12674469_945019878868373_1398942826_n

ახლა საწოლში თბილად,მოკალათებული ვზივარ ,არაფერი მაწუხებს,მაგრამ გულის კაწკაწით ველოდები დილას,ნეტავ მალე არ დადგეს… რომ იღვიძებ და ტკივილს გრძნობ ბევრ ადგილას, მუხლის კუნთებში, სახსრებში, მხრებში, რადგან ახალგაღვიძებულს ეს ტკივილები წამისწამად მოგახტებიან და ყურში ჩაგძახებენ :”ვუუუჰ!”

 

მაინც უნდა თქვას რომ ეს მცირე დარდი არაფერია იმ დღესთან შედარებით რომელიც მქონდა;ვიყავი ლაშქრობაზე,მოლაშქრეთა კლუბ მოხეტიალესთან ერთად ატენის ხეობაში ვნახე ჩანჩქერი, თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი გზებია ხოლმე, იქ მოყინული ბილიკები, ზოგგან დამდნარი თოვლი და ქვეშ დარჩენილი მოყვითალო-მოყავისფრო ფოთლები,ზოგგან კი შეფიფქული ატმოსფერო დამხვდა. კიდევ უფრო მთავარი გზის სირთულეა, ერთი შეხედვით არაფერია გადახვიდე ვიწრო მდინარის მეორე ნაპირას, მაგრამ თუ ფეხები შიგ არსებულ ქვებს უნდა დაადგა,რომელთა უმეტესობა საგრძნობლად სველია და ფეხი ცურავს,იმის პერსპექტივა,რომ წყალში მოადენ ზღართანს და გარშემო ყინავს,არავის მოხიბლავს და ამიტომ  ყველა ზედმეტად ვფრთხილობდით. მე თითქმის ვკანკალებდი კიდეც, მაგრამ მგონი ყველაზე მეტად გამიმართლა რადგან პატარა და მსუბუქი აღმოვჩნდი და ადვილად გადავყავდი სხვებს მეორე მხარეს, ხელში აყვანის შემთხვევებიც იყო.სულ 13 ჯერ გადავლახეთ მდინარე (წამოსვლისას ვითვლიდი). ზოგ ადგილას ჯგუფურად გაგვიმართლა და ყინულზე გადავიარეთ და ქვებზე ფხოტიალმა არ მოგვიწია. ჩანჩქერი ლამაზი იყო, გრილი, სუფთა და გაშმაგებული, ცოტათი მოყინული მაგრამ მაინც მედგარი.

12659822_945020375534990_1637584775_n

უნდა ავღნიშნო,რომ სიცივე თითქმის არ მიგრძვნია,მხოლოდ იმ მომენტში როცა შვისვენეთ და კოცონი დავანთეთ, უძრავად მდგარს სიცივემაც შემომატანა სხეულში და სახსრების ტკივილმაც. მაგრამ ავმოძრავდი თუ არა ერთიც და მეორეც საპნის ბუშტივით გასკდნენ. ერთი მომენტიც უნდა გავიხსენო სადაც დიდი სისუსტე გამოვავლინე. შემაღლებულზე ავდიოდით, ციცაბო იყო და ვიწრო გასავლელი ძალიან, მე უცებ ქვემოთ ჩავიხედე, ქვები ჩანდა, ცოტა მოშორებით მდინარე და ვიფიქრე ერთი ფეხი რომ ამიცდეს ყველაფერი გათავდება მეთქი,თავი საფეთქელგახეთქილი წარმომიდგა და უგონო,სისხლში. თავბრუ დამეხვა და გზა ვეღარ გავაგრძელე,ვერც წინ მივდიოდი ვერც უკან. საბედნიეროდ ძლიერი სკაუტი ბიჭუნა აღმოჩნდა იქ და გადმომიყვანა, სულ ერთი ნაბიჯი უნდა გადამედგა რომ გამევლო არადა. მე კი ჩემით ვერ შევძელი და მივხვდი,ზოგჯერ ჯობია რთული გზა სირბილით გაიარო ვიდრე ბევრი ფიქრით და წინასწარი გათვლით.

ადამიანები ძალიან პოზიტიურები იყვნენ, ისინი გამომელაპარაკნენ, სულ ასე ხდება მე არასოდეს ვიჩენ ინიციატივას,ან შეიძლება საამისო შემართება არ მყოფნის, თითქმის არავის ვიცნობდი და ახლა ყველას სახელი თუ არა ,სახე -ზედმიწევნით მახსოვს. ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპის ადამიანი იყო და ეს უფრო საინტერესოს ხდიდა პროცესს, რომ მათ ყველას, სხვადასხვა შეხედულებები აქვთ რიგ საკითხებში მაგრამ მაინც ერთად არიან, შეხმატკბილებულად მიაბიჯებენ ყინულიან და  ოღრო-ჩოღრო  თუ ტალახიან მოლაპლაპებულ გზაზე.

ახლა,მჯდომიარე-მწოლიარეს მაცვია ის ჟაკეტი ატენში რომ მქონდა წაღებული,ამასაც მცირედ ასდის კოცონის სუნი და არ ვიხდი,რადგან ეს იმ სიტუაციას მახსენებს,ფიქრებით ისევ იქ ვარ და კოცონს ვეფიცხები.

დატოვე კომენტარი

კომენტარი

პასუხი

გთხოვთ დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ სახელი