ალმასის თავის ქალა

ჰოლანდიის დედაქალაქი ამსტერდამი ერთ-ერთია ტრადიციული ალმასის ჭრის მსოფლიო ცენტრებიდან. ამსტერდამში მდებარეობს სახელგანთქმული ალმასის მუზეუმი, რომელიც მოიცავს დიდ და მრავალფეროვან ინფორმაციას ალმასის 400 წლიანი ისტორიის შესახებ. მუზეუმის სტრუქტურა შექმნილია ისე, რომ ვიზიტი ამ მუზეუმში, თუნდაც ისეთი მოგზაურისთვის, რომელსაც ეს სფერო არ აინტერესებს, ხდება საკმაოდ მიმზიდველი.
მუზომის შესასვლელი”Diamant Museum Amsterdam” მდებარეობს ამსტერდამის შუაგულში, მუზეუმების მოედანზე. მათ შორის ყველაზე ღირსშესანიშნავია “Van Gogh Museum”. მის შესასვლელში გვხვდება კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც უნდა შეიყვანოთ მონაცემები თქვენი წარმოშობისა და სასურველი ენის შესახებ, რის შემდეგაც, თქვენ მიერ არჩეული მონაცემების შესაბამისად, ექსკურსიას ჩაგიტარებენ სხვადასხვა ეროვნების გიდები. შესვლის საფასური შეადგენს: ზრდასრული ადამიანებისთვის 8.5 ევროს, სტუდენტებისა და მოზარდებისთვის 6 ევროს, ხოლო ბავშვებისთვის ვიზიტი უფასოა. 2011 წელს, როდესაც მე პირველად მოვხვდი ამსტერდამის ალმასის მუზეუმიში, გაკვირვებული დავრჩი ქართველი გიდის გამოჩენით, რამაც ძალიან გამახარა. ექსკურსია ჩამიტარა ახალგაზრდა ქალბატონმა თამარმა, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს ჰოლანდიაში. ვიზიტი მუზეუმში მოიცავდა ალმასის განვითარების მრავალწლიანი ისტორიის გაცნობას, რომელსაც მივყავართ ალმასთა სხვადასხვა საბოლოო ფორმებამდე. თუმცა ისტორია ამით არ მთავრდება, რადგან, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, და ასევე ამ მუზეუმში, ალმასის დამუშავების ტექნოლოგია კვლავ განვითარების გზებს გადის. მუზეუმში შესვლისას, პირველ ეტაპზე მოგზაურები ხვდებიან ოსტატთა დარბაზში, რომლებიც ექსკურსიის პარალელურად მუშაობენ და სხვადასხვა ნაკეთობას ვიზიტორების თვალწინ ამზადებენ.

ოსტატი
აქ მოგზაურებს შეუძლიათ ნახონ მსოფლიოში ცნობილი პროფესიონალი იუველირები. ოსტატთა დარბაზის შემდეგ, მოგზაურები გადადიან მზა ნაკეთობების დარბაზში, სადაც წარმოდგენილია უნიკალური და ულამაზესი სამკაულები და სხვადასხვა საიუველირო ნივთი. ექსკურსიის პროცესში შესაძლებელია როგორც ნაკეთობების დათვალიერება, ისე მათი შეძენა.
სამკაული
ვიზიტორთა მიღების გარდა, მუზეუმი მსურველებისთვის სემინარებსაც ატარებს. სემინარის ღირებულება შეადგენს 250 ევროს და მისი გავლის შემდეგ გაიცემა ალმასის სერტიფიკატი. ოსტატი მსურველს საბაზისო კურსს უტარებს ალმასის დამუშავების, კერძოდ მისი გაპრიალებისა და დაჭრის, შესახებ. შემდეგ ვიზიტორი საჩუქრად იღებს დაუმუშავებელ ალმასს, გაპრიალებისა და დაჭრისათვის.
საყურეები
მსოფლიო მასშტაბით, ამ სფეროში გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის, ნებისმიერი დამუშავებული ალმასი ბრილიანტია. სინამდვილეში ბრილიანტი არის დამუშავებული ალმასის ერთ-ერთი სახე, რომელიც შედგება ორი შეთავსებული “პირამიდის” ფორმისგან და გააჩნია 56 წახნაგი.

მუზეუმში იხილავთ საოცარ სილამაზეს, რომელიც მნახველებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს, რის შემდეგაც გაგიჩნდებათ სურვილი გაიგოთ რაც შეიძლება მეტი ამ უნიკალური მატერიის – ალმასის შესახებ.

ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი