fotbalinfretown

მთელ სიერა ლეონეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ დედაქალაქში, ფრიტაუნში სამი რელიგია ბატონობს – მუსულმანური, ქრისტიანული და ფეხბურთი!!!

ფრიტაუნის ტრანსპორტი და მისი მოხატულ მოკაზმულობა ცალკე თემაა, ქალაქის ცენტრი მუდმივად გაჭედილია ძველ-ძველი დაჯღანული ტაქსებით და ”პოდო-პოდოებით” (აქაური ”მარშრუტკებით”). რაც არ უნდა ძველი იყოს სატრანსპორტო საშუალება, გამორიცხულია ზედ არ ჰქონდეს რამდენიმე ფერადი ნახატი და ერთი ორი ჭკუისსასწავლებელი ანდაზა, გამოთქმა ან ციტატა რომელიმე წმინდა წიგნიდან:

– უფალი ჩვენი მწყემსია!
– ღმერთმა დალოცოს ისლამი!
– მანჩესტერი კაცების გუნდია!
– გაჰყევით უფალს, არ შეცდებით…
– არსენალი, არსენალი, არსენალი…
– ქრისტე და მოჰამედი ძმები არიან…
– რუნი თუ რონალდო…
– ლივერპული წითელია…
– დიდი არს ალაჰი!
– დიდი კაცი – ტიერი ანრი…
– ღმერთი ერთია და ყველასათვისაა…
– ფერგიუსონს არ ეშლება…

ქუჩის საცობებში გაჩხერილს არ მოგწყინდება, უნდა წაიკითხო რაც კი რამ თვალში მოგხვდება და ჩაუკვირდე… დარწმუნდები რომ ფეხბურთელები წმინდანები არიან.

წარმოიდგინეთ რა ხდება ამ ქალაქში ეხლა, როდესაც მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, თანაც სად?!! აფრიკაში და ოცდაოთხიდან ექვსი აფრიკული გუნდია!!!

ორი ქვეყანა ვიცი დანამდვილებით, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი არასოდეს არ ჩატარდება, სიერა ლეონე და საქართველო. ისიც არ მჯერა თუკი როდისმე ამ ორი ქვეყნის გუნდი ითამაშებს ამ ტურნირზე. საქართველოს ფეხბურთზე თქვენ იმსჯელეთ და სიერა ლეონეზე მე მოგახსენებთ.

ქვეყნის რეგულარული, პროფესიული ჩემპიონატი წესიერად ვერ ტარდება, ხან იწყება და სხვა და სხვა მიზეზებით წყდება. ერთადერთი ტრიბუნებიანი სტადიონი, ჯერ კიდევ სამოქალაქო ომამდე აშენებული, ფრიტაუნშია შემორჩენილი. აქ თამაშობენ იშვიათ საერთაშორისო მატჩებს.

მაგრამ თამაშობს ფეხბურთს ყველა, ყველას გონია რომ დაკარგული გენიოსია.

ფრიტაუნის რამდენიმე კილომეტრიანი ქვიშიანი სანაპირო, ”აბერდინ ბიჩი”, ყოველ შაბათ კვირას ერთ უსასრულ საფეხბურთო მოედნად იქცევა ხოლმე სადაც ათასობით ადამიანი თავგამოდებით დასდევს ბურთებს.

საოცარი სანახაობაა, არათუ თამაში, ყურებაც და იმის გარკვევაც კი ძალიან ძნელია რა ხდება. ვინ ვის მხარესაა, ვინ უტევს და ვინ თავს იცავს. რომელი ბურთი რომელი თამაშის არის. ხანდახან ერთი ასპარეზის ბოლო მეორე დასაწყისია და ერთი დაიგივე კარი ერთდროულად ორი მატჩისაა აქეთ-იქიდან. კარგია თუ ორი მეკარე დგას ერთმანეთთან ზურგით მიყუდებული, ხანდახან ერთი და იგივე ტრიალებს ხოლმე ციბრუტივით, გააჩნია შეტევა საიდან მოდის!

თავის ჩემპიონატის არქონის გამო, მთელი ქვეყანა ინგლისის პირველობაზე ”ზის”! განსაკუთრებით ოთხი გუნდია გამორჩეული: მანჩესტერი, ლივერპული, არსენალი და ჩელსი! შესაბამისად ამ გუნდების მოთამაშეები ოლიმპოს ღმერთების დარი არსებები არიან!

ჩვენი პოლიტიკოსი მეგობარი, პრეზიდენტობის კანდიდატი დოქტორ ბაბა კონდე ხშირად სინანულით იხსენებს ხოლმე ახალგაზრდობას და რუსეთში გატარებულ სტუდენტობას…

– ინსტიტუტის გუნდში ვთამაშობდი, იცი რა მაგარი ვიყავი… რომ გავყოლოდი მაგ საქმეს ეხლა ხომ …

ნეტა რას აპირებდა? ისე მართალია, ფეხბურთისთვის თავი რომ არ მიენებებინა შეიძლება ეხლა მართლაც პრეზიდენტი ყოფილიყო.

