გადაწყვიტეს სიერა ლეონედან დაეწყოთ ოცნებების დევნა.
ns070328035xl6ჯერ კიდევ ძველი დროიდან, როგორც კი გაირკვა რომ ამ ქვეყანაში ალმასია, კოლონოზატორებმა, განსაკუთრებით კი ქრისტიანმა მისიონერებმა ხმა დაყარეს რომ ეს ბრჭყვიალა ქვები ეშმაკისაა და ვინც იპოვნის ან ვის ხელშიც აღმოჩნდება მას დიდი განსაცდელი ელის. თავის გადასარჩენად და ოჯახიასთვის უბედურების ასარიდებლად მხოლოდ ერთი საშუალება იყო – ”უნდა სასწრაფოდ სადმე მიაგნო თეთრ კაცს, სასურველია მღვდელს და მას გადაულოცო ეს დაწყევლილი ქვა, ის კი შენს მაგივრად შეებრძოლება ეშმაკს!” კარგა ხანს ”მუშაობდა” ეს ლეგენდა, მოჰქონდათ თეთრებთან ბრჭყვიალა ქვები და ისინიც არ იზარებდნენ, ებრძოდნენ ეშმაკებს. ვინ მოსთვლის რამდენი მადლიერი ოჯახი გადაარჩინეს განსაცდელს!

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. სიერა ლეონე კი მართლაც ცნობილი იყო ალმასის საბადოებით. სანამ ინგლისის კოლონია იყო, მოპოვება მკაცრად რეგულირდებოდა. კომპანია ”დე ბირსს” ჰგონდა ფაქტობრივი მონოპოლია ხელში ჩაგდებული. დეკოლონიზაციის მერე მოპოვების უფლება ყველას მიეცა ვინც ლიცენზიას იყიდდა. სიერა ლეონემ მოიხადა ალმასის ციებ ცხელებაც, ნახა კომპანიების აღზევება და გაკოტრებაც. ამ ყველასათვის სასურველი და დაწყევლილი ქვების ბრალი იყო ის ათწლიანი ჯოჯოხეთი, რომელსაც სამოქალაქო ომი ერქვა და ლამის ნახევარი ქვეყანა შეეწირა. ეს ყველაფერი სულ ახლახანს, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში დამთავრდა, გაეროს, ეკოვასის და სხვა საერთაშორისო სამშვიდობო სამხედრო ძალების ჩარევით.

ეხლაც  ინერციით მოდიან ბედის მაძიებლები. მიუხედავდ იმისა რომ ლამის ყველა კუთხე კუნჭული გადათხრილია, საპოვნი – ნაპოვნია, გასაყიდი – გაყიდული და გადაყიდულია, ვერაფერი აჩერებთ ალმასის მაძიებლებს თუ მადევრებს. ჩამოდიან, ეძებენ, როგორც წესი რაც აბადიათ იმასაც ტოვებენ და უკან დასაბრუნებელი ბილეთი თუ აქვთ, ხომ კარგი, თუ არა და შეხვდები ფრიტაუნის ქუჩებში უცნაურ ხალხს, ოდესღაც თეთრკანიანებად რომ ითვლებოდნენ.

ნელ-ნელა სიერა ლეონეში ჩამოყალიბდა ადამიანების სპეც ჯგუფი – ალმასის თეთრ მაძიებლებძე მონადირეები. საერთოდ აქ ეს სპეციალური სპორტია, თეთრის მოტყუება არ ითვლება ცოდვად, პირიქით დამსახურებაა და სატრაბახოა. არიან ოსტატები, დიდოსტატები, ”გროსმაისტერები”! არაჩვეულებრი ინტუიცია აქვთ, არაჩვეულებრივი მსახიობები არიან. იცდიან აეროპორტთან, სასტუმროებთან, რესტორნებთან, ყველგან სადაც ჩამოსული თეთრი შეიძლება გამოჩნდეს. უცებ გიმეგობრდებიან, გემსახურებიან. საოცრად ალალები და გულუბრყვილოები ჩანან.

