…ეშმაკს ამ ღვინის ერთი ყლუპიც რომ დაელია, ერთგული კაცი იქნებოდა მეგობარისა… (ომარ ხაიამ)

სიერა ლეონე მოვიარე თითქმის სრულად. ერთი პირობა სულ მარტო ვიყავი ქართველი. გასარკვევი და სამოძრაო ბევრი მქონდა, ჩავისვამდი ხოლმე მანქანაში ჩვენს აქაურ მეგობარ დოქტორ ბაბა კონტეს და მექანიკოს აბდულას და მიდიი…

დოქტორი ბაბა უსაჭიროესი და უკეთილესი კაცია. ბელადების ოჯახიდან არის. ქვეყანაში ყველას იცნობს. თუ არა და უცბათ გამოარკვევს ვინ ვინ არის, ვისი რა არის  და საქართველოსი არ იყოს, აქაც ყველა ყველას ნათესავია. თანაც დეპუტატი და პატივცემული კაცია. ამაზე უკეთესი მეგზური უცხო ქვეყანაში აღარ ვარგა…

აბდულა კი მექანიკოსი, მოტორისტი, ”ხადავიკი” და ”ჟესტიანშიკი”-ა ერთდროულად. აქ სადმე გზაზე თუ გაგიფუჭდა მანქანა, ცუდად არის საქმე. სავსეა გზები ჯორივით გაჯიუტებული ტექნიკით. აქაურებიც ფილოსოფიურად უდგებიან ამ ამბავს და კვირაობით ცხოვრობენ გზის პირას მიყენებული გაფუჭებული საბარგოების, ტრაქტორების თუ სხვა ოთხბორბლიანი ჯართის ქვეშ. ცხოვრობენ და ელოდებიან როდის გამოუგზავნის განგება შველას. ასე რომ აბდულას გარეშე მოგზაურობა გამორიცხულია…

ასეთი შემადგენლობით მოვიარეთ მთელი სიერა-ლეონე. სად არ ვიყავით: კაბალა, კონო, კენემა, პორტ-ლოკო, ლუნშარი, პეპელ-აილენდი, ბანანა-აილენდი, ბო, მაკენი, მაგბურაკა… ყველა ეს უცნაური სახელი ჩემთვის მნიშვნელობითა და ათასი შთაბეჭდილებით არის სავსე. ერთხელ გულრწფელი მადლობით მითხრა დეპუტატმა ბაბა კონტემ:

–         ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი! ხომ ვერასოდეს ვერ გავიცნობდი ჩემს სამშობლოს ასე. ეტყობა რაღაცისთვის მამზადებს! შენსავით არცერთ სიერა ლეონელს არ შემოუვლია ეს ქვეყანა!

ორი განსხვავებული სამყაროა სიერა ლეონე. დედაქალაქი ფრიტაუნი და კიდევ ორი სამი ქალაქი ასე თუ ისე ნაზიარებია ცივილიზაციას. არავინ იცის, სასიკეთოთ თუ საუბედუროდ. მაგრამ, საკმარისია ოდნავ გადუხვიო მთავარ მაგისტრალს და ცხოვრება იქ არის გაჩერებული სადაც ხუთი საუკუნის წინ, პორტუგალიელების მოსვლამდე იყო, ბორბალი რომ ბორბალია იმასაც არა ხმარობენ. მაგრამ უნდა გითხრათ რომ დიდად არც არაფერი აწუხებთ და მხიარულად და კმაყოფილად გრძნობენ თავს.

დოქტორ ბაბას თავისი თეორიები აქვს. თქვენ ევროპელები სულ გამოგაჩურჩუტათ და გაგაუხეშათ რკინამ, პლასმასმა და ელექტრონიკამ, ვითომ კარგია, მაგრამ ადამიანი სადღაც ქრებაო, თან არასოდეს არ ავიწყდება, შენ არ გეხება, შენ ჩემი ძმა ხარო.

