sierra leone2

უკვე მეექვსე წელია აფრიკაში ვარ, საოცარ ქალაქში, ფრიტაუნში (როგორც გინდა ისე გაიგეთ – თავილუფალ ქალაქში, გაფრენილების ქალაქში…) ვცხოვრობ და საქართველოს ინტერნეტით ვადევნებ თვალს… ასე რომ – აუდი ბოდი!

ამ რამდენიმე თვის წინ 24 საათისა და ბლოგერების ბელადმა ბ-ნმა მამუკა ფაჩუაშვილმა ფეისბუკზე (აი კიდევ ერთი საოცრება) მომწერა – ბლოგებს (ნეტა ეს ბლოგები რა არის გამაგებინა ბოლომდე?!) ვიწყებთ და იქნებ შენი აფრიკული აზრებით შემოგვიერთდეო! ამ წლების განმავლობაში იმდენი სათქმელი და მოსაყოლი დამიგროვდა, ისე მომენატრა საუბარი და ამ ყველაფრის გაზიარება, რომ სიხარულით ავიტაცე ეს აზრი. ამას წინათ ისევ შემომეხმიანა აბა სადა ხარ, ბლოგერობა რომ გინდა, ჰა ბურთი და ჰა მოედანიო. ჰოდა გავშალე ჩემი ნოუტბუკი, მოვკაკვე თითები და გავშეშდი! ესე კი არ ყოფილა ბლოგერობა!

დაგვიანება და საქმის გადადება აქაური (აფრიკული) წესია, და მე, როგორც ნამდვილი აფრიკელი მივდევ ამ ადათს… რისი გაკეთებაც შეიძლება ხვალ, რატომ უნდა გააკეთო დღეს? აქ ჩვენთან, აფრიკაში ერთი გადასარევი სიტყვაა, ყველა კითხვაზე უნივერსალური პასუხია, აქაურ განუმეურებელ ინგლისურზე – კრიოზე – გადასარევად ჯღერს – თუმარა!!! ანუ ხვალ, ანუ გაურკვეველ მომავალში… მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მეტი, აღმატებითი ხარისხი, განსაკუთრებით იმედიანი – ნექსტ თუმარა!!! ეს თუ გაიგეთ შეგიძლიათ დამშვიდდეთ – თქვენი საქმე აღარასოდეს გაკეთდება! ჰოდა ვიფიქრე – ხო არ ვუთხრა ბ-ნ მამუკას ჯადო სიტყვა – თუმარა!

შემოგვიერთდი!

ჩამოვედი თუ არა ვერაფრით ვერ მოვიშორე განცდა რომ ბევრი რამ ნაცნობია და ძალაუნებურად ვადარებდი ქართველებს და აფრიკელებს: მცირე სხვაობები და უამრავი საერთო!

ძალიან ვგავართ – ყალთაბანდობით, აფერისტობით, გაუნათლებლობით, უპასუხისმგებლობით, დროის შეგრძნებით, კორუმპირებულიბით … თუ დაგვცალდა ყველაფერ ამაზე კიდევ ცალ ცალკე მინდა მოგითხოთ.

სხვაობა კი – ჩვენი აფრიკელი ძმები გაბოროტებულები არ არიან (რუსები არა ჰყავთ მეზობლად), ცხოვრება უხარიათ, სულ სიცილ კისკისით გატყუებენ… აგრესიულად არ იქცევიან და ერთმანეთს არ უბღვერენ… არც ჩვენი ამპარტავნობა აქვთ და კუდის ჩამოსადები ყავარიც ვერ უშოვნიათ…sierra-leone-1აქ, ამ მშვენიერ მწვანე აფრიკაში ცხადად გამოჩნდა თუ როგორი ხელოვნურია აქაურებისათვის დასავლური ცივილიზაციის ბევრი წესი, ნივთი თუ სტილი. თითქოს ევროპულად აცვია, ევროპულად საუბრობს და იქცევა… მაგრამ თუ კარგად დაუკვირდები, მიხვდები რომ ეს ყველაფერი გარეგნული ფორმაა, იმიტაციაა და მის უკან ან საერთოდ შინაარსი არ არის ან კი სულ სხვა რამ აზრი დევს რომელსაც ვერ სწვდები… მივხვდი რომ ქართველებიც ზუსტად ესეთი, ცოტა მეტად დახელოვნებული ”ტინგიცები” ვართ. პროფესიონალურად ”ვაბოლებთ” ყველას და ვერა ვხვდებით, რომ საკუთარ თავს ვატყუებთ.

