broad street

ფრიტაუნი – თავისუფალი ქალაქია. მაგრამ ამავე დროს ძალიან ჭუჭყიანი ქალაქიცაა. ეს უფრო იმის ბრალია რომ არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ნაგავი გროვდება ყველგან, საკანალიზაციო სისტემა გაუმართავია, ქუჩების დაუგეგმაობის და გაჭედილობის გამო ნაგავი დროზე ვერ გააქვთ. მთელი უბნებია სადაც ჯობია არ შეხვიდე, ისეთი ანტისანიტარიაა. ყოველი შემდეგი არჩევნების დროს პოლიტიკოსების ერთ ერთი მთავარი დაპირება სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაა. მთავრი ლოზუნგია – ”ჩვენ გავასუფთავებთ ქალაქს!!!”

უნდა გითხრათ რომ დანარჩენ სიერა ლეონეში იგივე არ ხდება. ეს ფრიტაუნის პრობლემაა, განსაკუთრებით სამოქალაქო ომის მერე. ნახევარი ქვეყანა დედაქალაქში მოგროვდა, მოსახლეობა ერთბაშად ხუთჯერ გაიზარდა და პატარა, ინგლისელების აშენებულმა კოხტა  კოლონიურმა ქალაქმაც ვეღარ გაუძლო. თანაც თუკი სადმე მსოფლიოში უვარგისი და გადასგდები მანქანაა, ყველა აქ მოაქვთ.

თითონ აქაურები ძალიან სუფთა ხალხია. გასაკვირი და თვალშისაცემი სწორედ ის არის ასეთ გარემოში როგორ გაკრიალებულ, გაპიწკინებულები დადიან.

ერთი უცნაური მეთოდი აქვთ მოფიქრებული, რომელიც უკვე ტრადიცია იქცა. პერიოდულად, დაახლოებით თვეში ერთხელ მთავრობა ამოირჩევს ხოლმე რომელიმე შაბათს და გამოაცხადებს -Cleaning Day – ს (დასუფთავების დღეს).

ამ დღეს, ადრეულ დილიდან არავის არა აქვს არანაირი გადაადგილების უფლება, სადმე წასვლის, ქუჩაში გავლის. მანქანით სიარულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ყველა, დიდი, პატარა, კაცი, ქალი, ჩამოსული, ადგილობრივი უნდა დარჩეს სახლში და დაალაგოს და დაასუფთავოს თავის საცხოვრებელი და მის გარშემო მიდამო. ესე გრძელდება დღის პირველ საათამდე. ვინც ამ წესს დაარღვევს საშინელი სასჯელი ელის.

ერთხელაც გათენდა შაბათი დღე. შეთანხმებული ვიყავი რომ მეგობარს უნდა დავხვედროდი მანქანით ქალაქის შემოსასვლელში და სახლში მომეყვანა. აბა მე საიდან დამესიზმრებოდა ”კლინინგ დეი”?!

გამოვეწყე, ეზოში გავედი, მანქანა დავქოქე  და ალაყაფის კარის გაღება მოვითხოვე. უცებ მთელი ჩვენი კარ-მიდამოს ჯალაბი წინ გადამიდგა და ხელების ქნევით და ყვირილით არ მიშვებენ. ვიფიქრე ყველა ერთად როგორ გაგიჟდათქო!

–         არა სერ, არ შეიძლება, დღეს ”კლინინგ დეია”, ”კლინინგ დეია”…

–         რას ამბობთ, ხომ არ გადაირიეთ?! წასასვლელი ვარ…

–         არა სერ! არა..

ატყდა ერთი ახსნა განმარტება, ერთი ხუთი კაცი ერთდროულად მიხსნის რაღაცას. ძალიან გამიჭირდა, ვერაფერი ვერ გავიგე…

აივანზე ავედით, იქიდან ქუჩა კარგად ჩანს და ისევ ყაყანით რაღაცას მიხსნიან. ნელ-ნელა, შეკითხვებით დავიწყე გარკვევა…

… დავინახე როგორ მობლაყუნობდა ქუჩაში ორი ზურგჩანთიანი და სანდლებიანი თეთრი ყმაწვილი, აშკარად ან ტურისტები ან ”ნჯო-შნიკები”, ისე რომ დადიან უთავბოლოდ და შთაბეჭდილებებს აგროვებენ. ეტყობოდათ რომ ერთი ორი დღის ჩამოსულები არიან, ყველაფერი უკვირთ და აინტერესებთ, ისე ატრიალებდნენ აქეთ იქით თავს და თვალებს. არც ”კლინინგ დეი” იციან და არც არანაირი აქაური წესი და ადათი. გულიბყრვილოდ უხარიათ ცხოვრება.

უცბად ჯინივით გაჩნდა არსაიდან პოლიციელი და წინ გადაეღობა. დიდი ფურცელი გაუშალა და რაღაცას უხსნის. ეტყობა ეუბნება კლინინგ დეიზე გარეთ სიარული არ შეიძლებაო. ერთბაშად კიდევ რამდენიმე პოლიციელი გაჩნდა, პოლიციის მანქანაც მოვიდა. ტურისტებმა კამათი დაიწყეს, ადამიანის უფლებებიო, თავისუფლებაო…

გარშემო დალაგება-ხვეტას ყველამ თავი მიანება  და სეირის საყურებლად შეიკრიბა. განსაკუთრებით აქტიურები პოლიციელებს ეხმარებიან ახსნა განმარტებაში, ზოგი ცდილობს ცოცხი და ტაშტი შეაჩეჩოს თეთრებს. ”ნჯო-შნიკები” გაშტერდნენ, დაიბნენ, აღარ იციან რა ქნან და უცბათ სასოწარკვეთილებისაგან აყვირდნენ….

