ადრეატიკის ზღვის ხორვატიული მარგალიტი

პირველად ხორვატიამ, როგორც ქვეყანამ, ჩემი ყურადღება 1994 წლის ნოემბერში მიიქცია, როდესაც მისმა საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში პალერმოში იტალიის ნაკრები დაამარცხა (და მოგვიანებით პირველ ადგილზეც დაასრულა შესარჩევ ჯგუფში ასპარეზობა).  ეს შთამბეჭდავი მოვლენა იყო ჩემთვის და კიდევ უფრო დავინტერესდი ამ ქვეყნით, რომელიც იმ პერიოდში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში იყო ჩართული და სერბეთისგან გააფთრებით იცავდა თავს.  საბოლოოდ, ხორვატთა შეუპოვრობისა და სიმამაცის წყალობით ეს ბრძოლა მათი გამარჯვებით დასრულდა.

დამოუკიდებლობისთვის სერბებთან წარმოებული ომის შემდეგ (ეს ომი ჩვენთან აფხაზეთის ომის, სამოქალაქო დაპირისპირებისა და არსებული ქაოსის პარალელურად მიმდინარეობდა) ხორვატიამ სწრაფად დაიწყო განვითარება.  დღეისათვის ხორვატია მოწინავე ადგილებს იკავებს განვითარების მაჩვენებელ სხვადასხვა ინდექსში, აქვს მაღალშემოსავლიანი ეკომომიკა და არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა.  აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრის სტატუსი  ხორვატიამ გასულ წელს მიიღო.   dubrovnik-beaches

ხორვატთა გულშემატკივრად ქცევის შემდეგ, რაშიც უდავოდ დიდი გავლენა იქონია ფეხბურთმა (სხვათა შორის, ფეხბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ მოგვიანებით, 2011 წელს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დაამარცხა ხორვატია, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი), დიდი ხნის განმავლობაში აუხდენელ ოცნებად მქონდა ამ ქვეყანაში მოგზაურობა, რათა საკუთარი თვალით მენახა ყოველივე.

წლები წლებს მისდევდა, არაერთი უცხო ქვეყანა მოვიარე, არაერთხელ აღმოვჩნდი ხორვატიის სიახლოვეს, მაგრამ მისი მონახულება ვერაფრით შევძელი.1360491770_c99f09991a_o

გასული წლის მაისში მიუნხენში მომიხდა ჩასვლა ჩვენი კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლობაში.  მოხდა ისე, რომ შეხვედრებზე გავიცანით ახალგაზრდა კაცი, რომელიც ხორვატიიდან, კერძოდ კი დუბროვნიკიდან იყო ჩამოსული.  ბიზნესთან დაკავშირებული საერთო ინტერესების წყალობით დავახლოვდით და მიუნხენურ ლუდხანებში რამდენჯერმე ლაზათიანადაც გეახელით.  ბუნებრივია, ჩემს ახალ მეგობარს გავუზიარე ხორვატიისადმი მრავალი წლის მანძილზე ჩამოყალიბებული ჩემი დამოკიდებულება და უცბად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ახალგაცნობილი კოლეგისა და მეგობრის მიპატიჟებით რამდენიმე დღით ვწვეოდი დუბროვნიკს.

სასწრაფოდ დავიწყე ხვეწნა სამსახურში ხუთ დღიან გაუთვალისწინებელ შვებულებაზე (რომელიც იურიდიულად ისედაც მეკუთვნოდა) და საბოლოო ჯამში შეთანხმებასაც მივაღწიე.  მაშ ასე, დადგა დიდი ხნის სურვილის ასრულების დრო – მივემგზავრები ხორვატიაში.

ვინაიდან შენგენის გრძელვადიან მრავალჯერადი გამოყენების ვიზას ვფლობდი, ასეთ შემთხვევაში მქონდა უფლება ჩვეულებრივად შევსულიყავი ხორვატიაში.  როგორც გავარკვიე, ეს რეგულაცია 2013 წლის პირველი იანვრიდან იყო ამოქმედებული და ძალაში დარჩა ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანებამდე (2013 წლის 1 ივლისი).  სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი ახლა რა რეგულაციები მოქმედებს და არის თუ არა შესაძლებელი შენგენის გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზით ხორვატიაში მოგზაურობა მათი ნაციონალური ვიზის გარეშე (შეგახსენებთ, რომ ხორვატია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, მაგრამ არა შენგენის ზონის). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში მოქმედებს ხორვატიის საპატიო საკონსულო, რომელიც სარაჯიშვილის 4 ნომერში მდებარეობს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მათთან გადაამოწმონ თუ სად შეიძლება ამჟამად ხორვატიის ვიზის მიღება – თბილისში თუ საბერძნეთში ან უკრაინაში (ოხ, როგორ უჭირს უკრაინას ახლა) მდებარე საკონსულოში.Fort_Lovrijenac,Dubrovnik,Croatia

ბევრი რომ არ გავაგრძელო, სასწრაფოდ შევუდექი მიუნხენიდან დუბროვნიკისკენ გამგზავრების სამზადისს.  თვითმფრინავის გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალება თავიდანვე გამოირიცხა, ვინაიდან დროში ისედაც შეზღუდული ვიყავი. ამასთანავე პრობლემატური გახდა მიუნხენიდან თბილისში დასაბრუნებელი ბილეთის სხვა თარიღზე გადაცვლა და ამისთვის თითქმის ერთი მთლიანი გზის საფასური გადავიხადე, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი ხორვატიაში გამგზავრებისა, რომ დანაზოგი, რაც ბარათზე მქონდა და მაშინ დამდეგი ზაფხულისთვის ვინახავდი, თითქმის მთლიანად ამოვწურე.  ჩვენ ამ შემთხვევაში საბიუჯეტო მოგზაურობაზე არც ვსაუბრობთ.  მიუნხენიდან დუბროვნიკისკენ ორმხრივი ბილეთი priceline.com-ზე 240 დოლარად შევიძინე (ხორვატიის ავიახაზები ზაგრებში გადაჯდომით) და… მიუნხენიდან დუბროვნიკამდე გადაჯდომის ჩათვლით მგზავრობას დაახლოებით 3 საათი და 30 წუთი დასჭირდა.

ზაგრებში აეროპორტიდან აღარ გამოვსულვარ, ვინაიდან გადაჯდომის დრო ძალიან მცირე იყო (დაახლოებით 1 საათი და 20 წუთი) და პირდაპირ დუბროვნიკში შევდგი ფეხი.  ჩემი ახალგაცნობილი მეგობარი, რომელიც უკვე ვახსენე, აეროპორტში დამხვდა (მას სხვა თარიღებზე ჰქონდა ბილეთი და მიუნხენიდან 1 დღით ადრე წამოვიდა).

დუბროვნიკი – მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო, წყნარი და კეთილგანწყობილი ქალაქი
დიახ, დუბროვნიკი სწორედ რომ მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და ტურისტებისთვის სასურველი ქალაქის სტატუსით სარგებლობს.  ეს არის საოცარი ქალაქი.  ძნელია გადმოსცე ის ემოცია, რაც ამ ქალაქში ყოფნისას გეუფლება.  თითქოს ყველა პრობლემას ხარ მოწყვეტილი და მთლიანად შეიგრძნობ ბუნებისა და ხალხის სილამაზეს, სიმშვიდეს… მართალია დუბროვნიკში მოგზაურობისთვის საუკეთესო დროდ სექტემბერ-ოქტომბერი მიიჩნევა, მაგრამ არც მაისი იყო მიუღებელი.Dubrovnik(1)

აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.  მანქანით ეს გზა ჩვეულებრივი მოძრაობის პირობებში 15 წუთში დაიფარა.  ანდრია ჰერბანგის (საინტერესოა, რომ ეს ჰერბანგი ხორვატი-ებრაელი და ასევე იუგოსლავიელი კომუნისტი იყო:) ქუჩაზე, პორტთან ახლოს გავჩერდით, სადაც ჩემი მასპინძელი ოჯახთან ერთად ცხოვრობს.  გავიცანი მისი შესანიშნავი ოჯახი – მეუღლე და 2 შვილი. მათ სახლში ოთხი ღამე დავყავი და საუცხოო მასპინძლობა გამიწიეეს შორეული საქართველოს წარმომადგენელს.