სამაგიეროდ იმის ახსნაც იცის რატომ არ მოხდა აფრიკაში ადამიანის ტექნიკური პროგრესი. დიდად თავის შეწუხება არაფრისთვის არ არის საჭიროო. აქ არ ცივა, შესაბამისად გათბობა არ უნდათ, ცეცხლს მხოლოდ საჭმლის დასამზადებლად თუ დაანთებენ, ერთადერთი პერიოდი როდესაც შედარებით გრილა (პირობითად) წვიმის სეზონია – ივლისი, აგვისტო, სექტემბერი – როდესაც გადაუღებელი ტროპიკული თავსხმაა, მაგრამ თბილი შხაპუნა წვიმა მოდის და სიცივესთან არავითარი კავშირი არა აქვს. აქედან გამომდინარე ტანსაცმელის დიდი საჭიროებაც არ არის. საცხოვრებელიც მსუბუქი და პირობითი, ყოველგვარი ”სტეკლოპაკეტის”, ”მეტალოჩერეპიცის” და ”კარმების” გარეშე. საჭმელს რაც ეხება, საოცრად მსუყე ხილი – ქოქოსი, ბანანი, მანგო, ანანასი, ციტრუსი და სხვა წვრილმანი უამრავია და ორ-ორი მოსავალი იცის. დიდი მოვლაც არა სჭირდება და მეტწილად ველურად იზრდება. თევზი სავსეა და მოსავლის მოყვანა და ზამთრისათვის დამზადება ნამდვილად არ არის საჭირო. და კულმინაცია – ალკოჰოლი – ღვინო! პალმის ღვინო!!! აქაურად პოიო.

აქ  ერთმა გადმოსახლებულმა მოლდაველმა კაცმა მოინდომა ვაზის გაშენება. ესეთი ნოყიერი მიწაა, ყველაფერი მოდის, რამდენიმე მოსავალია და იქნებ ვაზმაც იხაროსო. მართლაც ჩამოიტანა რამდენიმე ჯიში და ერთ-ერთმა იხარა კიდეც. ის ვაზი ფრიტაუნის ღირშესანიშნაობა გახდა. გაიზარდა, უსაშველოდ გადიდდა. ნამდვილი გიგანტია. რომ ნახავ ვერ მიხვდები ვაზია თუ ბაობაბი, და კიდევ იზრდება… მაგრამ რად გინდა, ნაყოფს არ ისხამს. აბა წავიდა თეორიები, იმიტომ რომ ზამთარი არ არისო, სეზონურობა სჭირდებაო… მოკლედ ფაქტი ის არის რომ ყურძენი არ მოდის და დასაწურიც არაფერია! ბერწი ვაზი კი აბა ვის რაში სჭირდება?

დოქტორ ბაბას უყვარს პალმის ღვინო. ფრიტაუნს როგორც კი გავცდებით, აუცილებლათ გამაჩერებინებს მანქანას. გზის პირას ჩამწკრივებულ მოვაჭრეებს მოუხმობს და დაგემოვნებით შეარჩევს ხოლმე პოიოს.  როგორც წესი კოკა-კოლის პლასმასის ბოთლებით ყიდიან. კარგად მოიმარაგებს, წრუპავს, კარგ ხასიათზე დგება და მთელი გზა გვართობს ათასნაირი ტყუილ-მართალით.

სანამ დალევს სპიდომეტრს თვალს არ აშორებს და სულ მეწუწუნება, ნუ მიფრინავ, ნელა იარე, მე ამ ქვეყანას ვჭირდები, პრეზიდენტი უნდა გავხდე და ისტორიას ნუ შეცვლიო. ეს მანქანა ხომ ევროპელების გაკეთებულია, ხომ ჭკვიანი ხალხი ხართ (მეც ევროპელებში გავდივარ!), რატომ არის რომ ერთადერთი სათადარიგო ნაწილი მოყვება – მეხუთე ბორბალიო. ესე იგი თქვენც გეშინიათ და შეიძლება გასკდესო. ნელა იარე, მომავალი პრეზიდენტი გიზისო. რომ მოწრუპავს პოიოს ერთი ორს, ავიწყდება სპიდომეტრიც, ბორბალიც და ევროპაც!  ხან სიერა ლეონეს ჰიმნს მღერის და ხან რაღაც დიმპიტაურს…

ერთხელაც გადავწყვიტე მენახა, როგორ აკეთებენ ამ პალმის ღვინოს. გზიდან გადავუხვიეთ და ნამდვილ საპალმეთში მოვხვდით. უცნაური სანახაობაა, წარმოიდგინეთ ბევრი პალმის ხე, პალმების ტყე. ყველა ხეს სადღაც ზევით მიბმული აქვს ნახევარზე გადაჭრილი პლასმასის ”კანისტრები”, აქაურები ”კონტეინერს” ეძახიან. ”ხეზე ნაჭდევია გაკეთებული და ამ ჭრილობიდან თეთრი ფერის ბლანტი სითხე წვეთავს. ” კონტეინერი ისეა მიბმული რომ ნაჭდევიდან სითხე შიგ მოგროვდეს. ერთ ორ საათში რამდენიმე ლიტრი გროვდება. კიდე ორიოდ საათი მზეზე დადებენ და ფერმენტაცია იწყება. ესეც გრადუსი! მერე ასხამენ კოკა-კოლის ნახმარ ბოთლებში. დაასხი – დალიე! ეს არის პალმის ”ვენახი”. ეს ხდემა წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თვეს და დღის ნებისმიერ საათს.