ყავდათ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც გააღწია საერთაშორისო ასპარეზზე და რაღაც პეროდი ევროპაში ითამაშა. ფეხბურთის გადარეულ ერუდიტებს თუ ეცოდინებათ მოჰამედ კალონი, რომელმაც რამდენიმე ევროპული გუნდი მოიარა. აქ ფრიტაუნში რაღაც ნახევრად მითიური, ღმერთებთან მიახლოებული არსებაა…

კალონმა თითონაც დაიჯერა რომ ზეარსებაა და სიერა ლეონეს აღმშენებლობა – აღორძინებას მიჰყო ხელი. სად არ შეხვდებით ქალაქში ნახევრად აშენებულ შენობებს, გაჩერებულ მშენებლობებს… დაწყებული და ვერ დამთავრებული სასტუმრო, საცხოვრებელი სახლი, ნახევრად მომუშავე ღამის კლუბი, … ეს კალონისაა… ბევრი დაწყებული პროექტი, სიერა ლეონელი ნათესავებისა და კეთილმოსურნეების მიერ შეჭმული ფული და დაუმთავრებელი ობიექტები…

ძალიან მომთმენი და უპრეტენზიო ხალხია სიერა ლეონელები. დიდად არ იწუხებენ თავს ყოფითი პრობლემების გამო, ყველაფერზე ბედნიერად იცინიან. არც უდენობა აწუხებთ მაინც და მაინც. აი ფეხბურთის გამო კი შეიძლება დაიძაბოს სიტუაცია. თუ რამის გამო ყურს გაიბერტყავს მთავრობა და მოერიდემა საყოველთაო უკმაყოფილებას, შეეცდება გამოასწოროს ენერგომომარაგება, ისევ ფეხბურთია. ტელევიზორი ხომ უნდა შეაერთონ სადმე?

როგორ უყურებენ ფეხბურთს? ბობოლებს სახლში აქვთ გენერატორი და სატელიტური ანტენა…

ფრიტაუნის რამდენიმე რესტორანში კიდია დიდი ეკრანი, მაგრამ იქ შესვლა საკმაოდ ძვირია.

ქალაქი მოფენილია პატარა ფიცრული ფარდულებით სადაც ოჩოფეხებზე დგას ტელევიზორი, თუხთუხებს პატარა გენერატორი… ხალხი შემოჯგუფულია, ზიან, წვანან, ძირითადად ფეხზე დგანან და უყურებენ ფეხბურთს. უკნიდან როგორც წესი არაფერი არა ჩანს, მაგრამ ხმა ისმის და წინა რიგები უკანებს უყვებიან რა ხდება…

გახურდა მსოფლიო ჩემპიონატი, ერთი მეორეს მიყოლებით დათმეს თამაშები აფრიკულმა გუნდებმა. გავარდა კამერუნი, სამხრეთ აფრიკა, ნიგერია… გლოვობს ფრიტაუნი. ერთი ამბავი იყო ალჟირის და ამერიკის თამაშზე. ფრიტაუნში ლიბანელების დიდი სათვისტომოა. ესენი ძირითადად რესტორნებში უყურებდნენ და ცხადია ალჟირს უჭერდნენ მხარს. ქუჩის ფარდულებში კი მაინც აფრიკულმა სოლიდარობამ გადაძლია და იქაც ალჟირისკენ იყო მრევლი…

დრამატულად დამთავრდა თამაში. ამერიკასთან ფრესაც დიდ მიღწევად ჩათვლიდა ყველა, მაგრამ ჰოლივუდის ფილმის კლასიკური ფინალივით ამერიკელმა კაპიტანმა, დონოვანმა თამაშის ბოლო წამს გაიტანა ერთადერთი გამარჯვების გოლი. მთელი ფრიტაუნი წყევლის დონოვანს!

ერთადერთი იმედი განაა. მხოლოდ მან გააღწია მერვედფინალში და არ არის საოცრება – იქ ისევ დონოვანს და მის რაზმს უნდა დაეჯახოს. გაისუსა ფრიტაუნი და ელოდება 27 რიცხვს… ლოცულობენ და შავ მაგიასაც არ თაკილობენ. წარმომიდგენია რა ხდება განაში!

ამას წინათ სანაპიროზე ვუყურებდი გახურებულ თამაშს და გულწრფელად ვცდილობდი გამერკვია ვინ ვის გუნდშია და საერთოდ რამდენი თამაში მიდის ერთდროულად. ორი შავტუხა ყმაწვილი მომადგა.

– სერ, ჩვენ ძალიან მაგარი ფეხბურთელები ვართ. ეს თავდამსხმელია, მე ნახევრარმცველი ვარ!
– გაგიმარჯოთ ბიჭებო!
– თქვენ რომელი ქვეყნიდან ხართ სერ?
– ჯორჯიიდან.
– ხოდა წაგვიყვანეთ სერ, ჯორჯიაში, მიგვიყვანეთ რომელიმე გუნდში, ჩვენ გამოვდგებით, იმ გუნდს ვასახელებთ, თქვენ ბევრ ფულს გაშოვნინებთ. თუ ჯორჯიის ნაკრებში გვათამაშებთ, მსოფლიო ჩემპიონატზეც გავალთ…
– მერე ამერიკას მოუგებთ?
– აბა რა სერ, რა იციან მაგათ თამაში!

* * *

საღამოს ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს დარაჯი, პოლიციელი მომო დამადგა ჩამქრალი ფარნით და ელექტრობატარეების ფული მომთხოვა.

– მომო! არ გინდა ტელევიზორის ყურება?
– არა სერ!
– ფეხბურთია, არ გიყვარს ფეხბურთი?
– სერ! მე გოლფს ვთამაშობ. ეგ ფეხბურთი ნამდვილი ვიგინდარების გართობაა..სერ!

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი, სიერა ლეონე
24 ივნისი 2010 წელი
http://afrogeorgian.blogspot.com/2010/09/blog-post_25.html

დატოვე კომენტარი

კომენტარი