ინტერნეტიდან ვიცი საქართველოს ამბები. მალე საქართველოში არჩევნები იქნება. აქ სიერა ლეონეში ჩემს თვალ წინ ჩაიარა რამდენიმე არჩევნებმა… ნეტავ ვინ და რატომ გადაწყვიტა რომ ან საქართველოში, ან სიერა ლეონეში არჩევნები უნდა ჩატარდეს და საერთოთ ასეთი ქვეყნებისათვის დემოკრატიაა საჭირო??? დასავლეთი საკუთარ თარგზე ცდილობს სამყაროს მოწყობას. პოლიტკორექტულობა ზღვარგადასულ სისულელეში გადადის, უფრო მეტიც, შეცდომების და ტრაგედიების მიზეზი ხდება. სიმართლე გამრუდებულ სარკეში ჩნდება. ავადმყოფს თუ სწორი დიაგნოზი არ დაუსვი, განა მკურნალობა შედეგიანი იქნება?! … სიერა ლეონესა და საქართველოს ნაირ გაუნათლებელ, განუვითარებელ და უკულტურო ქვეყნებს არ სჭირდებათ დემოკრატია, მეტსაც გეტყვით ეს მავნებელია! გული რომ არ გაგისკდეთ ბოღმით ამ ქვეყნების რიგის გაგრძელება შეიძლება – რუსეთი, განა, ლიბერია, ავღანეთი და ა.შ… კიდევ უნდა გავიმეორო – ასეთი ქვეყნებისათვის დემოკრატია არ არის საჭირო, მავნეა. აქ უნდა შემოვიღოთ რამე მოსამზადებელი კლასების მზგავსი, როდესაც მკაცრი სასწავლო ნაწილის (დირექტორის მოადგილე სწავლის დარგში) ზედამხედველობით ვიმეცადინებთ… და როდესაც გამოცდას ჩავაბარებთ და სიმწიფის ატესტატს ავიღებთ, მხოლოდ მაშინ უნდა მიგვიშვან არჩევნებზე. აქ სიერა ლეონეში ჩვენზე უფრო გონიერი ხალხია. უნდათ შემოიღონ ამომრჩევლად რეგისტრაციის კანონი. თუ ხმის მიცემა გინდა გამოცდა უნდა ჩააბარო და ამომრჩევლის ლიცენზია მიიღო. გამოგცდიან თუ იცი წერა კითხვა, ანგარიში, თუ იცი საარჩევნო კანონი და შენი უფლებები, თუ წაგიკითხავს კონსტიტუცია, თუ იცი რას ნიშნავს ხელისუფლების განაწილების პრინციპი და ა.შ. (არც ჩვენ გვაწყენდა არა?)

რატომ არის რომ დემოკრატიულ ქვეყნებში 18-21 წლამდე მოზარდებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ? ალბათ იმიტომ, რომ თვლიან, განათლების, გამოცდილების დონე არ არის საკმარისი, პასუხისმგებლობის გრძნობა არ არის ჩამოყალიბებული და ცუდი და არასწორი გადაწყვეტილების შანსი ძალიან დიდია. თანაც გაითვალისწინეთ რომ დასავლურ დემოკრატიულ ქვეყანაში მოზარდები ამ ოციოდ წელს შესაბამის გარემოში ატარებენ და იქ უფროსების შემყურე სწავლობენ და ემზადებიან დიდების ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად… სად, რა და ვისგან უნდა ისწავლოს სიერა ლეონელმა ან ქართველმა მოზარდმა?

დავსვათ 5 წლის ბავშვი თანამედროვე ძლიერი მანქანის საჭესთან და შეუბეროს ავტობანზე! ზუსტად ასეთ დღეში ვართ ეხლა. ან წარმოიდგინეთ თავად გაუნათლებელი მშობლების ცუდად გაზრდილი, უსწავლელი პირმშო შეუშვათ სუპერმარკეტში და თავად აირჩიოს სურსათი. რამდენ უსარგებლო ბრჭყვიალა შოკოლადს, ”ჟუვაჩკებს”, კარამელებს და ”მონპასის კანფეტებს” იყიდის?! ჰოდა ჩვენც გვყავს ზიზილ პიპილოში შეფუთული ”მონპასის” პოლიტიკოსები!!!

ისევ პოლიტიკამ წამიღო! არადა რამდენი მართლა საინტერესო, უცნაური და სახალისო რამ არის მოსაყოლი. თუ გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა აუცილებლად მოგიყვებით…

აქაურებს საოცარი იმიტაციის უნარი აქვთ. ისე გაიმეორებენ უცხო ენაზე გაგონილ ფრაზას არც ერთი ასო არ შეეშლებათ და არც კილოს აურევენ. ჩვენს კარ მიდამოს ერთი ღამის დარაჯი ყავს, მომო ქვია. კუნაპეტივით შავია და ღამე ვერსად იპოვი. მომო ხნიერი პოლიციელია, უქნარა და არაფრის მაქნისი, მაგრამ წლების მანძილზე შემოგვეჩვია და ვეღარც ველევით. საღამოს შვიდ საათზე მოდის, პოსტს ჩაიბარებს და დილის შვიდ საათამდე გვდარაჯობს. ყველას რომ გაიგულებს, მოკალათდება და გემრიელად დაიძინებს. თან დასაძინებლად სულ სხვადასხვა ადგილებს ირჩევს. ასე გვდარაჯობს ღამ-ღამობით… თუ დაგჭირდა, ძალიან კარგად უნდა მოძებნო, რომ იპოვო. ერთხელაც მისი ძებნით გაბეზრებულმა, ღრიალი მოვრთე – მომო, შენი…!!! ვიფიქრე სადაც დავიჭერ, სულს ამოვხდი!

მომოს ეტყობა ჩემი ღრიალისგან გაეღვიძა. მიხვდა რომ ცუდათა აქვს საქმე, და გამოსავალიც უცბად იპოვა… ზურგიდან მომეპარა, თითი გამოიშვირა, თავი გვერდზე გადახარა, თვალები მინაბა და სუფთად, უშეცდომოდ, გურულ კილოზე დაამღერა ”შემოდგომა რომ დადგებააა! შაშვი იწყებს გალობასოოო….!!!

რას იზამ ესენი ხომ გადაღებილი ქართველები არიან! ან ჩვენ ვართ თეთრად შეღებილი ზანგები…

პატივიცემით,
აფროქართველი
ქ. ფრიტაუნი, 2010 წლის 28 მარტი

 

თორნიკე ბერიშვილი
http://afrogeorgian.blogspot.com/2010_09_01_archive.html

დატოვე კომენტარი

კომენტარი