როგორც გითხარით, 1972 წლის იანვარში ორმა შვედმა თავგადასავლის მაძიებელმა დადგა ფეხი სიერა ლეონეს მიწაზე, ლუნგის საერთაშორისო აეროპორტში. ეს აეროპორტი ცალკე მოსაყოლი ამბავია, აეროპორტის უნახავს გაგხდის, და როდისმე აუცილებლად მოგითხრობთ მის შესახებ. გადმოლახეს თუ არა საზღვარი, უმალ მოექცნენ თეთრებზე მონადირეების ქსელის ყურადღების ცენტრში. ორი ახმახი ფითქინა თეთრი, ყვითელთავიანები, ზურგჩანთებით…. ამუშავდა აფრიკული ტელეგრაფი. სწრაფად, ხალისიანად და ბუნებრივად იწერებოდა სცენარი –  სპეციალურად შვედებისათვის.

დაქიჩმაჩდნენ ყოჩაღი ბიჭები. სადაც არ მივიდნენ შვედები ყველგან დახვდათ ვითომ შემთხვევით ყურმოკრული ამბავი. გამოუჩნდნენ მოხალისე მეგზურები, ახალი მზრუნველი მეგობრები. ყველაფერი ერთი მიმართულებით უბიძგებდათ, კონოს რაიონისკენ. იქ არის პატარა სოფელი მარაუ, უმდიდრესი ადგილია, ხელუხლებელი, არავინ არ იცის. ”ვირჯინ არის, ვირჯინ!”, იქაური ბელადები ყველაფერს მალავენ, არავის აკარებენ…..

ყველა ფსიქოლოგს, ნლპ-ს სპეციალისტებს, გიპნოზის მამებს, ზომბირების ოსტატებს შეშურდებოდათ ისე დაამუშავეს შვედები. აბსოლუტურად დარწმუნებულებმა, რომ თავისი მარიფათით და ეშმაკობით მოიპოვეს ექსკლუზიური ინფორმაცია, დაიწყეს პატარა სოფელ მარაუს ძებნა. ეშმაკობა იხმარეს, ყველა აქამდე დამეგობრებული ჩამოიშორეს და თავის ჭკუით თავად შეარჩიეს ახალი მეგზურები.

ამასობაში ფრიტაუნის ცნობილი ბიჩ-ბოი მარაუს ბელადთან იჯდა. ბელადი ხმის ამოუღებლად უსმენდა. ბიჩ-ბოი ქადაგად დავარდა და სხაპასხუპით უხსნიდა კომბინაციას.

–        ჩიფ, სოფლის უკან რომ ღელე ჩამოდის, ის ადგილი მოგვიზომე…. ცოტას მოვთხრით, მაინინგს დავამსგავსებთ. ორი თეთრი მოდის აქეთ, ჩვენებს მოჰყავთ. შენთან მოვლენ. ყველაფერზე უარი უთხარი, არაფერი არ ვიცითქო… მერე ჩვენგან გაქცეულ მუშას გადაეყრებიან, ის გაგვყიდის, ეტყვის რომ ძალიან მდიდარი ადგილია, ახალი დაწყებული, ”ვირჯინ”. ერთ კვირაში ამოვიღეთ 70 ათასის ქვები, ”სპოტი” დავიჭირეთ. კიდევ ეტყვის რომ ორი პარტნიორი ვართ, ერთმანეთს გადავემტერეთ, ფულს ვერ ვიყობთ, ცალ-ცალკე უნდა გველაპარაკოს, თან ერთ-ერთს ბავშვი ყავს ცუდად და ფული სჭირდება სასწრაფოდ… ხომ იცი ჩიფ, პატივისცემა ჩვენზეა…

–         რამდენის ქვები იპოვეთ ერთ კვირაში?

–         70 ათასის ჩიფ, მაგის ქაღალდი დავწეროთ, რომ მიწის პატრონი გავისტუმრეთ, შემთხვევით ჩაუვარდებათ ხელში, დაიჯერებენ…

–         ხომ იცი, მიწის პატრონს მეათედი ეკუთვნის…

–         ხო ჩიფ, ეგრე დავწეროთ, ხვალ უკვე აქ იქნებიან, დრო ძალიან ცოტა გვაქვს

–         კარგი. შვიდი ათასი მოიტანე და შეგიძლია დაიწყო

–         კი მაგრამ, მართლა ხომ არ გვიპოვნია ჩიფ!!! – გადმოკარკლა თვალები ბიჩ-ბოიმ

ბელადი ერთ ხანს გაუნძრევლად იჯდა

–         მე ტყუილ ქაღალდს არ მოვაწერ ხელს, შენ 70 ათასის ქვები გიპოვნია ჩემს მიწაზე. როგორც წესია მეათედი გადაიხადე, დავწეროთ ქაღალდი და მიიღე ჩემი დასტური.

–         კარგი ჩიფ! – აღმოხდა ბიჩ-ბოის, თვალებში კი უკვე უდიდესი პატივისცემა ეტყობოდა.

ყველაფერი ისე აგიხდეთ. შვედებმა დაქირავებული მანქანა სოფლიდან ორ კილომეტრში დატოვეს. მეგზურმა საცალფეხო ბილიკით მარაუმდე მიიყვანა. იქ ცივად დახვდნენ, აგრძნობინეს რომ არავის არ უხარია მათი გამოჩენა და რაც მალე წავლენ ის აჯობებს. ჩვენი ჯიუტი შვედები ამან კიდევ უფრო გაახალისა. ახალი შთაბეჭდილებები, საოცარი ბუნება, პირველყოფილი სოფელი. ალმასის სუნი ეცათ, თავი ბუსენარის წიგნის გმირებად წარმოიდგინეს. ძარღვებში ადრენალინი ჩუხჩუხებს.

გადაეყარათ გაქცეული მუშა;

ჩუმად ნახეს მაინინგი;

ოსტატურად დაცინცლეს ინფორმაცია;

ხელში ჩაიგდეს ქაღალდი სადაც ეწერა რამდენი გადაუხადეს მიწის პატრონს;

გაარკვიეს მოწილეების ინსაიდერული პრობლემები.

მოკლედ მეცნიერულად მიუდგნენ საქმეს და დაიწყეს მოქმედება.

იპოვნეს ყველა, მოძებნეს შუამავლები, ივაჭრეს, იკამათეს, წავიდნენ, მობრუნდნენ, ნათესავები მიუგზავნეს… ბელადი და სოფელი საჩუქრებით აავსეს და გადმოიბირეს, ბოლოს მაინც თავისი გაიტანეს. გადაიხადეს 142 500 დოლარი და მიიღეს ბელადისგან დამოწმებული ”მაინინგის” მათ სასარგებლოდ დათმობის ქაღალდი.

ბიჩ-ბოიმ და მისმა კომპანიონმა ფული მიიღეს და მაინც უკმაყოფილებმა, ლამის ცრემლიანებმა დატოვეს სცენა.

–         არ იდარდოთ, ეს მხოლოდ ბიზნესია, არაფერი პირადული – დაამშვიდა შვედმა და მეორეს გადახედა თავმომწონედ.

სოფელში ჩოჩქოლია. ბავშვისათვის გველს უკბენია. უკვე იციან რომ ვერაფერს უშველიან, მაგრამ ეს არც თუ იშვითი ამბავია, ორ თვეში ერთხელ მაინც ხდება. ბავშვი მიწაზე დააწვინეს, უგონოდ არის პატარა. იქვე გამწარებული დედა ჩაცუცქულა, ხმას არ იღებს, კრიჭა აქვს შეკრული. რაღაც რიტუალისთვის ემზადებიან.

შვედმა ხალხი მისწი-მოსწია, ერთი შეუკურთხა ყველას და ბავშთან ჩაიჩოქა, უკმაყოფილო სოფლელებმა გაიწიეს.

–         აცალეთ!!! – ერთი სიტყვით გააშეშა ყველა ბელადმა.

შვედმა ჯაყვა სპირტით გაწმინდა, ნაკბენი ჩაჭრა და სისხლი გამოადინა, სახელდახელოდ გადაუხვია. ზურგჩანთა ამოატრიალა, ყველაფერი მიწაზე გადმოყარა. უგონო ბავშვი ზურგცანთაში ჩასვა, ზურგზე მოიგდო და გაიქცა. რამოდენიმე სოფლელი უკან დაედევნა. ორი კილომეტრი მანქანისკენ და მერე 38 კილომეტრი საავადმყოფოსკენ, იქ ნაცნობი თეთრი ექიმებია…

როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე. დილაა. ბოლო ფული დახარჯეს და ყველაფერი მოამზადეს ”მაინინგი” უნდა დაიწყონ. მოვიდა ბელადი.

–         ჩემო მეგობრებო, ერთი სათხოვარი მაქვს. აქ არ დაიწყოთ თხრა. სოფელს მომავალი ფერმისათვის ტერიტორიის გასუფთავება სჭირდება. თქვენთვის სულერთი არ არის. აგერ იქით, ღელეს მეორე მხარეს სამი დიდი ხე რომ დგას, ისინი მოჭერით, ტერიტორია მოასუფთავეთ და იქიდან დაიწყეთ.

–         რას ამბობ ჩიფ, აქ ყველაფერი მზადა გვაქვს, ის ჩვენი ადგილი არც არის, კიდევ დამატებითი ხარჯები!!!

–         სოფელმაც ხომ უნდა იხეიროს? ბრინჯის დასათესად ახალი ადგილი გვჭირდება! – ჩიფს ხმა გაუმკაცრდა – ესე აჯობებს, მუშა ხელი ხომ გჭირდებათ, ხომ გინდათ რომ გამოვიდნენ სამუშაოდ?

–         გვაშანტაჟებს! – შვედებმა ერთმანეთს გადახედეს და გამწარებულებმა დათმეს

–         ხომ იცით თუ რამეს იპოვით, მეათედი ჩემია – დაუყვავა ბელადმა და უცნაურად გაიღიმა.

ხეები წააქციეს, კუნძები ამოძირკვეს, ხელები დაიტყავეს, უშვერი სიტყვებით იგინეს და როგორც იქნა მიადგნენ ”გრაველს”!

მეოთხე დღეს, დილას ყიჟინამ შეძრა იქაურობა, მთელი სოფელი მოგროვდა…

–         დარწმუნებული ხარ რომ ალმასია? ამხელა როგორ შეიძლება იყოს?!!!

”სიერა ლეონეს ვარსკვლავი” ლეგენდარული იუველირის, 80 წელს მიტანებული ჰარი უინსტონის უნიკალური კოლექციის ბოლო შენაძენი იყო.

* * *

საღამოს სახლში დავბრუნდი. ჩვენი კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ხის სკამზე იჯდა და ოკეანეში ზღვის ჩასვლას მონუსხულივით შესცქეროდა. მეც გვერდზე ჩამოვუჯექი. საოცარი პალიტრა იყო ჰორიზონტზე.

–         ეგ ამბავი საიდან გაიგეთ, სერ!

–         სანაპიროზე, ბიჩ-ბოები მოყვნენ.

–         მართალია, სამოქალაქო  ომის დროს ეგ სოფელი მთლიანად ამოწყვიტა ”რებელების” გენერალმა მასკიტამ. ამბობენ იმ ადგილის ნახვა უნდოდა სადაც ეგ ალმასი იპოვნესო…

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი, სიერა ლეონე
2010 წლის 15 სექტემბერი
http://afrogeorgian.blogspot.com/2010/09/blog-post_25.html

დატოვე კომენტარი

კომენტარი