ჰოპ! და ხელბორკილებში აღმოჩნდა ორივე… შორიდანაც ჩანდა როგორი გაოგნებულები იყვნენ, ხმაც ჩაუვარდათ. თავი უკრეს მანქანაში და სადღაც წაიყვანეს.

–         რას უზამენ?

–         დიდს არაფერს სერ! – გაიკრიჭა ჩემი ეზოს მომვლელი – მაგათ ლაპარაკი არ იციან, ან ფული მიეცათ, ან რამე… ეხლა ცოტა ხანს აყურყუტებენ, ფულსაც გამოართმევენ, ცოცხს მისცემენ ხელში და ქუჩას დააგვევინებენ… ჰოდა მერე გაუშვებენ.

ძალიანაც კარგი! მე თუ მკითხავ გაუმართლათ. სწორედ მაგ შთაბეჭდილებების საძებნად არ არიან ჩამოსულები. ესეც თავგადასავალი!

–         ხომ გეუბნებით, არ წახვიდეთ!

ეს რა დღეში ვართ! კაცი ქალაქს უახლოვდება, არც ”კლინინგ დეი” იცის. დაღლილი ელოდება რომ მე დავხვდები. ჩემს მაგივრად კი პოლიცია დახვდება, ხერბორკილებს დაადებენ და მერე ქუჩას ახვეტინებენ. სასაცილოა…

კიდევ კარგი ტელეფონი მუშაობს. დავურეკე და შევუთანხმდი…

მანქანაში ჩავჯექი, გვერდზე მექანიკი აბდულა მოვისვი და ვუთხარი ხმა არ ამოეღო, ალაყაფის გაღება მოვითხოვე და მანქანა დავქოქე… დამემორჩილნენ, მაგრამ ყველას სახეზე ეწერა გაკვირვება და სინანული – ”რა კაცი დავკარგეთო!”

საავარიო ჩავრთე და სიგნილით პირდაპირ პოლიციელს მივაყენე მანქანა. სანამ გაკვირვებისაგან აზზე მოვიდოდა მანქანასთან მოვიხმე, კარი გაუღე და მძღოლის გვერდით ჩაჯდომა ვთხოვე.

–         ოფიცერო ძალიან სერიოზული საქმე მაქვს! პრობლემაა და უთქვენოთ არაფერი გამოვა!

–         ????

–         ვიცი ”კლინინგ დეია”, მოძრაობა არ შეიძლება, მაგრამ ჩემი მეგობარი ქალაქის გასასვლელთან არის, ეხლა შემატყობინეს რომ ძალიან ცუდათაა, სასწრაოდ უნდა მოვიყვანოთ და ექიმს ვაჩვენოთ, რამე ცუდი არ მოხდეს.

თან ფული ამოვიღე და თვლა დავიწყე.

–         უნდა გამომყვე, ქალაქი გამატარო, ადამიანი გადავარჩინოთ!!! პატივისცემა ჩემზეა!

ფული გადათვალა, ერთი ეჭვით შემომხედა

–         წავედით, საავარიო არ გამორთო…

ქალაქის ბოლოს გავედით, ერთი ორჯერ გაგვაჩერეს, მაგრამ პოლოციელების ენა პოლიციელმა იცის. ჩავისვით მეგობარი, უკანა სკამზე მოკალათდა და როგორც გაფრთხილებული იყო მოჰყვა კუთვას და ვაი-ვუის… რომ გაჩერდებოდა სარკეში თვალებს ვუბრიალებდი და ახალი შემართებით იწყებდა ოხვრას.

ესეთი კონცერტით მოვედით სახლამდე. ეზოში შევედით, ავადმყოფი მოკაკვული გადმოვიდა მანქანიდან. პოლიციელმა გასამრჯელოს მეორე ნაწილი მიიღო, გაიკრიჭა და მომაკვდავს უთხრა

–         კაი გეყოფა, აღარ გინდა! თქვენ ჩვენზე აფერისტები ყოფილხართ! მადლობა სერ! მომავალ ”კლინინგ დეიმდე”. – და კმაყოფილი წავიდა.

* * *

საღამოს ჩვენი კარ-მიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო მეუბნება

–         სერ! პოლიციის განყოფილებაში დღეს მთელი დღე თქვენზე ლაპარაკობენ. როგორი ეშმაკი ”ბოსები” გყავსო. ერთი განსაკუთრებით კარგად ავადმყოფობსო! დაწყდა ხალხი სიცილით…

და ყველის ვაჭარივით გაიკრიჭა.

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი, სიერა ლეონე
1 ივლისი 2010 წელი
http://afrogeorgian.blogspot.com/2010/09/blog-post_25.html

დატოვე კომენტარი

კომენტარი