დუბროვნიკი, შეიძლება ითქვას, რომ პატარა ქალაქია.  მისი მკვიდრი მოსახლეობა დაახლოებით 43 ათას კაცს შეადგენს, თუმცა ეს რაოდენობა გაცილებით იზრდება ტურისტების ხარჯზე, რომლებიც მუდმივად სტუმრობენ ამ ქალაქს.  დუბროვნიკი ადრეატიკის ზღვის სანაპიროზეა გაშენებული და ხორვატიის უკიდურეს სამხრეთ წერტილში, ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვართან მდებარეობს.

დღეისათვის დუბროვნიკი ხორვატიის ტურისტული ცენტრია, რომელიც ადრეატიკისა და მთლიანად ხმელთაშუა ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქს წარმოადგენს.  ეს არის ადგილი ელიტარული მოგზაურობისთვის.

მცირე ისტორიული ექსკურსი
ქალაქი შუა საუკუნეებშია აშენებული და მისი ისტორიული დანიშნულება საზღვაო ვაჭრობაში მონაწილეობა იყო, რასაც თავს წარმატებით ართმევდა და იყო ერთადერთი,  რომელიც კონკურენციას თვით ვენეციასაც კი უწევდა.  აქტიური ვაჭრობის წყალობით ქალაქის შემოსავალი საგრძნობლად იზრდებოდა, რაც თავის მხრივ მის სწრაფ განვითარებას უწყობდა ხელს.  დუბროვნიკი ხორტვატიული ენისა და ლიტერატურის განვითარების ერთ-ერთ ცენტრსაც წარმოადგენდა.

ღირსშესანიშნაობები
დუბროვნიკის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა მისი ძველი ნაწილი, ანუ ძველი დუბროვნიკი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.  აქ მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის არის გადაადგილება ნებადართული.  აღსანიშნავია, რომ ქალაქის ეს ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-1995 წლებში მიმდინარე დამოუკიდებლობისთვის ომის დროს, როდესაც ეს ადგილები არაერთხელ დაიბომბა.  დღეს, რასაკვირველია, ყველაფერი აღდგენილია, თუმცა დაკვირვებული თვალი მაინც აღოაჩენს ომის კვალს (მაგალითად, ნატყვიარი ადგილები სახლების ქვიან ფასადზე).Onofrio's_Fountain,_Dubrovnik,_Croatia

ძველ ქალაქში არაერთი ღირსშესანიშნაობაა.  მაგალითად, გამოვარჩევდი Placa Stradun-ს, რომელიც ძველი დუბროვნიკის ცენტრალურ ქუჩას წარმოადგენს და ქალაქის ტურისტული არტერიაა, სადაც დღისა და ღამის განმავლობაში არ ჩერდება აქტიური ცხოვრება.  აქ შეგიძლიათ ვიწრო და ულამაზეს ერთმანეთის პარალელურად მდებარე ქუჩებზე ისეირნოთ, ეწვიოთ ქუჩის პირას გახსნილ რესტორნებსა და კაფეებს, შეიძინოთ სუვენირები და სხვა.

ძველი დუბროვნიკი შემორტყმულია გალავნით (დაახლოებით ისე, როგორც ჩვენი სიღნაღი).  თუ ოდესმე ამ ქალაქში მოხვდებით, აუცილებლად ადით ამ გალავნებზე განთავსებულ ქონგურებზე, რომლებიდანაც კამკამა ზღვის შესანიშნავი ხედები იშლება.

სანაპირო
ცალკე აღნიშვნის ღირსია დუბროვნიკის სანაპირო ზოლი.  აქ დაგხვდებათ ადრეატიკის ზღვის ულამაზესი სანაპირო ქვიშიანი პლაჟით და შესანიშნავი გამწვანებით, სადაც შეძლებთ მიიღოთ როგოც მზის აბაზანები, ისე მცხუნვარე მზისგან დაიცვათ თავი და ხეების ჩრდილს შეეფაროთ.  პლაჟებიდან რეკომენდაციას გავუწევდი ლაპადის სანაპიროს (Lapad Beach).  ეს არის კარგად მოვლილი, სუფთა პლაჟი, დასერილი სასეირნო ბილიკებით და დატვირთული არაერთი ბარითა და კაფით.
მუზეუმები
დუბროვნიკში მრავლადაა მუზეუმები და სხვადასხვა დროს აშენებული ტაძრები.  ტურისტი, ბუნებრივია, მათ მიმართაც ვერ დარჩება გულგრილი (მუზეუმებში შესვლა საკმაოდ იაფია თუ რამდენიმე მათგანს ერთი დღის განმავლობაში ეწვევით – დაახლოებით 70 ხორვატიული კუნა, რაც 9 ევრომდეა).  გამოვყოფდი ეთნოგრაფიულ და საზღვაო მუზეუმებს.east-west-beach-dubrovnik-6cd20331f66e71c48240c437fef1bac8

