582035242 53bafff63e b

მინსკში როგორც კი მოხვდებით, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ხშირად გეცემათ თვალში წარწერა – მინსკი, გმირი ქალაქი. ასევე ხშირია საბჭოთა კავშირის დროინდელი სიმბოლიკა: ნამგალი და ურო, წითელი ვარსკვლავები, მუდმივი ცეცხლი… შუა ხნის ასაკის ადამიანს ბავშვობა გაახსენდება.
თუმცა, პირადად ჩემთვის პირველი, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იყო საოცრად სუფთა ქუჩები. მართლაც, რომ გმირისთვის საკადრისი სისუფთავით გამოირჩევა მთელი ქალაქი.lady_minsk

მეორე დიდი შთაბეჭდილება გაუფასურებულმა ვალუტამ მოახდინა. 100 აშშ დოლარის სანაცვლოდ თითქმის ერთი მილიონი ბელორუსული რუბლი მივიღე. მრავალნულიანმა ბანკნოტებმა ძალიან დამაბნია… ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ სამ დღეში რამდენიმე მილიონი დავხარჯე. მიუხედავად ამისა, კვების და ტრანსპორტირების ხარჯები არც თუ დიდად განსხვავდება თბილისისგან.
რაც შეეხება ქალაქს, ცენტრალური გამზირის (Вуліца Леніна) და ძველი ქალაქის გარდა, ძირითადად ყველა მაღალი შენობა ერთმანეთს გავს.1

ქუჩაში ყველა საქმიანად და მოწესრიგებულად მოძრაობს (უმუშევრობა თითქმის არ არსებობს ამ ქვეყანაში).  ჩემი შეფასებით, ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ დისციპლინა უპირველესი ღირებულებაა მინსკის მცხოვრებთათვის.  საღამოს ქუჩაში ცოტა ხალხია, თუმცა აშკარად დაცულად ვგრძნობდი თავს უკაცრიელ ქუჩებშიც კი.

დღისით ცენტრალურ ქუჩებში უამრავი ხალხი მოძრაობს.  წესრიგი ყველგან და ყოველთვის შესამჩნევია, მაგრამ ასეთ იდეალურ წესრიგშიც კი შეიძლება წააწყდეთ გამონაკლისს და თქვენდა გასაოცრად დღისით, მზისით, შუქნიშანთან მდგარმა მოულოდნელად ჩქმეტა იგრძნოთ უკანალზე… რა თქმა უნდა, თუ ქალბატონი ბრძანდებით (ალბათ, მამაკაცებს ნაკლებად შეაწუხებთ ეს საკითხი).

ძალიან ლამაზია ძველი ქალაქი:2

ასევე ლენინის გამზირი:3

ქალაქში ბევრი საინტერესო კაფე და რესტორანია.  ყველაზე მეტად მომეწონა „მომღერალი შადრევნები“ (поющие фонтаны), სადაც აუცილებლად წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ადგილი, რომ უგემრიელესი იტალიური სამზარეულო დააგემოვნოთ და დატკბეთ ცოცხალი მუსიკით (ჯაზი, კლასიკა).  ადგილობრივი სამზარეულოს კერძები შეგიძლიათ მიირთვათ რესტორანში „Васильки“, სადაც ასევე ძალიან სასიამოვნო გარემოა და საინტერესო ინტერიერი.  კერძებში ჭარბობს სხვადასხვა სახეობის კარტოფილი.  ასევე გემრიელია ადგილობრივი ლუდი.4

სატრანსპორტო საშუალებებიდან ფართოდ გამოიყენება ტრამვაი. ასევე მრავლადაა ტაქსები, მაგრამ მათ ქუჩაში ხელის დაქნევით ვერ გააჩერებთ.  აუცილებლად უნდა დარეკოთ და გამოიძახოთ ან მიაკითხოთ ტაქსის გაჩერების ადგილებზე.  ყველა ტაქსს აქვს მრიცხველი და, მოთხოვნის შემთხვევაში, აუცილებლად მოგცემენ მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

მესამე და ჯერჯერობით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ტაქსის მძღოლმა, რომელსაც ტაქსი აღჭურვილი ჰქონდა wi-fi ინტერნეტით და ტაბლეტით, რომლის წყალობითაც დიდ დისტანციებზე მგზავრობა სახალისო და გასართობ საქმიანობად იქცა.

თუ შოპინგის მოყვარული ხართ, იმედი გაგიცრუვდებათ.  სავაჭრო ცენტრების სიმრავლის მიუხედავად, ხეირიანს ვერაფერს იპოვით. ან იპოვით, მაგრამ ისედაც მრავალ ნულს იმდენად ბევრი ნული ექნება მიმატებული, რომ ვალუტის კურსის გაყოფა/გამრავლებაში შეიძლება სულ ბოლომდე აგებნათ თავ-გზა. ერთადერთი, რამაც თბილისში არსებული დეფიციტი შემივსო, იყო ტყავის ხელთათმანების ფართო არჩევანი. ნებისმიერი ფერის, ფორმისა და ზომის ხელთათმანი შეგიძლიათ შეარჩიოთ. ასევე მრავლადაა ბეწვის ქუდი…

მოგწონს პოსტი? შემოგვიერთდი!

თავს ისე იგრძნობთ, როგორც სახლში, როდესაც Belarusky Narodny Bank-ის სტაფილოსფერ ბანკომატებს დანახვთ, რომლებზეც საქართველოს ბანკის ლოგოა გამოსახული. სხვათა შორის, მიუხედავად ვალუტის გამცვლელი პუნქტების სიმრავლისა, მათ წინ ყოველთვის დიდი რიგი დგას. ამის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, უბრალოდ დიდ დროს მოითხოვს ამ „მილიონების“ დათვლა.

ცენტრალური, ფართო ქუჩებიდან თუ გადაუხვევთ, ძალიან საინტერესო ადგილებს წააწყდებით. ვიწრო ქუჩები ძველი, დაბალი შენობებითა და საინტერესო დაწესებულებებით, როგორიცაა, მაგალითად, მინსკის პროკურატურა, ან კაფე „გრიპი“.5

ხალხი ძირითადად კონტაქტური და მეგობრულია. მთავარია ინიციატივა გამოიჩინო და ლაპარაკი წამოიწყო. როდესაც იგებდნენ, რომ ქართველი ვარ, პირველი იმას მეკითხებოდნენ, თბილისში სიწყნარე თუ არისო.
6   7

ქუჩაში თუ ხალხს დააკვირდებით, ერთი-ორ განსაკუთრებით გამორჩეულად ლამაზ ქალსაც მოკრავთ თვალს (და წყალს დაალევინებთ).

ყველა ამბობს, რომ გაზაფხულზე განსაკუთრებით ლამაზია ქალაქი. ნამდვილად ღირს შემოწმება.

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი