რამდენიმე თვე  ველოდებოდი ,როდის გადამივლიდა ირანიდან გამოყოლილი ეიფორია ,რომ მშვიდად დაჯდომა და წერა შემძლებოდა ,მაგრამ ფაქტია- ამ ხნის მერეც ვერ ვპოულობ ზუსტ სიტყვებს იქიდან გამოყოლილი ემოციების და იმ სიკეთის გადმოსაცემად,ირანელი ხალხისგან რომ მივიღეთ. ათი დღის განმავლობაში გავიცანით ათობით ადამიანი,რომლებიც უსასყიდლოდ გვთავაზობდნენ შესაბამისი მიმართულებით წაყვანას ,გვათვალიერებინებდნენ ქალაქებს,სოფლებს ,გვეპატიჟებოდნენ ქორწილებში თუ უბრალოდ სუფრასთან. ყველა ქალაქში მფარველი ანგელოზებივით გვეცხადებოდნენ პიროვნებები,რომლებიც თავისთან დარჩენას გვთავაზობდნენ და ამ შემოთავაზებაში არაფერი იყო უხამსი ან საშიში.

ხალხი მზად იყო ნებისმიერი საქმე გადაედო  და თავისი ფეხით მიეყვანე იქ,სადაც გსურდა ,ბოლო თანხა ამოეღო ჯიბიდან და თავად ეყიდა შენთვის ის,რაც გსურდა.ამ ქვეყანაში ,,სტუმარი ღვთისაა“ უბრალო ფრაზა კი არა ,ცხოვრების დევიზია ,სიკეთის კეთება კი შინაგანი მოთხოვნილება და არა პოზა.

2100 კილომეტრის მანძილზე არ მომშორებია შეგრძნება,რომ ათას ერთი ღამის ზღაპარში ვიყავი .პარადოქსია-ყველაზე საშიშად მონათლულ ქვეყანაში დავბოდიალობდით ორი გოგო და თავს ყველაზე უსაფრთხოდ ვგრძნობდით.

აურზაური საზღვარზე

ირანში სომხეთის გავლით წავედით.გაგვიმართლა და მარნეულშივე წამოგვეწია მანქანა,რომელმაც პირდაპირ ერევანში ჩაგვიყვანა. იქ ერთი დღით ვაპირებდით დარჩენას,მაგრამ იმდენად კარგი მასპინძლები გვყავდა- გრიშკა და დათო,ქართველი სომხები,რომ კიდევ ორი დღით დავრჩით და ახლო-მახლო სანახაობებიც მთლიანად მოვიარეთ .

პარასკევს უკვე მეღრის გამშვები პუნქტისკენ ავიღეთ გეზი,სამი მანქანა გამოვიცვალეთ,ჯამში რვა საათი ვიყავით გზაში და უკვე 18:00 საათისთვის სომხეთის საზღვარი გადაკვეთილი გვქონდა. სასწრაფოდ თავშლები ჩამოვიფხატეთ,შარვლის ტოტები ბოლომდე ჩამოვიწიეთ – აქაოდა კოჭები არ გამოგვიჩნდეს და არ დაგვიხვრიტონთქო,ამ შარვლებზე კაბები ამოვიცვით და ასე ფენა-ფენად გამოწყობილები,თავდაჯერებულები გავეშურეთ ირანის გამშვები პუნქტისკენ.

ჩვენ ზუსტად ვიცოდით-საქართველოს მოქალაქეებს ირანში შესვლისთვის ვიზა არ ჭირდებათ,მაგრამ თურმე მესაზღვრეებს არ ცოდნიათ…

ღიმილით (მაშინ ირონიული რომ მეგონა) უკან გამოგვაბრუნეს -უვიზოდ საზღვარზე ვერ გადაგიშვებთო. ვეუბნებოდით,ჩვენ ვიზა არ გვჭირდება, თუ რამე სიახლეა,მაშინ დადგენილება გვაჩვენეთთქო,მაგრამ ინგლისური იმათმა არ იცოდნენ და რუსული და რას გავაგებინებდით? ზონიდან გამოგვყარეს…

მაშინ ვიფიქრე , რომ ყველაფერი ცუდი,რაც ირანზე გამეგო  მართალი იყო  და თურმე ტყუილად არ გაგიჟდა დედა, ჩემი აქ წამოსვლის გადაწყვეტილება რომ გაიგო და არც მეგობრები მეკითხებოდნენ უმიზეზოდ,ნორმალური თუ ვიყავი. მაგრამ უკვე მეტისმეტად დიდი გზა გვქონდა გამოვლილი  იმისთვის,ასე უბრალოდ უკან რომ გამოვბრუნებულიყავით.

ვრეკავდით ისტერიულად  საელჩოში,სამინისტროში, საკონსულოში – არავინ გვაპსუხობდა (სამუშაო საათები დათავრებული იყო). კარგა ხნის მერე,როგორც იქნა,ვიღაცას დავუკავშირდით.იმან ორშაბათამდე დაიცადეთ (!) და განვიხილავთ მაგ ამბავსო. უიმედო სიტუაციაში ვიყავით. ბოლოს გიორგი მოსიძე დაგვეხმარა  ,რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას და ქ-ნ ეკა აკობიას. დაგვამშვიდეს და გვითხრეს ,რომ ელჩი საქმის კურსში იყო და დილისთვის ყველაფერი გარკვეული იქნებოდა.

იმ ღამეს სომეხმა მესაზღვრეებმა გვიპატრონეს. საოცარი უფროსი ყავდათ-ლეონი.ჩვენ ლევანით გაგვეცნო.ახალგაზრდობისას ქართველი გოგო მიყვარდაო ,იმასაცო,მაგრამ სომეხ ბიჭს ცოლად არ გამომაყოლესო. ახლა მეც ცოლ-შვილი მყავს ,იმასაც  თავისი ოჯახი და ოჯახებით ვსტუმრობთ ხოლმე ერთმანეთსო. ჩვენ ხინკალზე დავპატიჟეთ,როცა ჩამოხვალთთქო ,იმან კარგიო,მაგრამ ჯერ სომხური კონიაკი გამისინჯეთო და ასე ,უკაცრიელ ტერიტორიაზე გააჩინა ჯერ კონიაკი,შემდეგ კოკა-კოლა და ბოლოს ფანტასტიური პიცა. დღეს ვფიქრობ,რომ ასეთი კარგი ხალხის გაცნობისთვის ღირდა ის ერთი დღის ნერვიულობა.

კეთილი ოჯახი

თუკი ოდესმე სუპერვარსკვლავობაზე ოცნებობდით  და ჰოლივუდმა არ მიგიღოთ, ირანში უნდა წამოხვიდეთ- საზღვარზე გადასულები არ ვიყავით ,ადგილობრივები რომ მოგვვარდნენთქვენთან სურათი გვინდაო .ვერც კი დავთვლი ,დღეს რამდენ ოჯახში იქნება ჩვენი ფოტოები. მანქანები სვლას ანელებდნენ და გაოცებულები გვიყურებდნენ -ალბათ გაჩერება და წაყვანაც უნდოდათ,მაგრამ ყველა გადავსებული იყო. საერთოდ,ირანელები ასე ჯგუფურად მგზავრობენ -ცოლებთან,სიდედრებთან,სიდედრის მეზობლებთან  და ყვავი ჩხიკვის მამიდებთან ერთად -საკუთარი ტრანსპორტის ყიდვის საშუალება ყველას ხომ არ აქვს. ხოლო,თუკი ყავთ ძირითადად ადგილობრივი წარმოების პეჟოები და კიდევ რაღაც საბჭოური ვიზუალის მანქანები- განბაჟება ირანში რთული თემაა. ამ მანქანებზე მეტი კი  მოპედებია – სამ,ოთხ,ხუთ (!) კაცამხედრებული.

საოცრად ლამაზი კლდეების , ოქროსფერი მთების ,ვარდისფერი მდინარის და მის გარშემო გაშენებული ოაზისის დასათვალიერებლად იდეალურმა ტრანსპორტმა -ტრაილერმა  დაგვიმგავრა ჯულფამდე.

აქ კი გაძეძგილ ჟიგულსისმგავსს მივუახლოვდი იმის საკითხავად,რა გზას დავდგომოდით ტაბრიზამდე. ქალმა -დასხედით,ჩვენ გაგიყვანთ გზატკეცილამდეო.გაოცებულმა შევხედე ჯერ ამ ქალს,შემდეგ მის გვერდით მსხდომ სამ ბავშვს და უზარმაზარ პურებს,რომლებიც წინა სკამზე ედოთ.ქალმა გამიღიმა-ადგილი პრობლემა არ არისო .სასწრაფოდ წინ გადავიდა,ეს სამი ბავშვი როგორღაც კალთაში ჩაისვა და ის პურებიანი პოდნოსი ხელში დაიჭირა.განცვიფრებულები დავსხედით-რაღას ვიზამდით.

ეტყობოდათ ,რომ უჭირდათ,მაგრამ ძალიან ბედნიერებიც ჩანდნენ ამავდროულად.მასწავლებლები იყვნენ  სულ სხვა ქალაქიდან- ჯულფაში მთავრობის მიცემულ ქოხმახში ცხოვრობდნენ. მშივრები იქნებითო და ჯერ  იქ მიგვიყვანეს : კონტეინერებში უგემრიელესი ფლავი და კიდევ რაღაც იქაური კერძები ჩააწყვეს და ზურგჩანთებში ჩაგვიტენეს.

ათეულობით კილომეტრი ვიარეთ.სააკაშვილი რატომ გააგდეთო-გვკითხეს.ახლა უკრაინას აშენებსო,ვიცითო.ვერაფერი ვუპასუხე..

ტაბრიზთან ახლოს ჩამოგვსვეს,აქედან უკვე ყველა წაგიყვანთო.დავემშვიდობეთ.ტყუილად გინდათ გაგვაგდოთ,სანამ არ დავინახავთ რომ მანქანამ გაგიჩერათ  და გაყევით,მანამდე მშვიდად ვერ ვიქნებითო…

საკარვე პარკები

mta

ქალაქიდან ქალაქამდე უდაბნოებია-წითელი მთებით და ფერადი კლდეებით.ალაგ-ალაგ გორის ტრასის პეიზაჟებიც გამოერევა ხოლმე-მოსაწყენი პურის ყანებით.ქალაქები კი მთლიანად მწვანეშია ჩაფლული-მოვლილი გაზონები,უზარმაზარი ხეები ქუჩების  გაყოლებასა თუ მათ პერპენდიკულარულად,მოკლედ ყველგან,ყველგან სიმწვანეა.ყველა ქალაქში უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული პარკები -საშხაპეებით,უსუფთავესი ტუალეტებით,ტრენაჟორებით,პინგ-პონგის მაგიდებით და რაც მთავარია-საკემპინგე შემაღლებებით.

park

ირანელები გიჟდებიან პიკნიკებზე და ხუთშაბათ-პარასკევს( მათი დასვენების დღეებია)  და სხვა თავისუფალ დროს მთელი ქალაქი კარვებით ასეთ პარკებში მოდისსამოვრებით და ჩილიმებით შეიარაღებულები.პარკის დაცვა პერიმეტრს გამუდმებით აკონტროლებს,იქვე მეხანძრეები არიან მობილიზებული-ვინიცობაა სამოვრის ალი კარავს არ მისწვდეს.ღამეც აქ რჩებიან ,დილას კი მანქანებში აწყობენ კარვებს,მორჩენილ ნაგავს (!) და სამსახურებისკენ მიეშურებიან.

რამდენი ცოლ-ქმარი გინახავთ გვერდიგვერდ,ხელიხელჩაკიდებული რომ ისხდნენ პარკში?-მე ძალიან ბევრი ვნახე.ბედნიერები იყვნენ ,იმდენად ბედნიერები,რომ გავიფიქრე,იქნებ მეც გარიგებით გავთხოვილიყავი-მეთქი,მაგრამ მერე დავფიქრდი-იქნება ეს გარიგებით ქორწინებაც ერთ-ერთი იყოს იმ უამრავი მითისგან,ირანზე და ირანელებზე რომ არსებობს?

ტაბრიზელი ალადინები

ელ-გოლუს პარკიდან გამოვედით თუ არა , Defender-მა გაგვიჩერა.ამდენ პეჟოებში დიფენდერს გაკვირვებული ვუყურებდი და უფრო გავოგნდი,უსიმპატიურესი ბიჭი რომ დავინახე საჭესთან.სუფთა ბრიტანული ინგლისურით რომ გვითხრა-დასხედით,სადაც გინდა მიგიყვანთო,აი,მანდ  უკვე ვიგრძენი რომ მიყვარდებოდა.

ის იყო მე და მარიამი ორთაბრძოლის გამართვას ვაპირებდით  მძღოლის გვერდით დასაჯდომად ,რომ უკანა სავარძელზე არანაკლებ სიმპატიური ტიპი დავლანდეთ ,ხოდა მარიამმაც ,,დიდსულოვნად“ გადაწყვიტა დაეთმო წინა სკამი.

ჩვენი ბიჭუკელები ნამდვილი ალადინები აღმოჩნდნენ-მფრინავი ხალიჩების მაგივრად მფრინავი მანქანები ყავდათ,ჯინის მაგივრად შეძლებული მამიკოები და ზუსტად ისეთ სასახლეებში ცხოვრობდნენ,დისნეის უფლისწულებს რომ აქვთ,მოკლედ ირანულ მაღალ ფენაში აღმოვჩნდით.

ბიჭებმა ჯერლურჯი მეჩეთი ,  ქვის ხანის მუზეუმიდა ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები გვიჩვენეს,შემდეგ კი,რომ გაიგეს ქანდოვანის ნახვაზე ვოცნებობდით ,უყოყმანოდ გადაწყვიტეს წაყვანა.

1

ქანდოვანი კაპადიკიის მსგავსი სოფელია. კლდეებში უძველესი მოსახლეობის მიერ გაკეთებული ხვრელებია ,რომლებშიც ბინებია მოწყობილი და ხალხი დღემდე ამ ბინებში ცხოვრობს.2

როგორც ბიჭებმა აგვიხსნეს, ეს კონუსური ფორმები ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა,რომელიც ადგილობრივ ქანებთან შევიდა რეაქციაში და საბოლოოდ ამ სახით ჩამოყალიბდა. სოფელში დღეს-დღეობით 200-მდე ოჯახი ცხოვრობსო,- გვითხრეს. შემდეგ კი ადგილობრივების მიერ დამზადებული აირანი და თაფლი იყიდეს და უკან,ტაბრიზში დავბრუნდით.

34

საღამოს გასართობ პარკში წავედით და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშიშ ატრაქციონზე ვიჯექი. ისე ვკიოდი,რომ ჩამოვედი ყველა ერთიანად მეფერებოდა და ჩემს მდგომარეობას კითხულობდა J ხო,აი,ასე-სანამ ჩემი მეგობრები ნერვიულობდნენ,მე ვინმე „ირანელი ტერორისტის“  მსხვერპლი არ გავმხდარიყავი ,კინაღამ მართლა ვემსხვერპლე-ოღონდ კარუსელს.შემდეგ ბევრი უგემური ნაყინი და უცნაური წვენი ვსვით ,5

ბიჭების მშობლები გავიცანით  და როცა თვალების ფახურით თბილისში ვეპატიჟებოდითგვიპასუხეს, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით გვეწვეოდნენ … თავიანთ საცოლეებთან ერთად.ესეც შენი ირანული ზღაპარი,დაუნდობელი დასასრულით.

 

ჯადოსნური ავტობუსი

ტაბრიზიდან თეირანში ავტობუსით წავედით. 12 საათიანი მგზავრობა გველოდა და სნექები,წყალი და მარაოები მოვამზადეთ ,თურმე სულ ტყუილად – ავტობუსში თითქმის ყინავდა (აქვე გეტყვით,რომ მთელი 10 დღის განმავლობაში არსად შეგვხვედრია ის აუტანელი სიცხე , რითიც ასე გვაშინებდნენ ამინდის პროგნოზები  დამეტიც,თბილისში მეტად ვიწვოდი წინა დღეებში ,ვიდრე ირანში კილომეტრობით სიარულისას -უზარმაზარ ჩანთა მოკიდებული და თავსაფარში შეხვეული). ცოტახანში პეჩენიებით და შოკოლადებით სავსე პარკები ჩამოგვირიგეს -მე წამიერად დიდუბელი გამყიდველი მეგონა და არა,არ ვიყიდითქო-ხელები გავასავსავე .გაოგნებულ მზერაზე მალევე მოვეგე გონს და  მივხვდი,რომ უბრალოდ ფასში შედიოდა.

აი,მალე ყავა რომ ჩამოგვირიგეს და მაცივრისკენ გაგვახედეს- ცივი წყალი თუ მოგინდებათ იქ არისო,მაშინ კი ვიპწკინე ,ნამდვილად ავტობუსში თუ ვართქო-კი,ნამდვილად ავტობუსში ვიჯექი.

მერე , სკამზე დამაგრებულ მონიტორში ,ირანულ სერიალსაც ვუყურე -ერთი თავსაფრები ეხურათ,თორე დანარჩენი იგივე ნაგავი იყო ,თავისი ინტრიგებით და მე მამაშენი ვარ-ებით და მერე ჩამეძინა. რომ გავიღვიძე უკვე თეირანში ვიყავით-ყველაზეუშნო  ქალაქში ,მთელს ირანში.

შერეკილი ტაქსისტი

დილის 6 საათი. სიბნელე.ირგვლივ სრული სიცარიელე. უცებ არსაიდან მანქანა ჩნდება სპარსულად რაღაცას გვეუბნება.ვანიშნებთ რომ არ გვესმის,მაგრამ ის მაინც აგრძელებს. კი ვიეჭვე,ტაქსი იყო- აქ(აც) დიდი გაიძვერა ტაქსისტები არიან,ნიშანი არ უკეთიათ ,ჩაჯდები და მერე აღმოჩნდება ,რომ ფული უნდა გადაუხადო.
გზას ვაგრძელებთ.ეს უკან მოგვყვება. ისევ გვანიშნებს ჩაჯექითო. ჟესტების ენაზე ვუსხნით,რომ კაი,ჩავსხდებით ,მაგრამ ჰიჩჰაიქერები ვართ და ფულს არ მივცემთ. თავს გვიქნევს-კაიო. მივყავართ. მივდივართ,მივდივართ,მიიივდიიივართ-გათენდა ამასობაში. მძღოლს ვანიშნებთ ,რომ გვშია და რამე კაფესთან გაგვიჩეროს-ამას არ ესმის. ბოლოს რაღაც პარკს ვხედავ და ვემუდარები,რომ აქ მაინც შეჩერდეს . ისევ არ ესმის.ბოლოს ვკივივარ. გააჩერა. მეთქი მადლობა რომ მოგვიყვანე ,კაი კაცი ხარ ,აბა ჰე,აბა ჰო . თან ჩანთას ვექაჩები ,დროზე ჩავიდე,ემანდ კიდევ არ დაძრას მანქანა.
ეო,სად მიდიხართო,ფულიო (ფული იმათ ენაზეც ფულია) ? უკვე ისე ვარ შეწუხებული ამ კაცით ,10 დოლარს ვაძლევ,ოღონდ მოგვშორდეს. ესო ცოტააო,კიდევო. გესმით? ჩემი ორი დღის ბიუჯეტზე მეუბნება ცოტააო,გიჟს ვგავარ. მეტი არ გვაქვსთქო და ამ ჩვენი უზარმაზარი ჩანთებით გავრბივართ.
პარკში პარალონებს ვშლით და ის-ისაა ,ამ კაცის მოშორებით ბედნიერები გავწექით,რომ უცებ თავზე არ დაგვადგა? პარკებს მიწვდის.ჩავხედე-საჭმელებია. ვააა,ვუყურებ-მიღიმის.ახლა იმ 10 დოლარიანს მიწვდის.კიდევ უფრო ვააა.პარალელურად ლაპარაკობს ,ლაპარაკობს,ლაპარაკობს -როგორც მივხვდი,რახან მეტი არ გაქვთო ,არ მინდაო ესო და მშივრები იქნებითო,ჭამეთო.მეჩეთის სახელს ახსენებს -ეტყობა იქ გვიპირებს წაყვანას. ასე დავიმეგობრეთ გადაგდებული ტაქსისტი.
საოცრად გემრიელი თხევადი ყველის სამი კოლოფის შესანსვლის შემდეგ წავედით მეჩეთში.ტურისტულ მეჩეთებში ლოცვები არაღევლინება და რაც გაცვია,იმითი შეხვალ .მოქმედ მეჩეთში შესვლის წინ კი ჩადრს გაცმევენ ,ფეხსაცმელებს გახდევინებენ და ფოტოს გადაღებას გიკრძალავენ.თუმცა, აპარატის გამოყენების უფლება რომც მოეცათ,მაინც ვერ გადავიღებდით-კაცს თავი შევაცოდეთ:შიმშილით ვკვდებით,ფული არ გვაქვსთქო და ამხელა ციფრული რა სინდისით უნდა გამოგვეჩინა.
იმ დღესვე წავედით თეირანიდან. ჯერ ერთი,სანახავი თითქოს ბევრი არაფერი იყო და თან ამ დამეგობრებული ტაქსისტისაც ცოტა მეშინდოდა-ვაიდა,მასში ძველ,მერკანტილურ სულს გაეღვიძა.

ისპაჰანი

 ისპაჰანი ისეთი ქალაქია,რამოდენიმე თვე რომ სიამოვნებით ვიცხოვრებდი. რა ჯობია ,დილით რომ გაიღვიძებ  და ძუნძულით  ხაჯუს ხიდს გადაირბენ , მერე ვარჯიშით დაღლილი ,იქვე  ალავერდი ხანიის 33 თაღიანი ხიდის ქვეშ გაგრილდები ,

xid

შუადღეზე ,სიცხეს გოლჰას პარკში წამოკოტრიალებული დაემალები , მერე იქნება natural  მუზეუმშიც შეიარო-დინოზავრებთან სელფები გადაიღო,იქვე ,თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კიდევ ერთხელ დარწმუნდე,რომ რისი-რისი და ირანელები ქონთემფორარის აზრზე არ არიან ,საღამოსკენ  ვანკის კათედრალს ესტუმრო-ერთადერთ კათოლიკურ ეკლესიაში ირანის ტერიტორიაზე,

ekless

შეღამებულზე კი  ისფაჰანის ცნობილ ბაზარში აიარო/ ჩაიარო -მერე რა,რომ ფასები ისე მაღალია,ვერაფერს იყიდი-თვალს წყალს მაინც დაალევინებ.

baz

და ბოლოს,აი,ასეთ კაფეში ყავაც დალიო.

kaf

,,პრადვინუტი“  ბიჭი

 ჰამიდი ისფაჰანის ბაზარში სეირნობისას გავიცანი. საფულეების გამყიდველს ვევაჭრებოდი ,რომელიც უსინდისოდ სარგებლობდა იმით,რომ მათი ფულისა ფერაფერი გავიგე და ცდილობდა ,კიდევ უფრო დავებნიე. ირანელებს ორი სახის კუპიურა აქვთ :რიალი და თუმანი (ასევე,რაღაც ხურდები,რომლებსაც მაღაზიებში სხვებს აძლევდნენ ,მაგრამ ჩვენ რატომღაც არასდროს).

100000 რიალი 10 000 თუმანია  და ერთი დოლარი  3000 თუმანს ,ანუ 30000 რეალს უდრის (ან იქნებ ისევ მეშლება და პირიქითაა :დ).ერთი შეხედვით,შეიძლება არც ისე ძნელია ,მაგრამ როცა 50 დოლარს ახურდავებ და უცებ მილიონერი ხდები ,დამიჯერეთ,თქვენც აგერევათ თავ-გზა . სიტუაციას ის ართულებს,რომ  ირანელებს ციფრების განსხვავებული დამწერლობა აქვთ და აზრზე ვერ მოდიხარ ,რას გეუბნება KFC-ის სენდვიჩთან დამაგრებული ფრაისი ან რა კურსი აწერია სავალუტო ჯიხურს (რომელიც სანთლითაა საძებარი ,მათ ფუნქციას ქუჩაში მდგარი კაცები ითავსებენ და მე სულ გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორია მახსენდებოდა 90-იანებში).

კენტუკის ქათამი ვახსენე,რომელსაც ბუნებრივია,ნამდვილ KFCსთან საერთო არაფერი აქვს .აქ ბევრი ასეთი ყალბი ბრენდი შემოგხვდებათ -ამაშიც გამოიხატება ირანელების სურვილი,იყვნენ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი,თუმცა დანარჩენ მსოფლიოს ,სამწუხაროდ,იგივე არ სურს.

ხოდა,ძალიან გადავერთე- პრადვინუტ ბიჭზე გიყვებოდით,რომელიც საფულის იაფად ყიდვაში დამეხმარა  და შემდეგ თავის ხალიჩების გალერეაში დამპატიჟა ჩაიზე. მასთან ერთად კიდევ ორი ბიჭი მუშაობდა -ორივე ჰაირქათით,სქინი ჯინსებით და ჰიფსტერული სათვალეებით.კლიენტები ბევრი ყავდათ და ყველას სხვადასხვა ენაზე ესაუბრებოდნენ .გავოგნდი. ლინგვისტები ვართო-ამიხსნეს.ყველაზე ცოტა- 5 ენა ჰამიდმა იცოდა(ყველაზე უმცროსი ვარ და მეპატიებაო- თავი იმართლა).შემპირდა,მომავალ წელსაც თუ ჩამოხვალ,ქართულად დაგელაპარაკებიო .

შემდეგ Jāmeh Mosque-ში წამოგვყვა

11

და თან გზადაგზა ისტორიას გვიყვებოდა : ეს უძველესი მეჩეთი 2012 წლიდან იუნესკოს დაცული ძეგლია. მერვე საუკუნიდან  მე-20 საუკუნემდე მას მუდმივად რაღაცას ამატებდნენ, ცვლიდნენ,ანახლებდნენ და ყველა ეპოქის გავლენა ეტყობა. დღეს კი რეკონსტრუქციას უტარებენ-ო.

12n 13 14

თვითონ ჰამიდი არცერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო-მორწმუნეებს სულელი ცხვრები უწოდა ,შემდეგ ხელისუფლებაც მოიხსენია აუგად- მოგვიყვა,რომ წლების წინ ახალგაზრდები ამ  “shitty” მთავრობის წინააღმდეგ აჯანყდნენ ,მაგრამ არაფერი გამოუვიდათ -სისხლიანმა რეჟიმმა უამრავი სტუდენტის სიცოცხლე იმსხვერპლა და ახლა ბრძოლას ვეღარ ბედავდნენ.თუმცა ,ეს მორჩილება,თავშლები,ტრადიციების დაცვა -ყველაფერი ფასადურიაო,-აგვიხსნა. თვითონ არ ესმოდა რა საჭიროა საერთოდ ტრადიციები . ქორწინების ინსტიტუტს ხომ საერთოდ bullshit ეძახა. შემდეგ დაინტერესდა,საქართველოში არ მხრივ რა ხდებოდა ,რას ვფიქრობდით ქორწინებამდე სექსზე და ა.შ. პასუხმა დააკმაყოფილა -ჩვენთანაც ასეაო. ხნიერ ხალხს არ ესმის,მაგრამ ჩვენი თაობა კარგად ვხვდებით ,რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სექსუალურ თავსებადობას ურთიერთობის ჰარმონიულობისთვისო.

პირადად ჰამიდს უკვე ერთი წელია,რაც გელფრენდი ყავდა. სამომავლო გეგმები არ გვაქვს,მთავარი ისაა,რომ დღეს ყველაფერში ვეწყობით ერთმანეთსო. დასძინა-ჩვენი ტოლების 60% ზუსტად ისევე ცხოვრობს და უყურებს ამ საკითხს ,როგორც მეო.

გაოგნებული დავემშვიდობე.

სასტუმრო ,  ინტერნეტი და კიდევ რაღაცები

საღამოს ჰოსტელის ძებნა დავიწყეთ-აღმოჩნდა,რომ ასეთი ცნება -„ ჰოსთელი“ ირანში საერთოდ არ არსებობს,სამაგიეროდ სასტუმროებია ბევრი-განსხვავებული ფასებით და ინფრასტრუქტურით.

ჩვენ სადაც მივედითიქ  50 დოლარი დაგვიფასეს ოთახიანუ 25-25 უნდა გადაგვეხადა. ადმინისტრატორს რომ ვუთხარით ცოტას კიდევ გავივლითთქოაკლო და აკლო. 25დან 13 დოლარზე რომ ჩამოვიდა,დავინდეთ და დავთანხმდით. იმედი გვქონდა,აქ მაინც გვექნებოდა ინტერნეთთან წვდომა,მაგრამ მიმღების  ბიჭმა ნომრის თანხაზე მეტი მოგვთხოვა ფასვორდის გამხელაში და იმედგაცრუებულები შევეშვით.

ოთახი იყო ძალიან სუფთა და ლამაზი.აბაზანაც მოწესრიგებული და თანამედროვე -ირანულითა და ევროპული ტუალეტით.კმაყოფილებმა გადავხედეთ მე და მარიამმა ერთმანეთს და ჩვენი კმაყოფილება ერთი-ორად გაიზარდა ,როცა მაგიდის უჯრაში წინა სტუმრის მიერ დატოვებული ვაი-ფაის ფასვორდს მივაგენით.მაგრამ რად გინდა-ირანში ფეისბუქიც და Gmail-იც დაბლოკილი ყოფილა.მოგვიანებით ხერხი გვასწავლეს – ყველა private tunnel-ის app-ით ვსარგებლობთ და ეს აკრძალვა პრობლემას არ გვიქმნისო,იმ ღამეს კი შირაზის საითსინგების სერჩვაში გამოვიყენეთ ავრორას ნასროლი ინტერნეტი.

**

მეორე ჯერზე სასტუმროში ასე აღარ გაგვიმართლა – 30 დოლარად ჩვეულებრივი ციხის საკანი შევრჩა ხელთ,თუმცა ეს უკვე სხვა ქალაქში იყო,მანამდე კი :

  • 10 დოლარად ვნახე ტამტამები და როცა იმაზე ვფიქრობდი ,რანაირად შეიძლება ჩამეტენა ისედაც გადავსებულ ჩანთაში ამხელა ინსტრუმენტი,ვიღაც ქალმა ხელი ჩამავლო და უხეშად გამათრია მაღაზიიდან. სანამ აღშფოთებას მოვასწრებდიორიოდე ღერი ინგლისურით ამიხსნა ,შენ გვერდით რომ კაცი იდგა ეგ ქურდია ,აქაურობას მოშორდიო და თვალის დახამხამებაში  შეერია ხალხს.
  • მეორე ინციდენტი სადგურში მოხდა.ავტობუსს ველოდებოდით,როცა მანქანამ გაგვიჩერა და წაყვანა შემოგვთავაზა.ჩვენ უარი ვუთხარით,მან გამოკითხვა დაგვიწყო რაღაცების.მოპირდაპირე ქუჩაზე მყოფმა კაცებმა იფიქრეს,რომ ვიღაც გვაწუხებდა ,გადმოცვივდნენ ჩვენ მხარეზე და პოლიციაში დარეკვა შემოგვთავაზეს.
  • ამ სადგურზევე გავიცანით ჰიპი ირანელები: 4 ბიჭი,2 გოგო და ერთი გრძელთმიანი ,ჭაღარა ბაბუ.ჩვენსავით ჰიჩჰაიქინგით და კარვებით აპირებდნენ მოგზაურობას. საქართველოს მთებში გვქონდა დაგეგმილი წამოსვლა,მაგრამ რადგან ჩვენთვის წესები გაამკაცრეს და უკვე ვიზებს გვთხოვენ ,მარტო სომხეთში ლაშქრობით შემოვიფარგლებითო-სევდიანად მითხრეს.
  • ირანში,ისევე,როგორც ჩვენთან, ჯიპებზე ამხედრებული ქალები მრავლად არიან. ჩვენთვის არცერთ მათგანს არ გაუჩერებია.

 

ამბავი იმისა,როგორ მოვიდა მუჰამედი ჩვენამდე,ან ჩვენ როგორ  მივედით მუჰამედთან

ირანიდან შირაზის უნახავად  წამოსვლა არ შეიძლებაო-საზღვარზევე დაგვარიგეს. თვითონ ქალაქი ქალაქად დიდი არაფერი,მაგრამ ყველაზე ლამაზი,ისტორიული მეჩეთები და ღირსშესანიშნაობები სწორედ აქაა თავმოყრილი:

Shah-e-Cheragh Shrine რომელიც მოქმედი სალოცავია და  მეცხრე საუკუნეშია აშენებული.როგორც ყველა სხვა მოქმედ მეჩეთში,აქაც ორი განყოფილებაა- კაცები და ქალები ცალ-ცალკე  დარბაზებში ლოცულობენ.შიგნით ყველაფერი ბროლისა და სარკეებისგანაა მოპირკეთებული და თავი სალოცავში კი არა,დისნეის სასახლეში გგონია. ირგვლივ სრული სიმშვიდეა -ზოგი ლოცვანს ჩაჰყურებს,ზოგი მუხლმოდრეკილი ლოცულობს,ზოგი წინდას ართავს. ფოტოს გადაღება აქაც არ შეიძლება ,მაგრამ ზედამხედველმა ვითომ ვერ გხედავთ,ოღონდ მალე დაასრულეთ გადაღებაო და ჩვენც აი,ეს სურათი შემოგვრჩა.

mech

Nasir al-Mulk Mosque ვარდიფერი მეჩეთი.აშენდა ყაჯარების მმართველობის დროს. ფასადი ძვირფასი,ფერადი მინითაა გაკეთებული. აქაურობის ნახვა ყველაზე მეტად გვინდოდა ,ან როგორ არ მოგინდება, tripadvisor -ზე ასეთი სურათები რომ დევს და სასწაული რევიუები რომ აქვს,

pink

მაგრამ ცოტა იმედი გაგვიცრუვდა,როცა ამის მაგივრად დაგვხვდა ეს:

pinkw

შემდეგ აგვიხსნეს,აქაურობა ლამაზი დილის 6-7 საათზეა,როცა აღმოსავლეთიდან მზე ამოდის და მისი სხივები პირდაპირ ეცემა მოზაიკასო. დილის 6 საათზე რა გაგვაღვიძებდა,ამიტომ ნანახითა დავკმაყოფილდით.

 

Vakil Bath – უძველესი საზოგადოებრივი აბანოა,რომელიც ქარიმ ხანის მეფობის დროს სამეფო უბნის ნაწილს წარმოადგენდა ვაქილის ბაზართან და ვაქილის მეჩეთთან ერთად. ჩემი აბანობისადმი  აუხსნელი ზიზღის გამო, არ გვისარგებლია და მხოლოდ შეთვალიერებას დავჯერდით

.bath

qavam houseძებნისას დავიკარგეთ და ერთ ქუჩაზე მესამედ რომ ავიარ-ჩავიარეთ დაბნეული სახეებით,კაცი მოგვიახლოვდა ბავშვით. თქვენი შეწუხება არ მინდა ,მაგრამ უკვე იმდენჯერ დაგინახეთ ამ ქუჩაზე  და თან ისეთი სასოწარკვეთილი სახეები გაქვთ ,აშკარად დახმარება გჭირდებათო,-კაცმა. სუფთა ინგლისურით საუბრობდა ,ხელში რაღაც ნახაზები ეჭირა. მუჰამედი მქვიაო ,ავეჯის დიზაინერი ვარ ,ეს ჩემი ძმიშვილიაო-ბავშვი გაგვაცნო.ასეთი ინგლისურის მცოდნე ხელიდან გასაშვები არ იყო და ჩვენც აბსოლუტურად ყველაფერი გამოვკითხეთ-თუ იყო ქალაქში საკარვე პარკი,იაფი ჰოსთელი ,საიდან გადიოდა ტრანსპორტი პერსეპოლისში,რა მანძილი იყო იქამდე .მოვუყევით,რა გვქონდა ნანახი იმ დროისთვის და ვკითხეთ,რის ნახვას გვირჩევდა თვითონ.

მოგვიანებით მუჰამედი მეორედ შეგვხვდა. მის სახელოსნოსთან ჩავიარეთ შემთხვევით. შეგვიპატიჟა,თავის მოგზაურობებზე მოგვიყვა-მთელი ევროპა ჰქონდა მოვლილი.საქართველოშიც იყო ნამყოფი -ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა და კიდევ ვაპირებ ჩამოსვლას ,მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია თქვენი,როგორ უშვებთ,რომ ქალებმა მთელი დღე იმუშავოთ და თქვენმა  ქმრებმა მთელი  ეს დრო ტოტალიზატორში თამაშში გაატარონო.რას ვეტყოდი,შემრცხვა. მერე პირობა დამადებინა ,შენ ასეთ კაცს არ გაყვე ცოლადო.დავამშვიდე- დაქორწინებას საერთოდ არ ვაპირებ-მეთქი.

შირაზი საკმაოდ დიდი ქალაქია და ძალიან უცნაური იყო,როცა სახლისკენ მიმავალი მუჰამედის პიკაპს მესამედ გადავუჭერით გზა.გვკითხა,სად გადაწყვიტეთ ღამის გათევაო .ჩვენ ჯერ ამ თემაზე ნაფიქრიც არ გვქონდა და ამიტომ თავისთან მიგვიპატიჟა: დიდ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ- 4 ძმა, ორი და ,დედა,მამა,მაგრამ თქვენთვისაც გამოინახება რამე ოთახიო  და ასე,სრულიად უცხო ადამიანს ღამის გასათევად გავყევით.

მუჰამედის დებმაც კარგად იცოდნენ ინგლისური .მარია სასტუმროების ქსელის პიარ მენეჯერი იყო,უმცროსი და -მაჰსა კი სტუდენტი.ჩვენ რომ მივედით ორივე ახალი მოსული იყო სპორტდარბაზიდან და მუსიკის გაკვეთილზე გასაქცევად ემზადებოდნენ – ერთი ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა და მეორე-პიანინოზე.

chai

უცნაურია ,მაგრამ მიუხედაავდ იმისა,რომ ყველა და -ძმის ასაკი (მაჰსას გარდა) 27-ს ცდებოდა,დაოჯახებული მხოლოდ ერთი იყო. მუჰამედმა ახლახან დავშორდი ჩემს გერმანელ გელფრენდს და ახლა ისევ მეორე ნახევრის ძებნაში ვარ,საქართველოში რომ ჩამოვალ გამაცანი ვინმეო . ხოდა,ვინმე გათხოვების მსურველი 30-35 წლის გოგო თუ კითხულობთ ამას ,მოწერა არ მოგერიდოთ,კარგ,ევროპული ფასეულობების კაცს გირიგებთ : ))

დავინტერესდი,ამდენს როგორ მოგზაურობ-მეთქი.ველომბრბოლელი ვარ,თან ყველა ქვეყნიდან,სადაც ვიყავი მოწვევა მქონდა ,თორემ ისე ირანელისთვის რთულია ქვეყნიდან გასვლაო.საზღვარზე პრობლემები არა,მაგრამ „ხუმრობით“ ნათქვამი „ემანდ ბომბი ხომ არ გიდევს ჩანთაში“  ყოველთვის არის  და ამაზე ძალიან ვბრაზდებიო. უხაროდა, რომ ჩვენ სტერეოტიპულად არ ვაზროვნებთ და ირანის მსოფლიოში ასე ნეგატიურად გაშუქების მიუხედავად ,მაინც წამოვედით,ჩვენი თვალით რომ გვენახა , რა ხდებოდა აქ. .

წვერი ქონდა გასაპარსი და მეთქი ბარემ დაიტოვე  და ლამბერსექსუალით შეიკრიჭეთქო.ხომ არ გაგიჟდი,მასეთი წვერის ტარების ფუფუნება ირანელ კაცს სად მაქვს ,საზღვარზე ეგრევე ტერორისტად ჩამთვლიანო-მომიგო.

პერსეპოლისი

დილაუთენია მარიამ გაგვაღვიძა : გადავწყვიტეთ პერსეპოლისში მე,მაჰრა  და დედაც წამოგყვეთ.ჩაიცვით, აშკანი უკვე გველოდებაო.

აშკანი   მარიას ყოფილი მოსწავლე აღმოჩნდა -ინგლისურში ამეცადინებდა და ახლა საუკეთესო მეგობრები იყვნენ.

ძალიან მხიარულად ვიმგზავრეთ-ლანა დელ რეის სიმღერების თანხლებით,რომელსაც მარია და ეს ბიჭი ხმამაღლა ყვებოდნენ .შემდეგ გზაში მომხიბვლელი აქლემები შემოგვხვდნენ,ცოტა მათთან ერთად გავისეირნეთ  და პერსეპოლისის შესასვლელთან საპიკნიკედ დავსხედით. ჩვენ აქ დაგელოდებით, თქვენ შედით,დათვალიერეთო და სამი საათით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

მე და მარიამი რისი ქართველები ვიქნებოდით,წესები რომ არ დაგვერღვია და ეგრევე აკრძალულ ტერიტოტიაზე შევქანდით სურათების გადასაღებად. მეთვალყურემ რას აკეთებთო და აკრძალვის აბრაზე მიგვითითა.მე უცოდველი სახით ჩემი სათვალისკენ მივუთითე – ვერ გავარჩიე რა ეწერათქო.მოლბა J შემდეგ აქაურობაზე რა ინფორმაცია გაქვსო-მკითხა. ბევრი არაფერი-მეთქი და მაშინ თქვენი გიდი ვიქნებიო.არაჩვეულებრივი გიდი აღმოჩნდა.მისი მეშვეობით გავიგე,რომპერსეპოლისი, იგივე სპარსელთა ქალაქი დარიოს I-მადაარსა  და აქემენიდების სამეფოქალაქს წარმოადგენდა. აქ ხდებოდა მეფეთა კურთხევა და დაკრძალვა. უბრალო მოკვდავებს შესვლა ეკრძალებოდათ.

პერსეპოლისის არქიტექტურული კომპლექსი  ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და  დასრულებული ნაგებობისგან შედგება,რომლებიც სხვადასხვა მმართველების მიერაა აშენებული.  ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებად  შეიძლება ჩაითვალოს: საპარადო კიბე, ქსერქსეს ჭიშკარი,აპადანა, დარიოსის სასახლე, ასსვეტიანი დარბაზი,მოკლედ,ყველაფერი,რაც ამ ტერიტორიაზეა.

ტერასაზე, სადაც პერსეპოლისის მთელი კომპლექსია განლაგებული ადის ე. წ. საპარადო კიბეები. საპარადო კიბეების ავლის შემდეგ იშლება უზარმაზარი ტერასა სხვადასხვა ზომის  ნანგრევებით. პირველი,რისკენაც გზა მიემართებოდა დასავლეთის მხრიდან ქსერქსეს ჭიშკარი იყო,რომელიც   „ყველა ერის ჭიშკრის“ სახელითაა ცნობილი. როგორც ნაგიმ გვითხრა,  მხოლოდ ამ ჭიშკრის გავლით მიემართებოდნენ აქემენიან ბრძანებლებთან დამოჩილებული ქვეყნების წარმომადგენლები.

esa

ქსერქსეს ჭიშკრის აღმოსავლეთით, სვეტებიანი ნაგებობის ნანგრევებია, ამ ადგილას ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზული და მაღალი სასახლე- აპადანა იდგა.აპადანას თავისი მაშტაბურობით,დახვეწილობითა და მონუმენტურობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მთელ კომპლექსში.

ბარელიეფებზე ასახულია მოხარკეთა პროცესიები, აქემენიანთა ლაშქრის ძლიერება- სპარსელ და მიდიელ გვარდიათა პროცესიები, სამეფო ხელისუფლების სიდიადე- ტახტზე მჯდომი დარიოს პირველის გამოსახულება, სამეფო ხელისუფლების ღვთაებრიობა- მეფის შეჭიდება ბოროტების სიმბოლოებთან- ურჩხულებთან. აღსანიშნავია,რომ აქ ყველა ცხოველს (თუკი ზვარაკის შეწირვის სურათებს არ ჩავთვლით) თავისი იდეური დანიშნულება აქვს-ზოგი გამარჯვებას ასახავს,ზოგი სიწმინდეს,ზოგი ღვთაებრიობას და ზოგიც უბედურებას.

bar

აპადანას აღმოსავლეთით ქსერქსეს ხამარმხანის ნანგრევებია. ახლა  მის ტერიტორიაზე პერსეპოლისის მუზეუმი მდებარეობს.

ნეგი აღფრთოვანებით საუბრობდა დარიოს პირველზე,მის მიერ გატარებულ რეფორმებზე, მის ლიბერალურ პოლიტიკაზე,აი,ქსერქსეზე კი სრულიად სხვა წარმოდგენა ქონდა. ტერიტორიის მოტარების შემდეგ,თავის სოფელში დაგვპატიჟა -ნათესავის ქორწილიაო. წასვლა ძალიან გვინდოდა,მაგრამ მუჰამედის ოჯახის მოგვერიდა და თავაზიანად დავემშვიდობეთ.

ცოტა ხნის შემდეგ, რაღაც გამოქვაბული დავინახეთ მოშორებით.მივედით,სელფები გადავიღეთ და ამ დროს მწყემსმა (? )  ჩამოიარა სიმღერ-სიმღერით. მოგვიახლოვდა,წყალი შემოგვთავაზა. დავლიეთ და დაგვემშვიდობა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ პოლიციელები დაგვადგნენ თავს. სასწრაფოდ ჩანთები გვიჩვენეთ,იმ კაცმა რა მოგცათ,აღიარეთო. ხუთწუთიანი ჩხრეკვის შემდეგ დაგვემშვიდობნენ, ეტყობა რაღაც შეგვეშალაო. ჩვენ დაგვტოვეს სახტად დარჩენილები.

პერსეპოლისიდან დაბრუნებულებს გვიანობამდე გათიშულებს გვეძინა ,საღამოს კი მუჰამედმა ოჯახის მეგობარს თხოვა ,ქალაქის დარჩენილი ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინა ჩვენთვის (თვითონ არ ეცალა).

ბაზარგანს სიმწვანე და დასასვენებელი ადგილები უყვარდა,ამიტომ ჯერ Eram garden-ში წაგვიყვანა ,სადაც შესვლა,როგორც ყველგან ხუთი დოლარის ფარგლებში ღირდა და კიდევ კარგი თვითონ დაგვპატიჟა ,თორემ ყვავილების დათვალიერებაში ამ თანხის გადახდას არცერთი არ ვაპატიებდით ,შემდეგ კი Tomb of hafez-ში წავედით.

tomb

შესასვლელში უამრავი თუთიყუშიანი კაცი იდგა  და  რაღაცა ,,ბორია გადაეტ,ბორია გადაეეტ-ის “ მსგავსს ყვიროდნენ თავიანთ ენაზე . არ მინდა-მეთქი ამაოდ ვიძახდი,მაინც შემომაჩეჩეს ეს ფურცელი და ვინმემ სპარსული თუ იცით,იქნება ახლა მაინც მითარგმნოთ 🙂

CHIT

ბოლოს ბაზარში წავედით,საიდანაც ზარათუშთრას ბრელოკებითა და ტკბილეულით დაზვინულები დავბრუნდით (ირანში ერთადერთი იაფი -ტკბილეულია.სხვა ყველაფერი ქართულ ფასებზე ბევრად ძვირია).

ირანელი პეროები

მომდევნო დილას აცრემლიანებულები დავემშვიდობეთ მუჰამედის ოჯახს და უკან,თბილისისკენ დავადექით გზას,თუმცა სახლამდე შორი იყო – 2100 კილომეტრი.

დიდი ვაჭრობის შემდეგ ,ტაბრიზამდე ბილეთი 20-ის მაგივრად 15 დოლარად ვიყიდეთ, 20 საათი ვიმგზავრეთ და ქალაქში ჩასულებმა იმ ქემფინგ პარკის ძებნა დავიწყეთ,სადაც უკვე ნამყოფები ვიყავით. რაღაც 5 ვარსკვლავიან სასტუმროსთან მოხვედრილები მივხვდით,რომ გზა აგვერია. ირგვლივ მეტი არავინ იყო და ამ სასტუმროდან მომავალ მოკაზმული ფარშევანგების ჯგუფს მივუახლოვდით: ეტყობოდა,რაღაც ფოე-ფოე წვეულება ახალი დამთავრებული იყო და ჩა-შანელებ-ული,ჩა-კარლლაგერფილდებ-ული,ჩა-ელისააბებ-ული სტუმრები გამომშვიდობებამდე ამ წვეულების დეტალებს არჩევდნენ.

მასეთი პარკი სულ არ გაგვიგიაო-გაიკვირვეს. რომ გაიგეს რა მიზნით ვეძებდით მოსასულიერებლები შეიქმნენ : თუ იცით,საერთოდ,რა ქვეყანაში ხართო?ესო ირანიაო,აქ ქუჩაში დღისით სიარულიც კი საშიშია,თქვენ ღამის პარკში გათევას გეგმავთო?!გაგქურდავენო,გაგაუპატიურებენო,მოგკლავენო,ნაწილ-ნაწილ გაგყიდიანო .აქ არავის ნდობა არ შეიძლებაო ,ავაზაკი ხალხიაო. მერე ,ერთმა ლაგერფილდმა თავის ჩაშანელებულ ცოლს გადაულაპარაკა,იქნებ ჩვენთან წავიყვანოთო ,იმან ხომ არ გაგიჟებულხარო და ყველა ერთად ჩამოგვეცალა.

პარკი მალევე ვიპოვეთ- პარალელურ ქუჩაზე ყოფილა. იქ პურის მცხობელებთან, ვაჭრებთან, ბანკის თანამშრომლებთან,დიასახლისებთან, მშენებლებთან ერთად გვიანობამდე ვსვამდით ჩაის,ჩილიმს ვეწეოდით და ხმამაღლა ვიცინოდით სხვადასხვა ამბავზე. მერე მათი კარვის წინ გაშლილ ხალიჩაზევე ჩამეძინა და უცნაური სიზმარი ვნახე: ძვირადღირებული თევზებით სავსე აკვარიუმი ზღვაში იყო ჩაძირული.აკვარიუმი პატარა იყო და დასვრილი. თევზები ერთმანეთს აწყდებოდნენ : აშკარად ადგილი არ ყოფნიდათ,სიბინძურე წამლავდათ,მაგრამ იქიდან მაინც არ გამოდიოდნენ. გარეთ კი თავისუფლად და ლაღად დაცურავდნენ ჩვეულებრივი თევზები…

 

დაბრუნება

დილით ტრაილერმა გაგვიჩერა-ზუსტად საზღვარზე მიდიოდა.თქვენ საით გაგიწევიათო. რომ ვუთხარით,ერევანშითქო სახე შეეცვალა.ახლავე პასპორტები მაჩვენეთო.კანკალით დავანახე პასპორტის გარეთა ყდა- Georgia რომ წაიკითხა დამშვიდდა- ავაზაკი სომხები მეგონეთო. თვითონ აზერბაიჯანელი იყო ,ალი ერქვა. გამომშვიდობებისას ბაქოში დაგვპატიჟა- აუცილებლად ჩამოვალთთქო. არ მოგვიტყუებია- მართლა ჩავალთ ,ოღონდ ძია ალი რომ ვნახოთ,არა გვგონია.

საზღვარზე შემორჩენილი ირანული ფული გადავახურდავე -თურმე,ამ ათ დღეში სულ 100 დოლარი დამიხარჯავს.

გადასვლისას ის ირანელი მესაზღვრე დავინახე ,ვიზას რომ გვთხოვდა და ირონიულად გვიღიმოდა,ოღონდ ახლა მისი ღიმილი ძალიან კეთილი მომეჩვენა.

 

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი

პასუხი

გთხოვთ დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ სახელი