კვება, რესტორნები, კლუბები
რესტორნების დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული ძველ ქალაქში.  შეხვდებით სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს, თუმცა იგრძნობა ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძების სიმრავლე.  საკვები ძვირი არაა.  მრავლად ნახავთ რესტორანსა თუ ტავერნას, სადაც 150-200 კუნად (19-25 ევრო) შესანიშნავად დაპურდებით.  ყველაზე ძვირი რესტორანი, რომელსაც დუბროვნიკში ყოფნისას ვეწვიე, იყო ძველ ქალაქში მდებარე ფრანგული სამზარეულო, ფრანგულივე ღვინითა და შესანიშნავი ხედებით, რომლებიც დუბროვნიკის ყურეს გადაჰყურებს და წარმოუდგენელი სილამაზეა როგორც ღამით, ისე დღისით.  ამ რესტორანში ერთი ადამიანის შესვლა დაალოებით 700 კუნა ჯდება, რაც 90 ევროა.  ალკოჰოლის მოყვარულებს ვურჩევ გასინჯონ ადგილობრივი წარმოების სასმელი rakija, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს სასმელი საკმაოდ მაგარია.DubrovnikDSC00158როგორც ყველა ზღვისპირა ქალაქში, აქაც მრავლადაა ღამის კლუბები და ბარები, სადაც მთელი ღამის განმავლობაში შეიძლება გართობა.  კლუბები ძირითადად სანაპირო ზოლის სიახლოვესაა განთავსებული.

სასტუმროები
ამ მიმართულებით ბევრს ვერაფერს მოგიყვებით, ვინაიდან სასტუმროში არ გავჩერებულვარ.  ისე კი, რა თქმა უნდა, მრავლად არის სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო.  მე, მაგალითად, თვალში მომხვდა ნაცნობი ბრენდი Radisson Blu.

დუბროვნიკის პორტი
ეს არის ულამაზესი სანახაობა.  დუბროვნიკი ხმელთაშუა ზღვის საკრუიზო მიმართულებების მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს.  პორტი ძველი ქალაქის ცენტრიდან 2 კილომეტრში მდებარეობს და მას Gruž პორტი ეწოდება.  აქ ხშირად შემოდიან საკრუიზო ხომალდები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გარშემო მოგზაურობენ.  დუბროვნიკიდან ასევე შეგიძლიათ აიღოთ ბორანი და გაემგზავროთ იტალიაში (კერძოდ კი ქალაქ ბარიში), თუმცა ეს საშუალება არ გამომიყენებია და ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ.dubrovnik-Roof-top-panorama

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის…
ვერ ჩავჯექი რუსთველისეულ შეგონებაში.  მოკლედ თქმა ნანდვილად არ გამომივიდა, თუმცა ვეცადე დეტალურად გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები და რაღაცნაირად ჩემთან ერთად თქვენც გემოგზაურათ.  დუბროვნიკი საოცარი სილამაზის ქალაქია.  თუ ოდესმე გადაწყვეტთ ამ ქალაქში მოგზაურობას (გახსოვთ, რომ ამ ქალაქში სულ რაღაც 18-19 წლის წინ ომი მძვინვარებდა?) იცოდეთ, რომ თქვენ ეწვევით მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო  ქალაქს, შესანიშნავი ბუნებითა და პეიზაჟებით, უმაღლეს დონეზე გამართული ინფრასტრუქტურითა და საოცრად კეთილგანწყობილი ხალხით.dubrovnik 2011

მოამზადა ზურაბ ჯორჯაძემ

 

[divider]

თუ მოგწონთ ჩვენი სტატიები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ნიუსლეთერი:

[wysija_form id=”1″]

დატოვე კომენტარი

კომენტარი