tacugama61

დასავლეთ აფრიკაში ადამიანების გარდა ცხოვრობენ მაიმუნები. სიერა ლეონე კი განსაკუთრებით ცნობილია შიმპანზეებით. ბევრნი აღარ დარჩნენ, იმიტომ რომ წლების მანძილზე საძაგლად ექცეოდნენ ადამიანები, კლავდნენ, ჭამდნენ, ყიდიდნენ… მაგრამ ეხლა შიმპები, როგორც აქ ამბობენ, დაცულები არიან კანონით, საერთაშორისო კონვენციებით და დასავლეთის სამყაროს ფულით.

ყველგან გაკრულია შიმპაზეებთან მოქცევის წესები. აკრძალულია შიმპანზეზე ნადირობა, დაჭერა, დატყვევება, გაყიდვა, სახლში ყოლა, მოფერება, დამეგობრება… ძალადობას ვინ ჩივის, რამე არასწორად რომ უპასუხო ან ალმაცერად შეხედო და ადგილობრივმა აქტივისტებმა ან მომრავლებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა წაგასწრო, ვაი შენი ბრალი, ახსნა განმარტებას, ჯარიმას და დავიდარებას ვერ აცდები. ასე რომ ქალაქში ყველაფერი წესრიგშია შიმპებთან დაკავშირებით. აი სოფელში კი, ჯუნგლებში, სადაც აქტივისტები და დამკვირვებლები იშვიათად არიან, სხვა საქმეა. თუ რომელიმე შიმპანზეს შეეშალა და ადამიანს გადაეყარა, გატყავებას და მწვადებად დაჭრას იშვიათად გადაუერჩება. მაშინვე შეახრამუნებენ და თითებსაც გაილოკავენ.

ადრე, ოთხმოციან წლებში, საოქალაქო ომამდე, ერთმა მარიფათიანმა გერმანელმა მიიხედ-მოიხედა და სარფიანი ბიზნესი ააწყო. შიმპანზეების გადარჩენის გეგმა შეიმუშავა. ფრიტაუნში მოაწყო ჩამბარებელი პუნქტი. იბარებდა ცოცხალ შიმპანზეებს, იაფად. დაუკავშირდა დასავლეთის სამყაროს ზოოპარკებს, კვლევით ცენტრებს და ყველას ვისაც შიმპანზე უნდოდა. დაიწყო შიმპების ექსპორტი, ყიდდა ძვირად, ძალიან ძვირად. მთავრობისთვის შეადგინა ლამაზად დაწერილი დოკუმენტები. ცოტა ფული გადაიხადა, შეუცურეს პრეზიდენტს და ხელი მოაწერინეს. შიმპებთან ურთიერთობის ექსკლუზიური უფლება მიიღო, თანაც ტრაბახობდა ნახეთ რამდენი შიმპი გადავარჩინე სიკვდილს, ქვეყანა კი დასავლურ სტანდარტებს ვაზიარეო. გერმანელი მილიონერი გახდა.

აქაურები ხუმრობენ, ევროპაში და ამერიკაში ყველა ზოოპარგში სიერა ლეონელი შიმპები ან მათი შთამომავლები ცხოვრობენ, ყველას ვიცნობთო.

ყველაფერი მიდიოდა გადასარევად. მაგრამ ერთხელ პრეზიდენტი ვიზიტით წავიდა ევროპაში დემოკრატიის განვითარებაში მიღწევებით სატრაბახოდ. აეროპორტიდან არ იყო გამოსული რომ სხვადასხვა მწვანე ფერის აქტივისტებმა ლაყე კვერცხები და პომიდორები დაუშინეს, თან უყვიროდნენ ”კაციჭამია – შიმპების ჯალათოო!!!”. გადაირია კაცი! რომ დაბრუნდა, აკრძალა ყველაფერი რაც შიმპეპთან იყო დაკავშირებული, გერმანელმა ძლივს გაასწრო. ჩამბარებელი პუნქტი მიუსაფარი შიმპანზეების თავშესაფრად გადაიქცა.

მას მერე ბევრი წელი გავიდა. ჩაიარა ათწლიანმა სამოქალაქო ომმა. შიმპანზის მწვადი ყველანაირი გასამხედროებული ავაზაკის დელიკატესი იყო. ეხლა შიმპები დაცულები არიან  – პროექტებით, გრანტებით და ბუკლეტებით.

ფრიტაუნის შემოგარენში შიმპების თავშესაფარია, დასავლეთი ექსპერტების საყვარელი ადგილი. გერმანელის გაშენებულ თავშესაფარში წლების განმავლობაში ბევრი შიმპი დაგროვდა. აქ ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან მაიმუნებთან საურთიერთობოდ, ყოველდღეა სტუმრიანობა. შესვლაც ფული ღირს. მოკლედ სიცოცხლე დუღს.

თავშესაფარის შიმპანზეებში, როგორც ყველა საზოგადოებაში, თავის წესი, კანონი და ტრადიცია დამყარდა. პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპი გაიარეს, ძალაუფლებისათვის ბრძოლა, წესების და კანონების დადგენა, ტრადიციის დამკვიდრება. იერარქიაც ჩამოყალიბდა და ამ ბოლო დრომდე სტაბილურობაც დამყარებული იყო. სტაბილურობა და ”ზასტოი” როგორც ყველა ტოტალიტარულ ქვეყანაშია. რადგან იყო ერთპიროვნული მმართველი, ბელადი, მამა და მარჩენალი – შიმპანზე ბრუნო.

ბრუნოს სახელი მსოფლიოშია ცნობილი. ვინც კი შიმპანზეებით არის დაინტერესებული და სიერა ლეონესკენ გამოუხედია, ყველამ იცის ბრუნო. მასთან მოდიან სტუმრები, იწერება სტატიები, ბიოგრაფიები…

ამდენ ხანს ფრიტაუნში იყო და ბრუნო არ გაიცნო, უბრალოდ უზრდელობაა! ერთხელაც გადავწყვიტე და წავედი შიმპების თავშესაფარში. როგორც წესი და რიგია ფული გადავიხადე და შემიშვეს იქ სადაც ხალხს უშვებენ. მივედი ვოლიერთან, ბადის იქით დიდი ტერიტორიაა, ბუჩქები, ხეები, პალმები. არავინ და არაფერი ჩანს. კარგა ხანს ვიდექი, ბოლოს შევამჩნიე. ერთ-ერთი პალმის ჩრდილში ზურგით ზის შიმპი. ზის გაუნძრევლად, ქანდაკებასავით. უშველებელი ბეჭები ისეა შერწყმული ბუნებრივ ფონს,რომ თუ არ გაინძრა შეიძლება ვერც დაინახო.

–         სერ! – მომიახლოვდა მომვლელი – თუ რამე გაინტერესებთ ბრუნოს უნდა მოელაპარალოთ…

წვრილად ამიხსნა რა უნდა გამეკეთებინა.

დავიწყე მზადება. მომვლელმა მომყიდა (ორმაგ ფასად) ბანანები და ფორთოხლები, მათხოვა დაწნული კალათა და ასე შეიარაღებული მივედი ვოლიერთან!

–         მისტერ ბრუნო!

ქანდაკება ოდნავ შეინძრა, თავი ოდნავ მოაბრუნა და ცალი თვალით გამომხედა.

–         მისტერ ბრუნო! საქმე მაქვს! – და ბანანების ერთი აცმა დავანახე.

ზანტად შემობრუნდა, ორი ნაბიჯი გადმოდგა, გაჩერდა და გამომცდელად ამათვალიერ ჩამათვალიერა. როგორც დამარიგეს ბანანების ერთი აცმა შევაცურე ვოლიერში. ბრუნომ დახედა, აშკარად დაითვალა, ფეხით გვერდზე გასწია და ისევ მე შემომაჩერდა. ერთი იმდენი კიდევ შევაცურე. ეხლა კი იკადრა ბრუნომ, ხელში აიღო ბანანები, ორივე აცმა აწონ დაწონა, ერთმანეთს შეადარა. სადღაც გვერდით წავიდა და პატარა მაგიდასავით ქვაზე დადო. თითონ გვერდზე ჩამოჯდა, ერთი ამოიხვნეშა, ტაში შემოკრა და რაღაც დაიძახა – უუუ!!!

უცბად, ყველა მხრიდან გამოცვივდნენ მაიმუნები. სხვადასხვა ასაკის, ზომის და წონის. როგორც ფილმში შეიცვალა კადრი და მკვდარი დეკორაცია ცოცხალ ქალაქად გადაიქცა. ჩემს თვალწინ გაიშალა ნამდვილი მაიმუნური ცხოვრება. ბავშვები დახტიან, ლიანებზე დარბიან, კივიან… კბილებს აკრაჭუნებენ. დედები უვლიან შვილებს, ქექავენ, ასუფთავებენ. ქალები ჭორაობენ, კამათობენ. კაცები სპორტზე ლაპარაკობენ, ზოგი ვარჯიშობს და ერთმანეთს ეჯიბრება…

ბრუნო სულ დამავიწყდა, ამ მეტამორფოზით გაოგნებული მონუსხულივით ვუყურებდი ყველაფერს და ცალ ცალკე სცენებში, ეპიზოდებში და მათ მნიშვნელობაში გარკვევა დავიწყე. არც მახსოვს რამდენი ხანი გავიდა… უცებ ბრუნომ ტაში შემოკრა და ისევ დაიძახა – უუუუ!!!! თითქოს ჯადოსნური ჯოხი აიქნია! ერთბაშად გაქრნენ ყველანი, დარჩა ისევ ცარიელი სცენა, შიშველი დეკორაცია და ბრუნო. სამარისებული სიჩუმეა.

ბრუნო ახლოს მოვიდა ვოლიერთან, დაჯდა და დიდმნიშვნელოვნად მიაშტერდა ჩემს კალათას. რასაკვირველია ყველაფერი ამოვაწყე, ბანანები, ფორთოხლები და მივართვი. კარგად გასინჯა. რამდენჯერმე ჩახედა კალათას, დარწმუნდა რომ აღარაფერი აღარ არის. ყველაფერი წაიღო, ფორთოხლები და ბანანები ცალ ცალკე გადაალაგა. ისევ თავის ადგილზე ჩამოჯდა, შემომხედა, მომეჩვენა რომ თვალი ჩამიკრა, შემოკრა ტაში და უუუუ!!!

ისევ ჯადოსნურად გაცოცხლდა სცენა! გაფაციცებით შევყურებდი უკვე ჩემთვის ნაცნობ მაიმუნებს და ვცდილობდი არაფერი არ გამომრჩენოდა… ბრუნოს გავხედე. იქ აღარავინ აღარ იყო, პატარა ქვის მაგიდაზეც აღარ ეწყო ბანანები და ფორთოხლები. ბრუნომ სცენა დატოვა და გაუჩინარდა.

ამ რამდენიმე დღის წინ ხმა გავარდა, ტრაგედია დატრიალდაო. გაზეთებიც გაივსო ამბებით.

შიმპების თავშესაფარის მომვლელი ცოლ-ქმარი, რომლებიც კვებაზე იყვნენ პასუხიმგებლები სადღაც წასულან რამდენიმე დღით. ინსტრუქციები დაუტოვებიათ სხვებისათვის რა და როგორ უნდა ექნათ. ძირითადად ერთი რამ ევალებოდათ, საჭმელი უნდა შეედგათ ვოლიერს იქით საათების მიხედვით. ამათ კი ყველაფერი აურევიათ, უგულოდ დავიწყებიათ და ერთი ორი დღე არაფერიც არ მიუტანიათ ბრუნოსა და მისი ჯამაათისათვის.

როგორც იქნა გაახსენდათ საჭმლის მიცემა. მომვლემა ვოლიერის კარი გააღო და საკვების შეტანა დაუწყია. ბრუნო იქვე ყოფილა ჩასაფრებული. დაეძგერა მომვლელს, თავი რკინის გისოსებზე მიარტყმევინა, კიდევ ერთხელ შემოკრა ტაში, ღია კარში გაიყვანა თავისი ტომი და გაიქცა.

ტრასას რომ გადადიოდნენ ერთი მანქანა შეეფეთათ, ტაქსი. სულელმა ტაქსისტმა მანქანა გააჩერა და გადმოვიდა. მაიმუნებს ეგონათ თავს გვესხმის, დაჭერას გვიპირებსო. ტაქსისტი იმსხვერპლეს და ტრასის იქით ჯუნგლებში შევარდნენ…

ატყდა ერთი ამბავი, პოლიტიკური სკანდალი, ოპოზიცია გააქტიურდა, დაინიშნა მინისტრთა კაბინეტი, არ წყდება ზარები ევროკავშირიდან, დაიგეგმა პოლიციის ფართომაშტაბიანი ოპერაცია. ინტერვიუები, პრესკონფერენციები, რეპორტაჟები…

ეძებენ ბრუნოს!

* * *

საღამოს ჩვენი კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო, ახალი გაზეთების დასტას ეცნობოდა

–         მომო, გაიგე ბრუნო გაქცეულა თავის ჯალაბთან ერთად, თურმე საჭმელს უგვიანებდნენ…

–         სერ! კიდევ კარგი თქვენთან მაქვს სამსახური, თორემ პოლიციის დეპარტამენტში უკვე სამი თვეა ხელფასი არ მოუციათ…

მომომ გაზეთს დახედა და სევდიანად ამოიოხრა:

–         თქვენ როგორ მიგატოვოთ თორემ, …რომ ვიცოდე ბრუნო სად იმალება მეც მაგასთან გავიქცეოდი… სერ!

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი, სიერა ლეონე
8 ივლისი 2010 წელი
http://afrogeorgian.blogspot.com/2010/09/blog-post_25.html

დატოვე კომენტარი

კომენტარი