მოგწონთ?! რა ჯობია კაი ახალ პალმის ღვინოს! უნდა გითხრათ კარგადაც ათრობს! თავიდან მიჩვევა უნდა, ცოტა მომჟავო, მწკლარტე გემო აქვს, აქაურებისთვის კი ატენურიც ეს არის, ადესაც და ხვანჭკარაც… მშვენივრად ისმევა ქორწილშიც და ქელეხშიც.

ერთხელ, როდესაც მერამდენედ დავიკარგეთ შუა ჯუნგლებში გაკვალულ გზებზე, მოშიებულებმა და მოწყურებულებმა შესვენება გადავწყვიტეთ. მეგონა უღრან ტყეში, უკაცრავად ჟუნგლებში, ვარ და კაცის ჭაჭანება არ არის. დოქტორ ბაბამ ამიხსნა ეს ყველაფერი ილუზიაა, ცოტა ხანს მაცალეო. მართლაც საიდანღაც, თითქოს მიწიდან ამოიზარდნენო, ნელ ნელა მოგროვდნე კაცები, ქალები და ტიტლიკანა ბავშვები. დოქტორი რისი დოქტორია, შანსი გაეშვა ხელიდან, ეგრევე პოლიტ-მიტინგი მოაწყო, რაღაც კუნძზე დადგა, ლენინივით ხელი გაშალა და დასცხო აგიტაცია. სულ თავის კანტურით ეთანხმებოდნენ.

აქეთ კი რამდენიმე ქალი აფუსფუსდა. იქვე ბალახზე გაიშალა. საიდანღაც გაჩნდა ბრინჯი, თხის ხორცი, კასავას ფოთლების ფხალი – ”კასავა ლივს”, პალმის ზეთზე დაყენებული უცხარესი საწებელი – ”ჰოტ სოს” – აქაურად, დესერტათ მანგო და ბანანი  და ახლადდაყენებული პალმის ღვინო, მოთუხთუხე ”მაჭარი”. კარგადაც შეუბერეთ! აბა! ასე კი არ არის საქმე…

კინაღამ დამავიწყდა, გუშინ დოქტორ ბაბამ – გილოცავო!

–         რას მილოცავ დოქტორ? – გამიკვირდა

–         როგორ რას? ინტერნეტში ვნახე თქვენთან ადგილობრივი არჩევნები ყოფილა!

–         მერე არ მითხრა უგულავას მერობა გაგიხარდა?!

–         ვისი? – გაიოცა – ეგ რა შუაშია! ჯერ ერთი ისე ჩატარებულა რომ მსხვერპლი არ არის, არც კი უჩხუბია არავის, მეორე კი დამარცხებული გამოსულა და მიულოცია გამარჯვებულისათვის. შენ არ იცი ეგ რა კარგია! დემოკრატია ხომ ხელისუფლების მშვიდობიანად დათმობაა!!! ესე იგი ყველაფერი წინა გაქვთ. ასე რომ გულით გილოცავ!

–         მადლობა, დოქტორ!

* * *

მორიგი მოგზაურობიდან გვიან ღამე დავბრუნდი ფრიტაუნში. კოკა-კოლას ბოთლში ჩამოსხმული ნატურალური პალმის ღვინო ჩამომყვა. ვიფიქრე ჩვენი ფრიტაუნის კარ-მიდამოს ღამის დარაჯს, პოლიციელ მომოს გავახარებ. ძლივს ვიპოვე, კიბის ქვეშ მოკალათებულიყო და ეძინა. დაფეთებული წამოვარდა. დიდი ამბით დავდგი პალმის ღვინო და თავი მოვხადე.

–         სერ! სულ არ ვიცოდი თუ პალმის ღვინო გიყვარდათ!

გულის ჯიბიდან სუპერმარკეტში ნაყიდი არყის ”ჩეკუშკა” გააძრო,

–         მე ამას დავლევ, სერ! არ შეგეცილებით, აბა გაგიმარჯოთ!

და გემრიელად გადაკრა.

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი, სიერა ლეონე
03 ივნისი, 2010 წელი
http://afrogeorgian.blogspot.com/2010/09/blog-post_25.html

დატოვე კომენტარი

კომენტარი